პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო გერბი, მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ 1918 წლის 27 დეკემბერს.
გერბი შექმნილია საქართველოში მოღვაწე მხატვარ იოსებ შარლემანის მიერ, ივანე ჯავახიშვილის კონსულტაციით. გერბი წარმოადგენს ქართულ (მრგვალ) ფარს, რომელიც მოთავსებულია ქართულ, ორნამენიტრებულ 7-ქიმიან ვარსკვლავში.
ფარზე, დაბლა გამოსახულია შავ ფერში მთა (კავკასიონი), რომელზედაც თეთრი მხედარია აღმართული, შეყენებულ თეთრ რაშზე (წმინდა გიორგი).
თუმცა მას არ აქვს ტრადიციული შარავანდედი თავზე და ის არავის ებრძვის (მაგ. გველეშაპს) - როგორც თავისუფალი, მშვიდობიანი სახელმწიფოს სიმბოლო.
არსებულა კიდევ, „კლდეზე მიჯაჭვული ამირანის“ კომპოზიციის ვერსიაც, თუმცა მას არ გაუმარჯვია. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ნოე ჟორდანია, მაშინდელი მთავრობის თავმჯდომარე, შემდეგს იხსენებს:
„სოც.-დემ. ფრაქციაში პირველი დიდი დავა აგვიტყდა რესპუბლიკის ემბლემის შესახებ. ირ. წერეთელმა წამოაყენა მიჯაჭვული პრომეთეის ნაციონალურ ემბლემათ გამოცხადება;
მე ეს არ მომეწონა, შევედავე. მთავარი ჩემი არგუმენტი ის იყო, რომ ტყვე, შებოჭილი პრომეთეი სრულიად არ შეესაბამება აშობილ, განთავისუფლებულ ქართველ ერს.
მე წამოვაყენე ამ აზრის გამომხატველი თეთრი გიორგი, ცხენზე კოხტად შემჯდარი და ცის სივრცეში თავისუფლათ მარდათ მფრინავი. ბევრი კამათის შემდეგ გავიდა ეს წინადადება.
მისი მოწინააღმდეგენი ასაბუთებდნენ თავის აზრს იმით, რომ თეთრი გიორგი იგივე წმინდა გიორგია, ეს კრელიკალიზმია, უკან დაბრუნებაა, საკლესიო ემბლემის რესპუბლიკის ემბლემათ გამოცხადებაა და სხ.
ამათი აზრიც მივიღეთ სახეში და თეთრ გიორგის წმინდა გიორგის ყველა ნიშანი ჩამოვაშორეთ.“
საქართველოს (დემოკრატიული) რესპუბლიკის კანონის თანდართულ გერბის აღწერილობაში ვკითხულობთ:
„შვინდისფერ ადგილიანს რგვალ ფარზედ თეთრი გიორგი ოქროს ჩლიქებიან თეთრს ცხენზედ. მარჯვენა ხელში შესატევად მომარჯვებული ოქროს შუბი ვერცხლის ლახვრიანი.
ცისფერი ჯავშანი, რომელსაც აქვს ვერცხლის უჯრედები; ჯავშნის ქვეშ მიხაკის ფერი ტყავის პერანდი; სახელო და ბოლო მოსასხამისა თეთრი. მარცხენა მხარეზედ თეთრი ფარი სახიანი, შალვარი ალისფერი, ოქროს წაღები;
უნაგირის ქვეშ ვეფხვის ტყავის ყაჯვარი; უნაგირ ოქროსი და უზანგი ვერცხლისა; ღერბის თავში რვა-კუთხიანი ვერცხლის ვარსკვლავი; მის მარჯვნივ ვერცხლის მთვარე, მარცხნივ ოქროს მზე:
მთვარის და მზის აქეთ-იქით ორ-ორი რვა კუთხიანი ვერცხლის ვარსკვლავი.“
(აღწერილობა საქართველოს რესპუბლიკის ღერბისა, საქართველოს რესპუბლიკის კანონი, 1918 წლის 27 დეკემბერი)
გერბი რესპუბლიკის სიმბოლო იყო საქართველოს გასაბჭოებამდე, ხოლო შემდეგ საქართველოს მთავრობის ოფიციალური ინსიგნია ემიგრაციაში.
ვინ არის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის ავტორი, მხატვარი იოსებ ადოლფის ძე შარლემანი:
რუსი კლასიკოსი მხატვარი, ფერმწერი, სცენოგრაფი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და პროფესორი.დაიბადა ქ. სანქტ-პეტერბურგში (რუსეთი) 1880 წლის 6 აპრილს და გარდაიცვალა. 1957 წლის 31 დეკემბერს, ქ. თბილისში 77 წლის ასაკში).
დაკრძალულია:თბილისში, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, მეუღლის, მარიამ გიორგის ასული მუსხელიშვილის (დ. 1883, თბილისი — გ. 1967, იქვე) გვერდით.
შარლემანი პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა. თანამშრომლობდა ჟურნალებთან - „მირ ისკუსტვა"(Мир искусства), „აპოლონი"(Аполлон), „ლუკომორე"(Лукоморье), „სატირიკონი"(Сатирикон).
შესრულებული აქვს ილუსტრაციები - ლევ ტოლსტოის „ომი და მშვიდობა"; მეტწილად მუშაობდა გრაფიკულ ტექნიკაში, სპექტაკლების მხატვრულ გაფორმებაზე, ასევე ასრულებდა შეკვეთებს ფაიფურის საიმპერატორო ქარხნისთვის.
1917 წლიდან საცხოვრებლად გადავიდა კავკასიაში, 1918 წლიდან კი, თბილისში; იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი, სადაც ჩამოაყალიბა და1922 წლიდან, თავად ხელმძღვანელობდა გრაფიკის ფაკულტეტს;
1941 წლიდან აკადემიის პროფესორია; მან საქართველოში 40 წელი დაჰყო და ამ ხნის მანძილზე შექმნა არაერთი ნამუშევარი.
შესრულებული აქვს ქართველი მწერლების ნაწარმოებთა ილუსტრაციები, სპექტაკლების გაფორმება, გრაფიკა საქართველოს ბუნების და ცხოვრების თემებზე;
არის ავტორი როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის, ასევე საქართველოს სსრ სახელმწიფო გერბის (ე. ლანსერესთან ერთად).
რუსი კლასიკოსი მხატვარი, ფერმწერი, პროფესორი. ფრანგული წარმომავლობის რუსი მხატვარი ევგენი ევგენის ძე ლანსერე (1875-1946), 1917-1934 წლებში კავკასიაში, ძირითადად კი თბილისში მოღვაწეობდა.
1920-1934 წლებში ცხოვრობდა თბილისში, მუშაობდა ეთნოგრაფიული მუზეუმში. 1922–1934 წლებში ლანსერე თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი და ფერწერის ფაკულტეტის დეკანი იყო. ასევე, საქართველოს სსრ სახელმწიფო გერბის თანაავტორი და ასფსრ სახელმწიფო გერბის ავტორი.
მოგვიანებით (1933) მას მიენიჭა, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება.