კესარია აბრამიძის ოჯახი პირველ განცხადებას ავრცელებს
1727984940
უამინდობაა რეგიონებშიც. გზებზე შეზღუდვებია. მოქმედებს საგანგებო რეჟიმი. ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის ცალკეულ მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილების სპეციალური რეჟიმი მოქმედებს.
აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის პირველ 52 კილომეტრიან მონაკვეთზე.
ამ დროისთვის ყველაზე რთული ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის მონაკვეთია. ეს არის შიდასახელმწიფოებრივი 26 კილომეტრიანი გზა, რომელიც აკავშირებს ორ რეგიონს, მცხეთა-მთიანეთს და ქვემო ქართლს ერთმანეთთან. აქ სპეციალური ტექნიკა ამ დრომდე ვერ ახერხებს მუშაობას, რადგან ყინვასთან და თოვლთან ერთად არის დაბალი ხილვადობა.
მთელი საქართველო ებრძვის უამინდობას, დიდთოვლობას. უკვე მე-4 დღეა რაც ქვეყანაში უხვი ნალექია. რეგიონებში ცენტრალური ქუჩების, ასევე უბნების გაწმენდითი სამუშაოებისთვის ყველაზე დიდი დამაბრკოლებელი ფაქტორი დაბალი ხილვადობაა.
ფოთის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, ძლიერი ქარის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გარდა აუცელებელი შემთხვევისა, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან. განცხადება მერიის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
"თბილსერვის" ჯგუფის თანამშრომლები უკვე მე-4 დღეა უწყვეტად მუშაობენ, იყრება ტექნიკური მარილიც. დედაქალაქის მასშტაბით ყველა ცენტრალური ქუჩა გაწმენდილია და ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს.
ბოლო დღეების განმავლობაში თბილისსა და მის შემოგარენში 1000 ტონაზე მეტი ტექნიკური მარილია დაყრილი.
ყველაზე მეტი პრობლემა უამინდობამ კახეთში შექმნა. მეოთხე დღეა თელავში ლიპყინულის და უხვი ნალექის გამო მუნიციპალური ტრანსპორტი გადაადგილებას ვერ ახერხებს.