პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ძველი თბილისის ერთ-ერთ ეზოში ბებერი მეზურნეები ცხოვრობენ. შვილები ომში დაეღუპათ, შთამომავლობის გარეშე დარჩენილებს, მხოლოდ მათზე მზრუნველი, ერთგული მეუღლეები შემორჩათ. წარსულის მოგონებებით საზრდოობენ, ხან ზურნას ააკვნესებენ, ხან ბაიათებს დაამღერებენ. დარდობენ, რომ ახალგაზრდებს ტრადიციული საკრავები აღარ იზიდავს და უცხოურს ამჯობინებენ. ძველი მეგობრები, ყოველი ახალი დღის გათენებას, სევდანარევი სიხარულით ეგებებიან…
ი. სუხიშვილის სახელობის ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფიული სკოლა-სტუდიის ქორეოგრაფი, ქალთა ანსამბლ „ფრესკას“ და ანსამბლ „ლაშა-გიორგის“ ხელმძღვანელი ქ-ნი ლონდა უგულავა, პირველი ბავშვია, რომელმაც 6 წლის ასაკში ცეკვა „ჯეირანი“ შეასრულა, რასაც უდიდესი წარმატება მოყვა. იმ პერიოდში, ამ ურთულესი „როლის“ მორგებას, „დიდი“ ნინო რამიშვილის გარდა, ვერავინ შეძლებდა. მაგრამ პატარა ლონდამ, ეს შეძლო და დიდ წარმატებასაც მიაღწია. გარდა იმისა რომ ბავშვობიდან ცეკვავს, ის ორ ქართულ ფილმშია გადაღებული, მათ შორის „ბებერ მეზურნეებში“ – ლეგენდარულ მსახიობებთან ერთად. „პრაიმტაიმი“ ქ-ნ ლონდას დაუკავშირდა და ფილმში მონაწილე ბუმბერაზ მსახიობებზე ექსკლუზიურად ესაუბრა:
ორ ქართულ მხატვრულ ფილმში ვარ გადაღებული – „ბებერი მეზურნეები“ და „მოვდივართ და მოვიმღერით“. მინდა, მადლობა გადავუხადო რეჟისორებს და ფილმებში მონაწილე ყველა ადამიანს, იმ ლამაზი დღეებისთვის, რომელიც მათთან ერთად გავატარე.
– სასახლეში, ერთ-ერთი რეპეტიციის დროს, ჩემმა ქორეოგრაფმა თენგიზ სუხაშვილმა გამოგვიცხადა, ფილმს იღებენ და ყველანი რეპეტიციაზე გამოცხადდითო. როგორც მახსოვს, ფილმისთვის, ბიჭი უნდა შეერჩიათ. ვალერიან კვაჭაძემ, რატომღაც მე ამომარჩია და მითხრა, დედას დაუძახეო – გავარდი და შემოვიყვანე.
„ბებერ მეზურნეებში“ უნდა გადაგიღოთო გამომიცხადა, ხვალ 10 საათზე კინოსტუდიაში გელოდებითო. მართალია, როლისთვის ბიჭი ჭირდებოდათ, მაგრამ ეტყობა შემამჩნია, რომ „ახტაჯანა“ ვიყავი და გადაწყვიტა, რომ ამ როლისთვის გამოვდგებოდი (იცინის).
ეს ჩემი პირველი ფილმი იყო, 1974 წელს რეჟისორმა ვალერიან კვაჭაძემ გადაიღო ფილმი „ბებერი მეზურნეები“, სადაც ლეგენდარულ მსახიობებთან ერთად, მეც ვმონაწილეობ.
მართლაც სასწაული იყო, ისეთ ბუმბერაზ მსახიობებთან მოხვედრა, როგორებიც იყვნენ რამაზ ჩხიკვაძე, გურამ საღარაძის მამა გიორგი საღარაძე, ბუხუტი ზაქარიაძე, სესილია თაყაიშვილი, ვერიკო ანჯაფარიძე, ეთერ მოციქულაშვილი, გოგი ქავთარაძე, თენგიზ მაისურაძე, ზურაბ ქაფიანიძე, კოტე დაუშვილი. ფილმის გადაღებების დროს, უამრავი კურიოზი იყო.
– როგორ გექცეოდნენ გადაღებების დროს ცნობილი ლეგენდები?
– მე და ბ-ნი რამაზი (ჩხიკვაძე) „კინტაურს“ ვცეკვავთ, რომელიც ჩემმა ქორეოგრაფმა ბ-მა თენგიზ სუხაშვილმა დაგვიდგა.
სესილია, ხშირად მეუბნებოდა, მიდი და ყველა მოხუცს „დაეჯღანეო“, სულ ვფიქრობდი, ნეტავ რატომ მეუბნება ასე ეს ბებო-მეთქი. ყველა მეფერებოდა და ვერ ვხვდებოდი, რატომ უნდა გამებრაზებია მოხუცები.
– რა ასაკში გადაგიღეს მეორე ფილმში?
– ამავე წლებშია გადაღებული ანსამბლ „მზიურის“ მონაწილეობით ფილმი – „მოვდივართ და მოვიმღერით, სადაც „ჯეირანს“ ვცეკვავ. მთავარ როლებში ლეგენდარული მსახიობები კახი კავსაძე, ბორის წიფურია და სანდრო საკანდელიძე მონაწილეობენ. ფილმის დასაწყისში, „ჯადოსნური ყუთი“ იხსნება. ნამდვილი სასწაული იყო, რომ ამ ბუმბერაზ ხალხთან ერთად მოვხვდი. „პიონერთა სასახლის“ მოცეკვავეების და მომღერლების თითქმის მთელი დასია, ამ ფილმში გადაღებული, რომლის დამდგმელი რეჟისორები ქ-ნი ნელი ნანოვა და ბ-ნი გენო წულაია არიან.
ჯერ კიდევ 1972 წელი იყო, როცა სასახლეში ვცეკვავდი. ჩემმა ქორეოგრაფმა, ბ-მა ალბერტ სარქისოვმა ჯეირანი დამიდგა, რომელიც დიდი ნინო რამიშვილის შემდეგ, პირველმა შევასრულე. ჩემი პირველი დებიუტი, მთაწმინდაზე, ღია ცის ქვეშ შედგა.
მიყვარს სიმღერა, მაგრამ ცეკვა ჩემთვის სულ სხვაა. თუმცა „სინაზე“ მაკლია, უფრო ცეცხლოვანი და სახასიათო ცეკვები მიზიდავს, სულ სხვაგვარად დუღს აჭარული და ხორუმი, ბიჭების ცეკვებზე ვგიჟდები, ისე მომწონს.
ძალიან განსხვავებული და საინტერესო ბავშვობა მქონდა. ძველი თაობის წარმომადგენლებს როცა ვხვდები, ყველა ისევ ჩემ „ჯეირანს“ იხსენებს. ჩემთვის ეს უდიდესი პატივია, თითქოს, თავიდან ვიბადები!
შეგახსენებთ, რომ ფილმი „ბებერი მეზურნეები“, ძველი თბილისის უკანასკნელ მოჰიკანებზე, სამ ბებერ მეზურნეზე მოგვითხრობს, რომელიც გაყვითლებული ფოთლებივით შემორჩენიან თანამედროვე ცხოვრების ხეს, მაგრამ სრულიად შეუნარჩუნებიათ, გარდასულ დღეთა ხიბლი. ისინი წარსულის მოგონებებით არსებობენ და კაცთმოყვარეობის შესანიშნავ მაგალითებს აძლევენ გარშემო მყოფთ, რადგან ეს კატეგორიები, ყოველი დროისთვის მარადიულნი რჩებიან.