სასიხარულო ინფორმაცია - „საქართველოში კორონავირუსი რიგით რესპირაციულ ვირუსად გარდაიქმნა" - ინტერვიუ თენგიზ ცერცვაძესთან

cercvadze

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში კორონავირუსის გავრცელების ტენდენციას აფასებს და აცხადებს, რომ არსებული ვითარება რეგულაციების შემოღების აუცილებლობას არ იძლევა.

ამასთან ცერცვაძე საზოგადოებას სასიხარულო ინფორმაციას აწვდის და აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსი რიგით რესპირაციულ ვირუსად გარდაიქმნა.

- ბატონო თენგიზ, ბოლო კვირებში ქვეყანაში კორონავირუსის მაღალი რაოდენობა ფიქსირდება. როგორ აფასებთ ვირუსის გავრცელების ტენდენციას მსოფლიოსა და საქართველოში?

- ბოლო ორი-სამი კვირის განმავლობაში მთელ მსოფლიოში აღინიშნება ტენდენცია ვირუსის მატებისკენ, როგორც ახალი შემთხვევების, ისე გარდაცვალების. მსოფლიოში ახალი შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად აღწევს ერთ მილიონამდე, ხოლო გარდაცვალების შემთხვევებმა მიაღწია ორი ათასამდე, რამდენიმე დღის წინ კი გარდაცვალების რიცხვმა ორი ათასსაც გადააჭარბა. აქედან გამომდინარე, მოსაზრება, რომ ომიკრონის შტამებით გამოწვეული კოვიდ ინფექცია ძალიან მსუბუქად მიმდინარეობს და ის შეიძლება, სერიოზული ყურადღების ღირსიც არ იყოს, სწორი არ არის.

საქართველოში, დაახლოებით, ერთი თვის წინ ძალიან ცოტა იყო შემთხვევების რიცხვი, გარდაცვალების რიცხვი კი საერთოდ ნულოვანი, თუმცა ბოლო ერთი თვის მანძილზე აღინიშნება ვირუსის მატებისკენ ტენდენცია. ეს მატება არ არის ძალიან სერიოზული, დაახლოებით, 1 200-დან - 1 500-მდე შემთხვევა ფიქსირდება დღეში. გარდაცვალების მაჩვენებელი კი არის მინიმალური.

- რამდენად მიზანშეწონილი იქნება შექმნილ ვითარებაში მინიმალური შეზღუდვების დაწესება?

- მე არ ვარ მომხრე, რომ დაწესდეს სავალდებულო რეგულაციები, რადგან დღეს არ არის ჩვენთან ამის წინაპირობა. ჩემი პირადი აზრია, რომ კარგი იქნება, თუ ნებაყოფლობით ვატარებთ პირბადეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, დახურულ სივრცეებსა და ხალხმრავალ ადგილებში.

- რა შემთხვევაში დაუბრუნდება ქვეყანა შეზღუდვების პროცესს?

- ქვეყანა შეზღუდვების პროცესს დაუბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა, რაც ჯერ არ ფიქსირდება და რაც მთავარია, თუ გაიზარდა სიკვდილიანობის რაოდენობა. დღევანდელ სიტუაციაში კოვიდი პრობლემას არ ქმნის, ამიტომ სავალდებულო შეზღუდვების შემოღების აუცილებლობა არ არსებობს.

- როდის გადაივლის ქვეყანა კორონავირუსის პიკს?

- ჩემი მოსაზრებით, კორონავირუსის მაქსიმალური მატება იქნება სექტემბერში. მგონია, რომ ეს იქნება ზომიერი ტალღა და არ იქნება იმის მსგავსი, რაც გამოვიარეთ წინა ორ წელიწადში. შემთხვევების რაოდენობა იქნება ზომიერი, ხოლო გარდაცვალების - მინიმალური.

- რა სახეს მიიღებს კორონავირუსი დროთა განმავლობაში, დარჩება, როგორც ჩვეულებრივი ვირუსი?

- ტყუილია ვინც ამბობს, რომ კოვიდი საერთოდ დამთავრდა. სავარაუდოდ, პანდემია ძალიან მალე არ დამთავრდება. ის შენარჩუნდება, როგორც ერთ-ერთი რიგითი რესპირაციული ინფექცია. ჩვენთან, საქართველოში მან ასეთი სახე უკვე მიიღო. ეს, ძირითადად, განპირობებულია ჯანდაცვის სისტემის ყველა რგოლის გამართული მუშაობით და იმით, რომ სისტემა მომზადებული შეხვდა პანდემიას. შესაბამისად, საქართველოში კოვიდი მიმდინარეობს, როგორც რიგითი რესპირაციული ინფექცია. ყველაზე მნიშვნელოვანია კოვიდის დროული დაფიქსირება და  სამედიცინო დაწესებულებისადმი დროული მიმართვა.