VIDEO: "აბსურდია, რომ ბავშვები მივატოვე... მაშინ, მე დღიურ სახლებში და დაქალებთან ვრჩებოდი..." - ენი გასიევას გულწრფელი პასუხები

ენი გასიევა

გიორგი ყიფშიძის ყოფილმა ცოლმა ენი გასიევამ "პრაიმ ტაიმს" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, სადაც მეუღლესთან გაშორების შესახებ ისაუბრა. გიორგი ყიფშიძის და ენი გასიევას წყვილს რამდენიმე წლიანი ოჯახური თანაცხოვრება ჰქონდათ და ორი შვილი ჰყავთ.  გიორგი ყიფშიძის თქმით, ცოლთან დაშორების შემდეგ შვილები მასთან იზრდებიან, რის გამოც თეატრში დეკრეტის აღებაც მოუწია და მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.  ენი კი ჩვენს ინტერვიუში ამბობს, რომ ეს ინფორმაცია სიცრუეა და მას შვილები არ მიუტოვებია. მსახიობის ყოფილმა ცოლმა ოჯახის დანგრევის შემდეგ რთული პერიოდი გაიარა, არ ჰქონდა სახლი და ფაქტობრივად ქუჩაში ცხოვრება უწევდა, თუმცა ახლა პრობლემები გადალახა და მალე პირველი არტ-თერაპიის ჯგუფის მიღებას ელოდება. ენის სურს ადამიანებს ფსიქოლოგიურად დაეხმაროს და საკუთარი პროფესიით განაგრძოს მუშაობა.

 - ოჯახის დანგრევამ ძალიან დიდი ზეგავლენა და სტრესი იქონია ჩემზე. რაღაც პერიოდი დამჭირდა აზრზე მოსასვლელად. ოჯახი ჩემი და გიორგის ინიციატივით არ დანგრეულა. უბრალოდ დამძიმდა ენერგია, დაგროვდა პრობლემები და ბოლოს როგორც ბომბი ისე აფეთქდა ყველაფერი. დაახლოებით ნახევარი წელია რაც ასე თუ ისე დავლაგდი. ახლა ბევრად უკეთესად ვარ, ვიდრე ვიყავი. ბევრი პრობლემა და რთული სიტუაცია გამოვიარე. ყველაფერი რაც არ გკლავს გაძლიერებსო ნათქვამია.  

- ამბობენ, რომ ოჯახის დანგრევის შემდეგ ბავშვები მამას დაუტოვეთ...

- ყველამ იცის, ბავშვები ერთი წამითაც არ მიმიტოვებია. ეს არის სრული აბსურდი. ისედაც ნათელია ყველაფერი, როცა მე და გიორგი დავშორდით, არ მქონდა სახლი. ზუსტად ის პერიოდი იყო, როცა ბიძაჩემი და მამაჩემი სახლს იყოფნდნენ და გაყიდვა უნდოდათ. ახლა გაიყვეს და გაიყიდა სახლი. მამამ ახალი სახლი იყიდა და მასთან ერთად ვცხოვრობ. ბავშვები ხან ჩემთან არიან, ხან გიორგისთან. ხუთ წელიწადში ერთხელ შეიძლება დაგიდგეს ისეთი პერიოდი როცა სახლ-კარი არ გქონდეს და მაგ დროს მირჩევნია მამასთან იყოს ბავშვი. მაშინ მე დღიურ სახლებში და დაქალებთან ვრჩებოდი. შესაბამისად ბავშვებს ქუჩაში ვერ ვატარებდი. არ მინდა ჩემმა შვილებმა ის გამოიარონ რაც მე გამოვიარე. რადგან გიორგისთან აღარ ვცხოვრობ, ალბათ ამიტომ ფიქრობს რომ ბავშვები მივატოვე.

 - რეალურად რა ურთიერთობა გაქვთ გიორგისთან?

- ყველაფრის მიუხედავად, რაც არ უნდა გააკეთოს და ილაპარაკოს, მე და გიორგი ვართ მეგობრები. ყველა სიტუაციაში მასთან ერთად ვარ. ამას ყველა ხედავს. გიორგისაც ბევრი აქვს ჩემთვის გაკეთებული, რასაც ვერ დავუკარგავ.

 - ყოფილ მამამთილთან ზურა ყიფშიძესთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- ზურასთან და ლელასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ტოპ-ადამიანები არიან ჩემთვის გიორგის მშობლები. როცა მიჭირდა მაშინაც გვერდით მედგნენ.

- თქვენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- პირადში არანაირი სიახლე არ მაქვს. მომწონს მარტო ყოფნა, საკუთარ თავზე ვზრუნავ და განვითარებაზე ვარ ორიენტირებული. ჯერ სიახლე არ მაქვს. ახლა ჩემთვის მთავარია ბავშვები და სხვა არაფერი.

ვიდეო:გივი რაზმაძე