უკრაინელი ფეხმძიმე, რომელიც გიორგი ვაშაძის ოჯახმა შეიფარა, დედა გახდა

ქეთი სიჭინავა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე უკრაინაში ომის დაწყების დღიდან საომარ ზონაში მყოფი ქართველების დახმარებით აქტიურად არის დაკავებული.

პოლიტიკოსი 21 თებერვალს მეუღლესთან ერთად კიევში საქმეზე ჩაფრინდა, თუმცა, საომარი მოქმედებების გამო იქ დარჩენა მოუწიათ. ქეთი სიჭინავა სამშობლოში რამდენიმე დღეში, ბავშვებთან დაბრუნდა, გიორგი ვაშაძემ კი უკრაინაში მყოფების დახმარება განაგრძო.

სწორედ იქ გადაწყვიტა ქეთიმ 9 თვის ფეხმძიმე უკრაინელის ქალის დახმარება, რომელიც ახლა ვაშაძეების ოჯახში ცხოვრობს და თბილისში გახდა დედა.

ქეთი სიჭინავა „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურად ესაუბრა.

„ჩემს უკრაინელ სტუმარს ანასტასია ჰქვია. კიევიდან ერთად უნდა წამოვსულიყავით, მაგრამ ისე მოხდა, რომ ქალაქის სხვადასხვა ადგილას აღმოვჩნდით. მე გამოვედი, ის დარჩა.. იქიდან გამომდინარე რომ იყო ფეხმძიმედ, მისი იქ დარჩენა იყო ძალიან საშიში.

ყველანაირად ცდილობდა წამოსვლას, საზღვარს ძლივს–ძლივობით მიუახლოვდა, გადმოლახა და შემდეგ აღარ იცოდა სად წასულიყო. რა თქმა უნდა, თავიდანვე ვთხოვდი, რომ წამოსულიყო და ჩემთან ერთად ეცხოვრა. ბოლოს მიიღო გადაწყვეტილება და თბილისში ჩამოვიდა.

უკვე მეცხრე თვეში იყო და ჩაჩავას კლინიკაში მივიყვანე. მინდა მთელ „ჩაჩავას“ და ქეთი გოცირიძეს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, ყველაფერი რაც კი დასჭირდა, კვლევები, ანალიზები, მშობიარობა, უფასოდ გაგვიკეთეს, თხოვნაც არ დამჭირვებია, ქეთი დასახმარებლად მზად იყო. რამდენიმე დღის წინ დაიბადა, დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს. თავის სახლში უნდა დაბრუნება, მთელი ოჯახი იქ ჰყავს. აქ ფაქტობრივად მარტო მე ვარ..“ - ჰყვება ქეთი სიჭინავა.