ვერ გამოვდივარ ცაგერში ჩატარებული დოღის ეიფორიდან

დოღი

ცაგერში დოღი გაიმართა. დოღზე მონაწილეობა 16 წლის ბიჭმაც მიიღო, ამის შესახებ გოგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

„მაინც ვერ გამოვდივარ გუშინ ცაგერში ჩატარებული დოღის ეიფორიდან. მონაწილეთა რეგისტრაციის დროს ჩემთან მოდის მომღიმარი ბიჭი, რომელსაც თექვსმეტი წელიც არ შესრულებია და მოაქვს მშობლის თანხმობის წერილი შეჯიბრებაში მონაწილეობაზე. არ ვუჯერებ და ვითხოვ მშობელთან ტელეფონით დაკავშირებას. მორიდებით, მაგრამ პირდაპირ ვეუბნები დედას მოსალოდნელი რისკის შესახებ. დედის დამაჯერებელი საუბარი მამშვიდებს, რომ ჭაბუკ პროფესიონალთან მაქვს საქმე.

ეს ბიჭი ლეჩხუმის მთიანი სოფლის საირმის მკვიდრი დემურ მეცხორაძეა ზედმეტსახელად ,,დემუკა,, . ჯგუფურ გარბენში მაკედონელივით გაიჭრა წინ, თავიდანვე ხელთ იგდო ლიდერობა და პირველი მოვიდა ფინიშზე. ფინალური გარბენის დროს გაცილებით რთულ მეტოქეებთან ოსტატურად მართა ბედაური და ღირსეულად მოიპოვა მესამე საპრიზო ადგილი. ყველა დედას ვუსურვებ ასეთ ყოჩაღ და გულად ჭაბუკს. ,,დემუკა,, ლეჩხუმის და სრულიად საქართველოს ხვალინდელი დღეა , უფალი ფარავდეს მას“,- წერს გოგი კვირიკაშვილი.

სხვა სიახლეები