1789026769
ტელეფონი ძილის წინ - ერთი შეხედვით უწყინარი ჩვევა, რომელიც ძილს გვიფუჭებს
,,კიდევ ერთ ვიდეოს ვნახავ და დავიძინებ“ - ალბათ, ეს ფრაზა ბევრ ჩვენგანს უთქვამს, თუმცა ხშირად ერთი ვიდეო რამდენიმე ათეულ წუთად, ზოგჯერ კი საათადაც იქცევა.
ძილის წინ ტელეფონის გამოყენება ერთი შეხედვით უწყინარ ჩვევად ჩანს, თუმცა სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ ეკრანთან გვიანობამდე ყოფნამ შესაძლოა დაძინება გაართულოს და ძილის ხარისხზეც იმოქმედოს.
რატომ გვიფუჭებს ტელეფონი ძილს?
მობილურისა და სხვა ეკრანების სინათლე, განსაკუთრებით ლურჯი სპექტრის, ორგანიზმში მელატონინის გამოყოფას აფერხებს. მელატონინი კი ჰორმონია, რომელიც ძილ-ღვიძილის ბუნებრივი რიტმის რეგულირებაში მონაწილეობს.
საღამოს ძლიერი სინათლე ტვინს შესაძლოა „დღის რეჟიმში“ დარჩენაში შეუწყოს ხელი, რის გამოც ადამიანს დაძინება უფრო უჭირს.
მაგრამ პრობლემა მხოლოდ ეკრანის სინათლე არ არის. სოციალური ქსელების სქროლვა, შეტყობინებები, ვიდეოები და ემოციურად დატვირთული კონტენტი ტვინს აქტიურ მდგომარეობაში ამყოფებს და ძილისთვის მომზადებას კიდევ უფრო ართულებს.
რამდენი ხნით ადრე უნდა გადავდოთ ტელეფონი?
ძილის სპეციალისტები რეკომენდაციას იძლევიან, რომ ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება დაძინებამდე მინიმუმ ერთი საათით ადრე შევწყვიტოთ. ზოგიერთი რეკომენდაცია კი, განსაკუთრებით ძლიერი ეკრანის სინათლის შემთხვევაში, ორი-სამი საათით ადრე ეკრანისგან თავის არიდებას გვთავაზობს.
თუ ტელეფონის სრულად გადადება რთულია, შესაძლებელია ეკრანის სიკაშკაშის შემცირება და ღამის რეჟიმის ჩართვა, თუმცა საუკეთესო ვარიანტი მაინც ეკრანთან დროის შემცირებაა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ბავშვებისა და მოზარდებისთვის. მათთვის რეკომენდებულია ძილის წინ ეკრანებისგან თავისუფალი, მშვიდი რუტინის შექმნა.












