Collins-ის ლექსიკონმა წლის სიტყვა დაასახელა

წლის სიტყვა

 ინგლისური ენის ლექსიკონის Collins English Dictionary შემდგენლებმა 2025 წლის სიტყვად ვაიბ კოდინგი (vibe coding) დაასახელეს.

ვაიბ კოდინგი პროგრამირების მეთოდია, რომლის დროსაც კოდის გენერირებისთვის დიდი ენობრივი მოდელები (LLM) გამოიყენება. დეველოპერს მხოლოდ ტექსტური მოთხოვნის შედგენა სჭირდება, რომელშიც აღწერილია ამოცანა და აპლიკაციის ძირითადი ფუნქციები.

ვაიბ კოდინგის დახმარებით მომხმარებლებს პროგრამირების სრულყოფილი ცოდნის გარეშე საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა შეუძლიათ. ტერმინი გამოყენებაში ხელოვნური ინტელექტის სფეროში მოღვაწე მეცნიერმა და OpenAI-ის ერთ-ერთმა თანადამფუძნებელმა, ანდრეი კარპატიმ შემოიტანა.

„ეს არის მითითება მანქანისთვის, თუ რა გსურთ, ნაცვლად იმისა, რომ თავად იმუშაოთ კოდირებაზე. ეს არის პროგრამირება „ვაიბებით“ და არა ცვლადებით. სანამ ტექნიკური ექსპერტები კამათობენ, რევოლუციურია ეს თუ დაუფიქრებელი, ტერმინმა სილიკონის ველის საზღვრებს მიღმა მოიპოვა აღიარება, რაც ყოველდღიური ცხოვრების ყველა ასპექტში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისკენ უფრო ფართო კულტურულ ძვრას ასახავს“, - აღნიშნულია Collins English Dictionary-ის პუბლიკაციაში.

შარშან Collins English Dictionary-ს შემდგენლებმა წლის სიტყვად Brat დაასახელეს.