თბილისში, გალკინის კონცერტი, შესაძლოა, გაუქმდეს - ორგანიზატორი კომპანია განმარტებას აკეთებს

გალკინი

თბილისში გალკინის კონცერტი, შესაძლოა, აღარ ჩატარდეს. მიზეზი სპორტის სასახლეში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.  როგორც „პრაიმტაიმთან“ ღონისძიების ორგანიზატორი კომპანიის, Tickets Online GROUP -ის პიარ სამსახურის წარმომადგენელი ირაკლი კობერიძე ამბობს, მათ უარი მიიღეს სპორტის სასახლის ადმინისტრაციისგან, სადაც კონცერტი უნდა ჩატარებულიყო, მიმდინარე სარემონტო სამუშაოების მიზეზით.

„უარი არის გაცხადებული სპორტის სასახლის მიერ იმ მიზეზით, რომ უნდა ჩაატარონ სარემონტო სამუშაოები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დარბაზი საქმის კურსში იყო, რომ 15 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო კონცერტი.

ჯერჯერობით, ვერაფერს ვიტყვით, რა გადაწყდება. თავად გალკინმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, იქიდან გამომდინარე, რომ თბილისში ჩასატარებელი კონცერტი მისი ტურნეს ნაწილია. საკმაოდ გადატვირთული გრაფიკი აქვს. შეიცვლება თუ არა ლოკაცია, ამას, სამწუხაროდ, ჯერ ვერ გეტყვით.

თბილისში ამხელა დარბაზი, სადაც შესაძლებელია ჩატარდეს მსგავსი ღონისძიება, სამწუხაროდ, არ არსებობს. შესაბამისად. ალტერნატიული ადგილი არ არსებობს. სხვა ალტერნატივის შემთხვევაში, ბილეთები ძალიან უნდა გაძვირდეს, ისედაც არ ღირს იაფი.

მენეჯმენტთან უნდა შეთანხმდეს ყველაფერი. პრაქტიკულად, კონცერტი გაუქმებულია, უბრალოდ, ჯერ ოფიციალური სახე არ აქვს ამ ფაქტს მიცემული“,- ამბობს Tickets Online GROUP -ის პიარ სამსახურის წარმომადგენელი, ირაკლი კობერიძე.