პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მომღერალ ლევან კბილაშვილის მოულოდნელი გარდაცვალების ფაქტმა უკვე მეორე დღეა, რაც მთელი საქართველო შეძრა.
რა გახდა ახალგაზრდა მომღერლის გარდაცვალების მიზეზი, ამ ეტაპზე, ცნობილი არ არის, თუმცა, ვიცით, რომ კორონავირუსის გადატანის შემდეგ მას ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები ჰქონდა. ამას თან ერთვოდა მენჯის ძვლის შლა, ეს კი ოპერაციას და იმპლანტის ჩასმას საჭიროებდა.
„პრაიმტაიმი“ გარდაცვლილი მომღერლის უახლოეს მეგობარს, მუსიკოსსა და გიტარისტ დათო ლონდარიძეს ესაუბრა. მან ჩვენთან მათი ბოლო დიალოგი გაიხსენა.
დათო ლონდარიძე:
- ბოლოს ბათუმის კონცერტის სამზადისზე ვისაუბრეთ. ჩვენ რამდენიმე წლის წინ გორან გრეგოვიჩის კონცერტის პირველი სეტი გავხსენით, ამ სეტზე რაღაც პროგრამის ჩამოყალიბებაზე იყო საუბარი.
მე და ლევანი რეპერტუარსა და მუსიკაზე ხშირად ვსაუბრობდით ხოლმე. რამდენიმე კონცერტის ჩატარებას აპირებდა მოსკოვში და შემდეგ უკვე საქართველოში დაბრუნებას.
ორი დღის წინ ჰქონდა კონცერტი, რომელსაც უამრავი ადამიანი ესწრებოდა. ძალიან ბედნიერი იყო, მითხრა: - დათო, მგონი აქ უფრო მცნობს ბევრი ადამიანი, ვიდრე ჩემს ქვეყანაშიო. ვუთხარი, რომ აქაც ბევრი იცნობდა და უყვარდა. შოკირებულები ვართ.
მიდიოდა-მოდიოდა, როცა ჩამოვიდოდა, ყოველთვის ვცდილობდით, ან "აკუსტიკაში" ჩაგვეწერა ან სტუმრად გადაცემაში მოსულიყო. ჩვენ მჭიდრო და ყოველდღიური ურთიერთობა გვქონდა - ცხოვრებაშიც, მუსიკაშიც...
- როდის იყო სამშობლოში ბოლოს?
- სამშობლოში ბოლოს დაახლოებით, 1 თვის წინ იყო. ჩამოვიდა, მშობლებს სიურპრიზი გაუკეთა. მისმა ნათესავმა დაბადების დღე ყვარელში გადაიხადა, მან კი თავისი ჯგუფი ჩამოიყვანა და ამის შესახებ არც დედამ, არც მამამ, არავინ არაფერი იცოდა. იმ დღეს ძალიან კარგი დრო გავატარეთ ყვარელში. რამდენიმე დღით დარჩა, აკუსტიკაში ჩემს მეუღლესთან ერთად სიმღერა ჩავწერეთ.
ბოლოს, სამსახურში მოვიდა ჩემთან, ნახევარი საათით ვნახე და მითხრა, მივდივარო.. ეგ იყო და წავიდა, მას შემდეგ აღარც მინახავს. ასე დასრულდა ჩემი და ლევანის ამბავი.
- ატყობდით თუ არა ცვლილებას, გრძნობდა რამე განსაცდელი რომ ელოდა?
- თითქოს იგრძნობოდა, რომ რაღაცას გრძნობდა... იყო დათრგუნული, ორად გაყოფილი.. საქართველოში რომ დიდხანს გაჩერდებოდა, მერე მოსკოვში მიდიოდა. თვალებში რომ ვუყურებდი, ეს გაურკვევლობა იგრძნობოდა. ოჯახის შექმნა მინდაო, ჩემი მაგალითის გაზიარება უნდოდა.. ბედნიერი ვარ, შენ რომ გიყურებო. უნდოდა სიმშვიდე, სტაბილურობა, ამას ყოველთვის ამბობდა..