"...სიტყვებს ძალა არ ჰყოფნით მონატრების გამოსახატავად, მამის კაცო" - გელა დაიაურის უფროსი ვაჟი 14 წლის გახდებოდა

gela

პოეტი გელა დაიაური თავის უფროს, გარდაცვლილ შვილს, ფეისბუქზე, დაბადების დღეს ულოცავს. 

"ვერც ერთხელ ვერ მოვახერხე ჩემი ტკივილის და მონატრების გამოხატვა სიტყვებით, იმდენად დიდი და მძიმეა ეს ყველაფერი... სიტყვებს ძალა არ ყოფნით ჩემი თქვენდამი მონატრების გამოსახატავად, მამის კაცო...

უბრალოდ, გილოცავ დაბადების დღეს. დემეტრე, შვილოო ... ალბათ, ასე აჯობებს...

დედა ღვთისა გფარავდეთ", - წერს გელა დაიაური.

2010 წელს ხევსურეთში, სოფელ მუცოსთან, დღესასწაულ ათანგენობიდან წამოსული ორი ოჯახი მანქანით მდინარეში გადავარდა და შვიდი მგზავრის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ავტოკატასტროფის დროს მდინარეში დაიხრჩვნენ გელა დაიაურის ცოლ-შვილი - თეონა ქუმსიაშვილი, 2 წლის დემეტრე და ცხრა თვის ჯარჯი. ასევე თეონას და – ნათია, ბერდია და სოფიკო არაბულები 4 თვის შვილთან, მამუკა არაბულთან ერთად.

2020 წელს გელამ "პრაიმტაიმისთვის" მიცემულ ინტერვიუში ის უბედური დღე გაიხსენა და თავის ტკივილზე ისაუბრა...

გელა დაიაური: - საბარგულში ვიჯექი, როდესაც ჩვენი მანქანა მდინარეში გადავარდა. მერე ჩემთან წყალი რომ შემოვიდა, ფეხი გაჭედილი მქონდა და ხელებზე ვიწეოდი, რომ წყლიდან თავი ზემოთ ამეწია და მესუნთქა… ჰაერი იყო დარჩენილი. მეც მკვდარი ვეგონე ყველას. სანამ სხვები ამოიყვანეს წყლიდან, დრო გავიდა. მე ბოლოს, ერთი საათით გვიან მიპოვეს. რომ მეგონა ხუთი წუთი იყო გასული, თურმე საათი ვყოფილვარ მდინარეში. ეტყობა, წყალი მთიშავდა და გონებას ვკარგავდი. მერე ამოყვანის მომენტი თითქოს მახსოვს. მერე ისევ აღარ მახსოვს არაფერი.

არავინ თქვას, დრო მკურნალიაო. ადამიანი ტკივილს ეჩვევი და ამ ტკივილთან ერთად ცხოვრებას იწყებ. ვიცი, რომ ამ ტკივილთან ერთად უნდა ვიცხოვრო და მორჩა! ამას შეგუებული ვარ…

ვშრომობ, ვაკეთებ საქმეებს. საქმე ისეთი თემაა, რომ საფიქრელად ცოტა დროს ტოვებს.

რაღაც პერიოდი მონასტერში წასვლას ვფიქრობდი. თუმცა არის შინაგანი ბრძოლები, რის გამოც ვერ წახვალ ადამიანი. მოძღვარი მანამდეც მყავდა. მონასტრეში დავდივარ ხოლმე. ლოცვა მიცვალებულებსაც სჭირდება და შენც გჭირდება, რომ იქ მოხვდე, სადაც ისინი არიან…

რა თქმა უნდა, ასეთი ტრაგედიის დროს, შინაგანად იცვლები ადამიანი. ფასეულობების გადაფასება ხდება, სხვანაირი ფიქრები გიპყრობს. ვცდილობ კარგი საქმეები ვაკეთო. ცუდი და ავი, მგონი, არც მანამდე ვყოფილვარ, მაგრამ ახლა უფრო შევიცვალე. ბევრ რამეზე დავფიქრდი.