უშვილობის ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც შეიძლება, უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს - ექიმის საყურადღებო რჩევა

უშვილობა

ტუბერკულოზი (TB) არის ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ბაქტერია Mycobacterium tuberculosis. ის ყველაზე ხშირად ფილტვებს აზიანებს, თუმცა შეიძლება სხეულის სხვა ორგანოებზეც გავრცელდეს.

ტუბერკულოზი ძირითადად ჰაერით ვრცელდება. როდესაც ფილტვის აქტიური ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანი ახველებს, აცემინებს ან საუბრობს, ჰაერში შეიძლება ინფექციის გამომწვევი ბაქტერიები გავრცელდეს.

ის არ გადადის:

ხელის ჩამორთმევით;
ჩახუტებით;
საერთო ჭურჭლის გამოყენებით;
ტანსაცმლით ან საკვებით.

ზოგჯერ, დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა, მისი სიმპტომებია:

ხველა, რომელიც 3 კვირაზე მეტხანს გრძელდება

ხანგრძლივი სიცხე

ღამის ოფლიანობა

წონის კლება და მადის დაკარგვა

სისუსტე და დაღლილობა

გულმკერდის ტკივილი, ზოგჯერ სისხლიანი ნახველი;

პულმონოლოგ-ფთიზიატრის, კახა ვაჭარაძის თქმით, დღეს არსებობს აბსოლუტურად ყველა ორგანოს ტუბერკულოზი, გარდა თმისა და ფრჩხილებისა. 

სწორედ ამიტომ, უშვილობის ერთ-ერთ მიზეზად ტუბერკულოზიც სახელდება. 

„ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერია ყველაზე ხშირად ფილტვებში ხვდება და მას აზიანებს. თუმცა, სისხლისა და ლიმფის საშუალებით, ის შესაძლოა ორგანიზმის სხვა სისტემებშიც გავრცელდეს, მათ შორის, საშარდე და რეპროდუქციულ სისტემებში, რასაც უროგენიტალური ტუბერკულოზი ეწოდება.

მისი მთავარი სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ დაავადება წლების განმავლობაში სრულიად შეუმჩნევლად მიმდინარეობს. პაციენტმა შეიძლება ამ ინფექციის შესახებ არაფერი იცოდეს და მხოლოდ მაშინ შეიტყოს, როდესაც უშვილობის მიზეზების სრულფასოვან გამოკვლევას იწყებს. ძირითადი სიმპტომები შეიძლება იყოს ხანგრძლივად დაბალი ტემპერატურა, საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, მადის დაქვეითება, წონაში კლება, ღამის ოფლიანობა, ზოგჯერ ყრუ ტკივილი მენჯისა და წელის არეში და შარდვის დარღვევები.

ქალების შემთხვევაში, ინფექციამ შეიძლება დააზიანოს ფალოპის მილები და საშვილოსნოს შიგნითა გარსი, რის გამოც დაორსულება რთულდება. მამაკაცებში კი ზიანდება სათესლე ჯირკვლის დანამატები, პროსტატა და სათესლე ბუშტუკების სადინრები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს სპერმატოზოიდების გადაადგილებას და დააქვეითოს რეპროდუქციული ფუნქცია.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა და დროული მკურნალობა ორგანოების დაზიანების რისკს ამცირებს, თუმცა რეპროდუქციული ფუნქციის სრულად აღდგენა ყოველთვის ვერ ხერხდება და დაზიანების ხარისხზეა დამოკიდებული.

მაგალითად, თუ ფალოპის მილები შეუქცევადადაა დაზიანებული, ინ ვიტრო განაყოფიერება დაორსულების ალტერნატიულ გზად განიხილება. მიუხედავად იმისა, რომ ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერია ძირითადად ფილტვებს აზიანებს, არის შემთხვევები, როდესაც ის ორგანიზმში ისე ხვდება, რომ ფილტვს არ აზიანებს და პირდაპირ რეპროდუქციულ სისტემაში ვლინდება. ამიტომ, უშვილობის მიზეზების კვლევისას, აუცილებელია სხვა პრობლემებთან ერთად უროგენიტალური ტუბერკულოზის დიაგნოზის გამორიცხვაც“, - განაცხადა „ნამდვილი ექიმების“ წამყვანმა, კარდიოქირურგმა ლევან ქარაზანიშვილმა.

ვრცლად ↓

   

✕