სურსათის ეროვნული სააგენტო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ცალკეულ ჯგუფებს, თავი შეიკავონ ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიზანმიმართული დისკრედიტაციისგან  

სურსათის ეროვნული სააგენტო ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ეფექტიანად განხორციელებისთვის, ელექტრონული ტენდერის საშუალებით, ახორციელებს შესაბამისი აღჭურვილობის, მათ შორის ძაღლის 435 ცალი დასაჭერი ხელსაწყოს შესყიდვას.

აღნიშნულ ტენდერთან დაკავშირებით, სააგენტომ ბაზრის კვლევა (MRS მოდული MRS260013640) 2026 წლის 6 მარტს გამოაცხადა. ფასთა მოკვლევის პროცესში მონაწილეობა მიიღო ორმა კომპანიამ, აქედან ერთმა დააფიქსირა დანიური წარმოების Daninject-ის ერთ ცალი ძაღლის დასაჭერი ხელსაწყოს ფასი 1400 ლარი (სულ ღირებულება 609 000 ლარი), მეორემ გერმანული წარმოების Teledart Gmbh-ის ხელსაწყოს ერთეულის ღირებულება 1200 ლარი (სულ ღირებულება 522 000 ლარი).

ფასთა მოკვლევის დასრულების შემდგომ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონული ტენდერი (NAT260005993), შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით 436 800 ლარი, 25 მარტს გამოაცხადა. 14 აპრილს შესყიდვების ერთიანმა ელექტრონულმა სისტემამ დააფიქსირდა 95,500 ლარის ღირებულების შეთავაზება (შპს ჯგ20.26).

ამჟამად, ტენდერი არის შერჩევა-შეფასების ეტაპზე და ჯერ არ დასრულებულა. გამარჯვებული კომპანია მას შემდეგ გამოვლინდება, როცა დეტალურად იქნება შესწავლილი, რამდენად აკმაყოფილებს პრეტენდენტი ტენდერით განსაზღვრულ მოთხოვნებს. შესაბამისად, ცალკეული ჯგუფების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ბაზრის კვლევისა და არაკონკურენტუნარიანი გარემოს შექმნასთან დაკავშირებით, თითქოს ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობს, არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია. ელექტრონული ტენდერის პირობებში, პირველ ეტაპზე ფიქსირდება ყველაზე დაბალი ღირებულების შემოთავაზება. ტენდერში მონაწილე კომპანიების სრული რაოდენობის დადგენა მხოლოდ გამარჯვებული კომპანიის გამოვლენისა და ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ არის შესაძლებელი.

სააგენტო განმარტავს, რომ ელექტრონული ტენდერი ჩატარდა გამჭვირვალედ, კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების სრული დაცვით, კონკურენტულ გარემოში. სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ცალკეულ ჯგუფებს, თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციების გავრცელებისგან, რაც მიზნად ისახავს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამის დისკრედიტაციას.