"ვდგავართ მის სახლთან და ველოდებით. "მოდის" თბილისიდან, უკვე აღარც არაფერი აწუხებს... რა საშინელება ყოფილა ამგვარი ლოდინი" - ზურა ცინქცილაძე გარდაცვლილ რეჟისორზე

zura

ბათუმელი რეჟისორი, ტელეწამყვანი, ასოცირებული პროფესორი, კინოფესტივალ "ბიაფის" დამფუძნებელი და დირექტორი - 48 წლის გიორგი გოგიბერიძე დღეს გარდაიცვალა. ქართველი ხელოვანი ბოლო ერთი წლის მანძილზე სიმსივნეს ებრძოდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მას უცხოეთიდან ჩამოტანილ მედიკამენტს უკეთებდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, წამალი დასუსტებულმა ორგანიზმმა ვერ მიიღო და გიორგი კლინიკაში გარდაიცვალა...

ამჟამად მას თბილისიდან მშობლიურ ქალაქში მიასვენებენ და როგორც ზურა ცინცქილაძე "პრაიმტაიმთან" ამბობს, გიორგის - მეგობრები, ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად, სახლთან ელოდებიან.

ზურა ცინცქილაძე: მე ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვინც ბათუმში ხელოვნების ინსტიტუტი დააფუძნა. კინოსარეჟისორო ფაკულტეტის გახსნა გვინდოდა. ვინ ისწავლისო, დაისვა კითხვა, ჯერ ხომ აქ ამის გამოცდილება არ გვაქვსო? თუმცა, კინოსარეჟისორო ფაკულტეტი, ბათუმში, გიორგის გამო გაიხსნა. 

ვმეგობრობდი ამ ახალგაზრდა ძალიან ნიჭიერ და გონიერ კაცთან. თან ჩვენ მეზობლებიც ვიყავით, გვერდიგვერდ  ვცხოვრობდით. დილაობით ყავას გეახლებოდით.  ნაღებიან ყავას მასმევდა. და ასე ყავის მოყვარულები, ვისხედით და ვსაუბრობდით მაღალ მატერიებზე...

ძალიან მტკივნეულია ეს ჩემთვის... ვდგავართ მის სახლთან და ველოდებით... მოდის თბილისიდან, უკვე აღარც არაფერი აწუხებს... რა საშინელება ყოფილა ამგვარი ლოდინი.

არც არაფერს იმჩნევდა, ვერ შეატყობდი, რამე თუ სტკიოდა და აწუხებდა. გურული იუმორით უყურებდა ყველაფერს. 

ერთადერთი უთანხმოება, რაზედაც მოგვდიოდა, ნადირობა იყო. უყვარდა და ნადირობდა, მე ამ საქმის წინააღმდეგი ვარ. ჰყვებოდა, ის მოვკალი, ის მოვინადირეო. ნუ მიყვები მაინც-მეთქი, ვაწყვეტინებდი... 

ხელოვნების უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორი იყო, კინოხელოვნებას ასწავლიდა. იყო "ბიაფის" დამფუძნებელი, ეს ფესტივალი ხომ მისი შვილი იყო. შარშან დამაჯილდოვა, "ბიაფის" ოსკარი გადმომცა. 

დოკუმენტურ ფილმს აპირებდა ყავის ისტორიაზე, თუ როგორ მოხვდა ყავა საქართველოში. ეთიოპიაში უნდა გავმგზავრებულიყავით და მოულოდნელად, შეუძლოდ გახდა. 

ჰყავს ქალიშვილი და შვილიშვილი... 

ძალიან მტკივნეულია ახლა ჩემთვის გიორგიზე წარსულში საუბარი. უზომოდ ვწუხვარ...

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

„ძალიან დიდხანს ვეძებდით მარიტას, ყველაზე მიყრუებულ სოფლებშიც კი... ერთ მშვენიერ დღეს...“ - 26 ოქტომბერი ლიკა ქავჟარაძის დაბადების დღეა

"ხომ წარმოგიდგენიათ, ციხე რომ იყო, რა სიტუაცია იქნებოდა ტაძარში?! მოვასუფთავეთ... მეტეხის ტაძარი გავრეცხეთ... განათდა..." - საოცარი ისტორია, რომელსაც მრევლი იხსენებს

"დადგება დრო და ხატი გაუჩინარდება ისეთივე იდუმალი გზით, როგორც მოვიდა..." - 26 ოქტომბერს ჩვენი ეკლესია ივერიის ღვთისმშობლის ხატს განადიდებს

„იყო უთანხმოება, ეჭვიანობა, ორივეს მხრიდან... ერთხელ სახლიდან გაიქცა მაგრამ 55 წელი გავატარეთ ერთად" - გიგა ლორთქიფანიძე 96 წლის გახდებოდა