უფროსი გოგო ეუბნება ბებიას, დედიკო არ გვაკითხავსო - რა ბედი ეწევათ პოლონეთში მოკლული ქართველის შვილებს

მოკლული ქალი

ფატი-ყალიჩავა ფალიანი, რომლის 26 წლის ქალიშვილი ქმარმა პოლონეთში დანით მოკლა, შვილიშვილებზე მეურვეობის მისაღებად და ბავშვების წამოსაყვანად უკვე ჩავიდა.

„უფროსი გოგო ეუბნება ბებიას დედიკო არ გვაკითხავსო, მარტო ბიძა მოდისო. უფროსი სულ მოწყენილი არისო, შინაგანად დარდობსო. არც შეკითხვებს სვამსო",- გვითხრა მოკლული ქალის დამ ლორიტა ყალიჩავამ.

„მარტო ჩვენ ვაკითხავთ ბავშვებს, არა მგონია დედაჩემს პრობლემები შეექმნას მეურვეობაზე. ყველა გვეხმარება. დედაჩემს აქვს ბილეთი უკვე, ახლა მთავარია ბავშვებს აუღოს და ჩამოვიდნენ. ჩვენ (დები) გათხოვილები ვართ, ეკონომიკურად არ გვიჭირს და გავზრდით და მივეხმარებით დედაჩემს",- გვითხრა მან.

26 წლის როზეტა ყალიჩავა, ქმრის მიერ მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. მას სამი მცირეწლოვანი - ექვსი, ოთხი და ორი წლის შვილები დარჩა.

მკვლელობა 24 მაისს, საღამოს 10 საათისთვის, პოლონეთის ქალაქ ლოძში, როინას 50 ნომერში, ხუთსართულიანი კორპუსის მესამე სართულზე მოხდა. ამ ბინაში როზეტა ოჯახთან ერთად გასული წლის სექტემბრიდან ცხოვრობდა. ქმარი დაკავებულია.