პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია გადაცემაში "წითელი სკამი" ბავშვების საინტერესო შეკითხვებს პასუხობს და საუბრობს, როგორ უნდა აღზარდოს სკოლამ და მშობელმა ბავშვი სწორად - დაიცვას უარყოფითი გამოცდილებისგან და მოარგოს მას "ვარდისფერი სათვალე", თუ რეალობას შეახედოს? ზოგადად, რა უნარებია საჭირო წარმატებისთვის:
"ჩემს კოლეგებს ვეკითხებოდი - როგორ უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს, ის ქვეყანა და წუთისოფელი დავანახოთ, როგორშიც გვინდა რომ იცხოვრონ თუ ვაჩვენოთ სამყარო ისეთი, როგორიც რეალურადაა? მგონია, რომ მეორე გზას ალტერნატივა არ აქვს. დაანახე მეორე, ოღონდ არ დაავიწყო პირველი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ შენ ბავშვს ისე გაზრდი, რომ მხოლოდ სიკეთეს დაინახავს და ვერ ნახავს, რა საშიშროება შეიძლება ელოდოს ამ სიკეთეს, მაშინ ის შეიძლება ცხოვრებამ დაჩაგროს. ჩვენ გვინდა ისეთი ბავშვები, რომ მერე ცხოვრებამ დაჩაგროს? არა, ჩვენ კონკურენტუნარიანი ბავშვები გვჭირდება. მხოლოდ განათლება საკმარისი არ არის იმისათვის, რომ ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიოს. ამას მარტო მე არ ვამბობ - ბევრი კვლევა და ჩვენი ცხოვრება ადასტურებს. მე ვიცნობ ბევრ, ჩემზე გაცილებით განათლებულ ადამიანს, რომლებსაც ცხოვრება არ და ვერ აეწყოთ. რბილად რომ ვთქვა, ისინი მთლად ბედნიერნი არ არიან.
წარმატებისთვის სამი რამაა აუცილებელი: პირველი, ეს არის განათლება, ოღონდ ის საკმარისი არ არის. მეორე, უნარები. ეს უნარებია: ნებისყოფა, შეუპოვრობა, ალგორითმის გააზრების უნარი - თუ მიზანთან რამდენი ნაბიჯით უნდა მიხვიდე, რა თანმიმდევრობით უნდა გადადგა ეს ნაბიჯები. სიჯიუტეც კი ხანდახან საჭიროა, რომ თუ გზაზე მარცხი შემოგხვდა, ყურები არ ჩამოყარო და კიდევ ერთხელ სცადო. გამარჯვებული არის ის, ვინც დამარცხდა და კიდევ ერთხელ სცადა. ეს ის უნარებია, რომელთა ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე უნდა იზრუნოს როგორც ოჯახმა, ისე სკოლამ. კარგი მასწავლებელი სამ მთავარ რამეს აკეთებს: გასწავლის საგანს, ჩამოაყალიბებს შენში იმ უნარებს, რომლებიც დავასახელე და მესამე, დაგელაპარაკება მთავარ ღირებულებებზე, რომ შენ, ყოველთვის, სადაც არ უნდა მოხვდე, სიკეთის მხარეს დადგე", - განაცხადა მურღულიამ.
გია მურღულიამ ასევე ისაუბრა, როგორი უნდა იყოს მშობლის დამოკიდებულება, როდესაც ბავშვი ყოველდღიურად სასკოლო საგნებითა თუ დამატებითი წრეებითაა გადატვირთული:
"ერთ მშვენიერ დღეს ჩემს მოსწავლეებს ვკითხე: "გაქვთ თქვენ თავისუფალი დრო იმისთვის, რომ საკუთარ თავზე დაფიქრდეთ?" მითხრეს, რომ არა. მე ისედაც ვიცოდი, რომ არ ჰქონდათ. სკოლაში გაკვეთილი 9 საათზე იწყება. შევეკითხე, რომელზე დგებოდნენ და მიპასუხეს, რომ დაახლოებით, 8 საათზე დგებიან, რომ მომზადება მოასწრონ და პირველ გაკვეთილზე არ დააგვიანონ. შემდეგ ვკითხე, რომელ საათზე ამთავრებდნენ სკოლას და მიპასუხეს, რომ დაახლოებით, 3 საათზე. მერე რაღაცა ჰობი აქვთ, ზოგს სიმღერა უყვართ, ზოგს ცეკვა, ზოგი ხატავს, ზოგი სპორტითაა დაინტერესებული. ამას, დაახლოებით, 2 საათი მიაქვს. მერე მოდიხარ სახლში. თუ გინდა, რომ მეორე დღეს ცუდი ნიშანი არ მიიღო, უნდა მოემზადო. ამას, ჩემი გათვლებით, მინიმუმ 2 საათი მაინც სჭირდება. საერთო ჯამში 8 საათი მიდის, აღარაფერს ვამბობ ჭამისთვის დროსა და ასე შემდეგ. მერე შეიძლება ტელევიზორს უყურო და დაძინების დროც მოდის. ახლა კითხვა მაქვს უფროსებთან: როცა ვითხოვთ, რომ განათლებული თაობა უნდა გვყავდეს, ამ ბავშვებმა წიგნების წაკითხვა როდის უნდა მოასწრონ? ან როდის უნდა გაისერნონ პარკში? როდის უნდა მივიდნენ მეგობართან? და რაც მთავარია, როდის აქვთ ღვთაებრივი სიზარმაცის დრო, როდესაც მარტო რჩები საკუთარ თავთან და ფიქრობ, როგორი გინდა, რომ იყო და როგორ უნდა იმოქმედო ისე, რომ იყო ისეთი, როგორიც გინდა. ამის გარეშე ადამიანის პიროვნების განვითარება საერთოდ არ ხდება. რატომ ვაკეთებთ ასე? რატომ ვართმევთ დროს ჩვენს შვილებს? იმ დროს, რომლის უკეთესად გამოყენების შემთხვევაში, ისინი გაცილებით კონკურენტუნარიანები იქნებიან 21-ე საუკუნეში - უზარმაზარი შესაძლებლობებისა და ძალიან დიდი კონკურენციის დროში. ეს კითხვა მაწვალებს და ჯერჯერობით ამაზე პასუხი არ მაქვს. ხანდახან, როდესაც ამას ვამბობ ხოლმე, მეუბნებიან, ბავშვებს სიზარმაცისკენ ნუ მოუწოდებო. ღმერთმა და კაცმაც იცის, რომ ასე არ არის, მე უბრალოდ საზოგადოებას მოვუწოდებ, რომ ჩვენს შვილებს მისცეს შესაძლებლობა და დრო, რომ მათ მეტი იფიქრონ საკუთარ თავზე, რომ ცხოვრებისთვის უკეთ მოემზადონ",- თქვა მან.
წყარო: mshoblebi. ge