„ბიჭებო, ჩემს გარეშე სად მიდიხართო... გზად ლამაზი სასწაულები მოხდა...“ - რა მოჰყვა მამა გაბრიელზე ფილმის გადაღებისთვის მზადებას

mama gabrieli

ნიკოლოზ ხომასურიძეს, რომელიც საზოგადოებამ გაიცნო ფილმით "ექვთიმე ღვთისკაცი", ღირსი მამა გაბრიელის ცხოვრებაზე მხატვრული ფილმის გადასაღებად, დაწყებული აქვს მზადება. მაგრამ ამ დიდი და მნიშვნელოვანი საქმის განსახორციელებლად საზოგადოების გვერდში დგომა ესაჭიროება, რაც ფინანსურ მხარდაჭერას გულისხმობს.

"როგორც "ექვთიმე" შევქმენით სახალხო მხარდაჭერით, გვინდა, რომ მამა გაბრიელზე გადაღებული ფილმიც ასევე შეიქმნას" - ამბობს რეჟისორი.

სცენარზე მუშაობა ჯერ არ დასრულება. ნიკოლოზს სურს, რომ 26 აგვისტოს, მამა გაბრიელის დაბადების დღეს, დაიწყოს ფილმის გადაღება. 

იდეას, რომ წმინდა მამაზე გადაეღო ფილმი, შემდეგი ისტორია აქვს: შარშან, მომღერალ ზურა ბაკურაძის გარდაცვალების შემდეგ შეკრებილ მის მეგობრებს შორის, იყო ანსამბლ "დარიალის" წევრი, მიშა ბასილაძე, რომელმაც პირდაპირ უთხრა ნიკოლოზ ხომასურიძეს, რომ მამა გაბრიელზე ფილმი აუცილებლად უნდა გადაეღო და თვითონაც დაეხმარებოდა. მეორე დღეს, ნიკოლოზი ფეისბუქზე მამა გაბრიელის სულიერი შვილისგან, მანანა ხორბალაძისგან იღებს იგივე შინაარსის გზავნილს - იქნებ გეფიქრა მამა გაბრიელზე ფილმის გადაღება.

ნიკოლოზ ხომასურიძე: შემდეგ უკვე ჩარგალში, ვაჟაობაზე, რუსუდან შაიშმელაშვილმა ახსენა სუფრაზე მამა გაბრიელი! უკვე მივხვდი და დავფიქრდი, რომ ეს ყველაფერი გზავნილებია. ეს ვუამბე მეუფე დანიელს, რომელმაც მითხრა, შენ მამა გაბრიელმა გამოგარჩიაო.

სანამ ასეთ მოღვაწეზე ფილმს გადაიღებ, უფრო მეტად რომ შეიგრძნო მისი ღვაწლი, ის გზა უნდა გაიარო, რაც მან.  პირველად მივედით იმ ადგილას, სადაც ცხოვრობდა ბერი გაბრიელი. 12 წლისა მივიდა წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარში, სადაც პირველად შეიცნო ღმერთი. ამ ასაკში, ამავე ტაძრიდან ფეხით ჩავიდა მცხეთის სამთავროს მონასტერში. ამ გზას რომ შევუდექით, წმინდა ბარბარეს ტაძრის წინამძღვარმა, მამა გურამ ჭარელაშვილმა გადმოგვცა მამა გაბრიელის ხატი და ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს წმინდა მამამ გვითხრა, ბიჭებო, ჩემს გარეშე სად მიდიხართო?  გზად პატარ-პატარა, ლამაზი სასწაულები მოხდა, რომელსაც ფილმის გადაღების შემდეგ მოვყვები. აშკარად ვირწმუნეთ, რომ მამა გაბრიელი ჩვენთან არის. 

გავიარეთ მის მიერ გავლილი სხვა გზებიც: შიო მღვიმეში ჩავედით. ზედაზნიდან - თბილისში. შემდეგ ვაპირებთ ბეთანიაში ჩასვლას... მსვლელობაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. 

ბერი გაბრიელი ფილმი ასე ჰქვია ჩვენს ფეისბუქგვერდს, სადაც გვერდის გამომწერებს, ამ პროექტთან დაკავშირებულ ყველა სიახლეს ვთავაზობთ. შეგიძლიათ იქვე დაგვეკონტაქტოთ.

ვისაც სურვილი გაქვთ, ამ უმნიშვნელოვანეს, კეთილ და ქართულ საქმეში შემოგვიერთდით. ღმერთი არის სიყვარული!

***საბანკო ანგარიშები (კომპანია "ნიკოლოზფილმსი" / დანიშნულება - მამა გაბრიელის ფილმის მხარდაჭერა)
*საქართველო:
#GE84BG0000000537400056

*თიბისი:
#GE88TB7470536080100011

**საერთაშორისო მხარდაჭერა საზღვარგარეთიდან:
https://gofund.me/ff2b349c