კონტრაბანდის საკითხს უნდა მტკიცებულებები, თუ ეს არ იქნება, უკრაინულმა მხარემ ბოდიში მოიხადოს - გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძე

 „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე უკრაინული დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება.

როგორც ვაშაძე ამბობს, კონტრაბანდის საკითხს უნდა მტკიცებულებები.

ვაშაძის თქმით, ამერიკის, ბრიტანეთისა და ევროკავშირის სპეცსამსახურებთან ერთად მოხდეს ტვირთების შესწავლა, რა შედის და რა გაედინება საქართველოდან რუსეთის მიმართულებით.

„ეს თუ ტყუილია, უნდა დაიხუროს მსჯელობა. ჩვენი პარტნიორი ქვეყნების სპეცსამსახურებთან ერთად უნდა მოხდეს სრულფასოვანი შესწავლა ტვირთების, რომელიც გაედინება რუსეთის მიმართულებით საქართველოს გავლით. თუ ეს ტყუილია, მძიმე ბრალდებაა და ამას შესაბამისი რეაქცია ექნება, მათ შორის ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის მხრიდანაც. კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო – ქართული სპეცსამსახურების თანამშრომლობა ევროპულ, ბრიტანულ, ამერიკულ სპეცსამსახურებთან, რათა საკითხის შესწავლა დეტალურად მოხდეს. სიცრუე თუა, მაშინ მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი განმარტება უკრაინის მხრიდან, საიდან მოვიდა ეს ინფორმაცია.

უნდა ვიცოდეთ, რომ ომის პირობებში უკრაინის სპეცსამსახურები ნამდვილად მუშაობენ ამერიკულ, ბრიტანულ და ევროპის სპეცსამსახურებთან ერთად და სანქციების გვერდის ავლას მთელი მსოფლიო ამონიტორინგებს. ამიტომ ეს საკითხი დამალული ვერ დარჩება. მიყვარს ჩემი ქვეყანა, ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ, პოლიტიკაში ვარ საქართველოში და ამიტომ, ყოველთვის სახელმწიფო ინტერესებს დავიცავ. ველოდები მტკიცებულებებს, სუს-ის მხრიდან ნაბიჯების გადადგმას, რომ დასავლური სპეცსამსახურები მოიწვიონ. ამ საკითხს უნდა გამოძიება, მტკიცებულებები. თუ ეს არ იქნება, უკრაინულმა მხარემ განცხადება უკან უნდა წაიღოს და რა თქმა უნდა, ბოდიში მოიხადოს, მაგრამ ამას „ქართული ოცნების“ მხრიდან ბრტყელი განცხადებები კი არ სჭირდება, არამედ კონკრეტული ქმედებების განხორციელება და დასავლელ პარტნიორებთან ერთად ყველა ტვირთის დეტალური მონიტორინგი, – განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.