დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
უკვე რამდენიმე კვირაა, აფრიკული წარმოშობის ულამაზესი მოდელი, მარიამ სანოგო ტელეეკრანზე აქტიურად ჩანს. სამოდელო სფეროდან მარიამმა ახალი ამპლუა მოირგო - ის სხვადასხვა არხზე, გამოშვების ბოლოს ამინდის პროგნოზს, შემდეგ კი სპორტულ სიახლეებს გვაცნობდა. ახლა ის სატელევიზიო შოუებში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პროექტის, „პრაიმ ჰაუსის“ წამყვანია.
მარიამის მშობლებმა ერთმანეთი საფრანგეთში გაიცნეს, თავადაც იქ დაიბადა. წლინახევრის იყო, როდესაც საქართველოში დაბრუნდნენ და მას შემდეგ აქ ცხოვრობს.
როგორც „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, მისთვის კანის ფერი ბარიერის შემქმნელი არასდროს ყოფილა, ქვეყნის გასაჭირი კი ისევე სტკივა, როგორც ნებისმიერ სხვას, შეიძლება უფრო მეტადაც კი.
- ბუნებრივია, საუბარს ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული შოუდან დავიწყებთ. როგორია „პრაიმ ჰაუსის“ წამყვანის ამპლუაში ყოფნა?
- სასწაული და ფანტასტიური შეგრძნებაა ნამდვილად, რადგან რეალურად, ეს პროექტი თვალსა და ხელს შუა დაიბადა და უცებ განვითარდა, ამიტომ თვალის დევნება ყოველთვის ძალიან საინტერესოა.
- ეს იყო ახალი გამოწვევა, მარტივად დათანხმდი შემოთავაზებას თუ იყოყმანე?
- ახალ გამოწვევებს ყოველთვის ძალიან დიდი ინტერესით ვხვდები, რადგან ყველანაირი სიახლე დიდი გამოცდილებაა. არანაირი ყოყმანი არ მქონია, რადგან ის ადამიანები, რომლებიც ამ პროექტზე მუშაობენ, აბსოლუტურად სანდოები და ჩემთვის მნიშვნელოვანები არიან. მე ვიცი მათი გამოცდილება, მუშაობის ხარისხი, მათთან თანამშრომლობის ბედნიერება აქამდეც მქონია, დიდი სიხარულით მივიღე ეს შემოთავაზება.
ჩემი თავიც თავიდან აღმოვაჩინე, ამიტომ მიყვარს სიახლეები. ამ პროექტმა მომცა საშუალება, რომ ჩემი თავი ახალი პროფილებით გამომევლინა.
- გადაცემა ყოველ ჯერზე ახალ რეკორდს ამყარებს. რა განცდებთანაა ეს დაკავშირებული?
- ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, დიდი სიხარული. მთელი გუნდი, რომელიც ამ პროექტზე ვმუშაობთ, რეიტინგით აღფრთოვანებულები ვართ. ძალიან გვიხარია და ვგრძნობთ, რომ მაქსიმალურად ყველა დეტალი იდეალურად უნდა იყოს, მაყურებელმა იდეალური პროექტი რომ მიიღოს.
რაც შეეხება წაგებულის გამოცხადებას, ცხადია, სასიამოვნო არ არის. ამ ადამიანებმა ძალიან ბევრი რამ გვერდით გადადეს, გამოიჩინეს დიდი გამბედაობა, რომ ამ პროექტში შემოსულიყვნენ. რა თქმა უნდა, ცოტა ადრე რომ ტოვებ და ფინალამდე ვერ აღწევ, არც ისე სასიამოვნოა, თუმცა თამაშის წესები ასეთია, მე, როგორც მის წამყვანს, ამ ვერდიქტების გახმაურება მევალება.
- პროექტში მუდმივად დაძაბულობა და კონფლიქტია. შეიძლება ამის მოგვარება?
- ათი მონაწილე დარჩა და ათივესი აბსოლუტურად მესმის. როდესაც 24 საათის განმავლობაში ერთმანეთს უყურებენ, გარკვეულ ემპათიას ყველა მათგანი განიცდის, მაგრამ თამაშის წესები ყველამ კარგად იცის და მგონი, ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. ამ გადაცემას აქვს თავისი წესები, რომლის მიხედვითაც მივდივართ. წესები გვაზღვევს იმისგან, რომ ვინმეს უსამართლოდ არ მოვექცეთ.
- თავად თუ მიიღებდით პროექტში მონაწილეობას?
ძალიან მომწონს ჩემი პოზიცია, ამ კუთხიდან უფრო... ასე რომ, ძალიან კმაყოფილი ვარ და მირჩევია მონაწილეობა იმ დოზით, რა დოზითაც ახლა ვიღებ. ესეც ძალიან დამაკმაყოფილებელი და საინტერესოა ჩემთვის. არასდროს მქონია მსგავსი გამოცდილება - 24 საათის განმავლობაში ამდენი ადამიანის ურთიერთობას ვუყურო, შემდეგ თემები უნდა გაიშალოს და ამაზე ვისაუბროთ. ეს მხარეც ძალიან საინტერესოა.
- პროექტის ერთ-ერთმა მონაწილე, როიალ გოდვინმა რასიზმე ისაუბრა. თავად თუ გქონია რამე დაბრკოლება ამ მხრივ?
- ბარიერი ჩემი კანის ფერის გამო არასდროს მქონია, თუმცა ამაზე კომენტარები ყოფილა. ჩემთვის სხვა ადამიანის აზრი, მით უფრო, ჩემს შესახებ, დაბრკოლებას არ წარმოადგენს, არ მაინტერესებს. რაც შეეხება როიალის შემთხვევას, დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ასე მოხდებოდა, არც მოულოდნელი იყო და არც გასაკვირი ჩემთვის, სამწუხაროდ... გული მწყდება, რომ ეს პრობლემა ისევ არის, რადგან როიალი არ არის პირველი ფერადკანიანი ადამიანი, რომელიც ქართულ ტელესივრცეში მოხვდა, პირველი იყო სამორი ბალდე, რომელმაც შეიძლება ითქვას, გზა მეტ-ნაკლებად გაგვიკვალა. მეც სულ ვცდილობ, რომ ამ პრობლემაზე ვისაუბრო. იმედი მაქვს, დადგება დღე, როდესაც შემდეგ თაობას, რომელიც საქართველოში იცხოვრებს, მსგავსი კომენტარების მოსმენა აღარ მოუწევს.
ქართველები ამ მხრივ წარმოვაჩენთ ხოლმე თავს და ჩემთვის ძალიან სამწუხაროა. მე ქართველი ვარ, აქ ვარ გაზრდილი. რატომღაც ყველას ჰგონია, რომ გვერდიდან ვაფასებ ამ ყველაფერს, არა. მე ვაფასებ როგორც ჩემს ერს, მე ქართველი ვარ, ისე მტკივა ერის გასაჭირი, როგორც ნებისმიერ სხვას. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ზოგჯერ სხვაზე მეტადაც კი.
- როგორია მარიამ სანოგო ეკრანს მიღმა?
- შედარებით მშვიდია. როგორც ყველა მეუბნება, ამ პროექტში მკაცრი აღმოვჩნდი, ალბათ, სიტუაციიდან გამომდინარე. სახლში ბევრად უფრო თავისუფალი ვარ, ძალიან მშვიდი ცხოვრება მაქვს, ზოგისთვის შეიძლება მოსაწყენიც.
ბევრი ძაღლი მყავს, გავაკეთე პატარა ბოსტანი. საქართველოში სოფლის მეურნეობა საკმაოდ კარგადაა განვითარებული, ამიტომ ჩემი ბოსტანი ცოტა თამამი ნათქვამია, მაგრამ ჭიას ვახარებ. მომყავს სხვადასხვა სახის მწვანილი, ბოსტნეული, ვნახოთ, როგორ მოახერხებს გახარებს, რადგან საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, რაც ხშირად არ მაქვს. ასევე, ჩემს ეზოში სხვადასხვა მცენარის კულტივაციას ვეწევი (იცინის). გამოცდილებაც მაქვს, მე და ბაბუაც ხშირად ვუვლიდით მცენარეების სხვადასხვა სახეობას. ახლა ჩემით, დამოუკიდებლად გადავწყვიტე ლავანდების მოშენება და ა.შ.