დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
იცით, რომ მეტეხის ტაძარში წლების მანძილზე მსახურება შეჩერებული იყო, იქ თეატრი ფუნქციონირებდა. სოციალურ ქსელში, მრევლი, თამარ ჩხიკვაძე იხსენებს საოცარ ისტორიას, თუ როგორ გაასუფთავეს ახალგაზრდებმა მეტეხის ტაძარი, როდესაც ის კომუნისტებმა საქართველოს ეკლესიას დაუბრუნეს...
თამარ ჩხიკვაძე: 1988 წელი, სიონში ერთ-ერთი ქადაგების დროს გახარებული პატრიარქი გვეუბნება, რომ გადაწყდა და ეკლესიას უბრუნდება კომუნისტების მიერ წართმეული ქონების ნაწილიო, კერძოდ მონასტრები და ტაძრებიო. ხოდა გაგვეღიმა, რადგან მანამდე რამდენიმე წელი სულ ამას ამბობდა აი, ნახავთ ეკლესიას დაუბრუნდება კომუნისტების მიერ წართმეული ტაძრებიო. ბევრს ამაზე ეცინებოდა, რადგან ეს მაშინ წარმოუდგენელი ამბავი იყო.
ხოდა, მე ვარ ამის მომსწრე, ამ 45 წლის მანძილზე რამდენჯერ ახდა მისი ნათქვამი. ახლა "ოთხშაბათისტებს" (ასე გვეძახდნენ ახალგაზრდებს, ვინც უწმინდესმა შეგვკრიბა და ოთხშაბათი დღე დააწესა სხვადასხვა სახის მოწყალების საქმეების საკეთებლად. თავადაც მონაწილეობას იღებდა ჩვენთან ერთად) დაგვევალა ამ გავერანებული მონასტრების და ტაძრების დალაგება, მოწესრიგება და დავიწყეთ მოგზაურობა საპატრიარქოს ყვითელი "პაზიკით", მძღოლი იყო დიმიტრი.
პატრიარქი სანოვაგეს გვატანდა, კანფეტები და ტკბილეულიც არ ავიწყდებოდა ჩვენთვის. ბიჭებს ტანსაცმელსაც ჩუქნიდა. მამა დავითი წირვა ლოცვებს ატარებდა ამ მიტოვებულ ტაძრებში.
ყველაზე ტკბილად მაინც მეტეხის ტაძრის დალაგება მახსენდება. პირველად რომ შევედით, ვერც კი წარმოგვედგინა საიდან უნდა დაგვეწყო დალაგება, მამა დავითმა ლოცვა წაიკითხა და ინსტრუქციების გაცემა დაიწყო. ზოგი ფანჯრებზე აძვრა მაუდის ჩამოსახსნელად და გასაწმენდად. ფანჯრები რა სიმაღლეზეა, რომ მიხვალთ ტაძარში, დააკვირდით. დანარჩენები კი ნარჩენების გატანას შევუდექით.
თეატრის დეკორაციების და ფანჯრებიდან სქელი მაუდის ჩამოხსნის მერე განათდა ტაძარი (ეს იყო საოცარი კადრი. ალბათ, 200 წელი არ განათებულა ბუნებრივად ეს წმინდა ტაძარი) და კარგად გამოჩნდა ძველი ქვის კედლებზე წლების განმავლობაში დაგროვილი მტვერი.
მახსოვს, ერთ ადგილზე შემორჩენილი იყო ციხის საკანი. მეუფე ნიკოლოზი (მაშინ პაატა) მამა დავითს (ამჟამად მეუფე დანიელს) ეუბნება: მამაო, მანამდე აქ ციხე იყო, მერე თეატრი, ბევრი მტვერი-ჭუჭყია დაგროვილი და წყლით უნდა ჩამოვრეცხოთ ყველაფერიო. ახლაც მახსოვს მამა დავითის ჩაფიქრებული სახე. ვააა, გაგვიკვირდა, ტაძრის ჩამორეცხვა როგორი ამბავია. ხოდა, რა მოიფიქრეს: მოიყვანეს სახანძრო მანქანები და ფრთხილად ჭავლით ჩამორეცხეს კედლები, უამრავი ჭუჭყი წამოვიდა. ჩვენ კი ათობით ახალგაზრდა, ცოცხებით მომარჯვებულები, წყალს კარებისკენ მივმართავდით. ხომ წარმოგიდგენიათ, ციხე რომ იყო, რა სიტუაცია იქნებოდა ტაძარში. ისე სწრაფად მოვასუფთავეთ იქაურობა, რომ წვეთიც არ დარჩენილა. თან მზიანი დღე იყო და ცხელოდა. მაააშ, იცოდით, რომ მეტეხის ტაძარი გავრეცხეთ?!
იატაკზე ხალიჩა იყო დაწეპებული და მისი აფხეკა და ქვაფენილის გასუფთავება ცალკე ბრძოლის ველი იყო.
ორი დღე ვალაგებდით და მართლა საოცრება იყო, ისე მოსუფთავდა ამხელა ტაძარი. მაშინ სიონის თავმჯდომარე მარიამ ბუჩუკური იყო (შემდგომ დედა ევპრაქსია); ხოდა, უგემრიელესი ღვეზელები დააცხო და საკვებთან ერთად გამოგვიგზავნა. ბევრს, ალბათ, ახსოვს, რა გემრიელობებს აკეთებდა დედაო, უწმინდესის მთავარი დიასახლისი. უწმინდესიც მობრძანდა. გახარებული იყო, მოწესრიგებული ტაძარი რომ ნახა.
სიონიდან რამდენიმე ძველი ხატი მოაბრძანეს, მათ შორის წმ. ნიკოლოზის. საკურთხეველზე გელათის მოზაიკის ასლები დაამაგრეს. ახლაც ეს ხატებია საკურთხეველზე. შუშანიკის საფლავზე ილოცა და მერე ჩვენ სათითაოდ დაგვლოცა.
მოიტანეს დიდი ჭაღი და ახლა მის ასაწყობად შევესიეთ ახალგაზრდები. მინდა გითხრათ, რომ ახალგაზრდების დიდი ნაწილი ამჟამად მეუფეები, იღუმენიები და მღვდლები არიან. ნაწილი გარდაცვლილია: კაკალო - ასე ვეძახდით მამა გიორგი ზარზმელს; მისი უახლოესი მეგობარი მიშა, რომელიც მერე ბერად აღიკვეცა და სერაფიმე გახდა. ჩვენი მარინა ოსიშვილი... ნათელი დაადგეს მათ სულებს. მერე ანჩისხატის ტაძარიც მოვაწესრიგეთ, მერე დმანისი, მერე ხაშმი, შიომღვიმის და მარტყოფის მონასტრები და კიდევ ბევრი სხვა...
მეტეხის ტაძარი 1988 წლის 14 მაისს აკურთხეს თავიდან და ეს ფოტო ზუსტად იმ დღეს არის გადაღებული დღეგრძელობა ჩვენს პატრიარქს და გამძლეობა ჩვენს მოძღვრებს.
ასევე დაგაინტერესებთ: