VIDEO: ცნობილი ფოტოს ისტორიის ემოციური გაგრძელება - რას ჰყვება სოხუმელი გოგო, რომელიც ქართველმა აფხაზეთიდან, სვანეთის გავლით სამშვიდობოს გადმოიყვანა

ნინი ჯალიაშვილი

„პრაიმ ტაიმმა“ რამდენიმე დღის წინ ერთი ემოციური ფოტოს ამბავი გააცნო მკითხველს.  ამ ისტორიას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ფოტოზე გამოსახულია მებრძოლი, სულხან წურწუმიაა და აღბეჭდილია მომენტი, როდესაც მას აფხაზეთის ომის დროს, სვანეთის გზით გადმოჰყავს 1 წლის გოგონა, ნინი ჯალიაშვილი. ჟურნალისტმა, თამარ მოლაშვილმა ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანები მოიძია.

ნინი ჯალიაშვილი ახლა ამერიკაში ცხოვრობს. მისი თქმით, ფოტოზე გამოსახულ ჯარისკაცს დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა. 

„ამ სურათის შესახებ ბავშვობიდან მიყვებოდნენ. პატარა რომ ვიყავი უკვე ვიცოდი, რომ ამ ფოტოზე მე ვიყავი ჯარისკაცთან ერთად, იმ დღეს სოხუმიდან გავიქეცით. 

ერთხელ ერთმა ქალმა მოგვწერა - ამ სურათზე რომ ბავშვია შენ ხარ?! რამდენი ხანი გეძებდი და მგონი გიპოვეო..

სწორედ მან მითხრა, რომ ამ ჯარისკაცს სულხანი ჰქვია..

როდესაც ომი დაიწყო, ჩვენ ისე როგორც ყველა ადამიანი, გავიქეცით მთებში... მახსოვს იმ დღეს ყველანი ცეცხლთან ვიჯექით და სწორედ მაშინ შემისრულდა მე ერთი წელი..

ბაბუაჩემი შეხვდა იმ დროს ერთ ჯარისკაცს, რომელმაც უთხრა რომ მეორე დღეს გადიოდა ვერტმფრენი და ის დაგვეხმარებოდა, რომ მე ამ ვერტფრენში ჩავესვი. თუმცა, იქამდე მისასვლელი გზა ძალიან შორი იყო, დედაჩემს სიარული აღარ შეეძლო და  ამ ჯარისკაცმა ამიყვანა ხელში.  ეს მომენტი დააფიქსირა სწორედ ფოტოგრაფმა..

ამერიკაში 2004 წელს ჩამოვედი, დიდი ხანია უკვე აქ ვცხოვრობ.. დიდი ხნის მანძილზე მაინტერესებდა ვინ იყო კაცი, რომელმაც ცხოვრება მაჩუქა. მის ოჯახს დაველაპარაკე, რადგან სულხანი გარდაცვლილია. მის შვილს ვუთხარი, რომ მადლობა რომ მამაშენმა ცხოვრება მაჩუქა-მეთქი..",- ამბობს ნინა ჯალიაშვილი.