თუ არ შეიყვარე და გულში არ ჩაიკარი, გამორიცხულია, „ხელი“ გაუშვა ცოდვას - რას წერს დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი

natloba

„დაკვირვებული ვარ, ჩვილის ნათლობაზე, ნათლიას ბავშვის გამორთმევის დროს აშკარად ეტყობა, აქვს თუ არა ბავშვის ჭერის გამოცდილება“ - ამის შესახებ დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი სოციალურ ქსელში წერს და მრევლს მირქმა-მიგებების დაღესასწაულს ულოცავს.

„ეს ის გამოცდილებაა, რომელიც მრავალი ღამის გატეხვით, მკლავების ტკივილით, ჩვილის რწევით და დაძინებით შეიძლება გამოიმუშაოს ადამიანმა.

და როდესაც, ესეთ გამოცდილ ადამიანს აწვდი ახალმონათლულ, დღეების ჩვილს და ის მას გულზე მიიკვრას, აშკარად გრძნობ როგორი სიფაქიზე და სიფრთხილე, ამასთან თავდაჯერებულობა და გამოცდილება ,,იკითხება" ესეთ ადამიანთან შეხებით და ნათლობასაც იმედიანად აგრძელებ...

ხვალ მირქმაა და აქაც ჩვილს მიიკრავენ გულზე, მაგრამ ,,აქ“ სულ სხვა და ბევრად მნიშვნელოვანი ,,გულზე მიკვრაა“...

თუმცა აქაც არის ბევრი საერთო და შანსიც უკლებლივ ყველას აქვს...
ვინც ,,მკლავები გაშალა“ ,,გული გაუღო“ ელოდებოდა, ემზადებოდა, ეხარებოდა ამ დღისათვის..
მას უფალი, აუცილებლად ,,მიაწვდის" საკუთარ თავს...

აქ კი, პირველზე რთული, მეორე ამოცანა იქნება, სიფრთხილე - ,,მისი“ შენარჩუნებისათვის, სიფაქიზე ,,მისი“ მოფრთხილებისათვის...რადგან ,,ჩვილი“ უფლის ,,მირქმა“ შედარებით ადვილია, ვიდრე შენარჩუნება... უფლის შეხება და შეგრძნებაც, ვიდრე მასთან ერთად ,,ზრდა“ (რწმენაში, სიყვარულში, კაცთმოყვარებაში) ისე უნდა შეეხო, რომ არ მოგინდეს ხელის გაშვება - რაც მხოლოდ ქრისტიანული აზროვნებით ხდება!

თუ არ შეიყვარე და გულში არ ჩაიკარი, გამორიცხულია, ,,ხელი“ გაუშვა ცოდვას - უფლის შეყვარების გზა კი, მხოლოდ მოყვასზე ზრუნვით და მისი მსახურებითაა შესაძლებელი!

გილოცავთ მირქმა-მიგებების დღესასწაულს!“, - წერს დეკანოზი.