რას ამბობს ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - შეეცვლება თუ არა ბრალდება დაკავებულს
1732276871
საქართველოში ისევე, როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, კორონავირუსი კვლავ ცირკულირებს. მიუხედავად ზაფხულის სეზონისა, ჩვენს ქვეყანაში ვირუსის შემთხვევათა მაღალი რაოდენობა ფიქსირდება.
როგორ შეიძლება, შეფასდეს არსებული მდგომარეობა და რა შემთხვევაში დაუბრუნდება ქვეყანა შეზღუდვების შემოღების პროცესს? - ამ და სხვა საკითხების შესახებ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე საუბრობს.
როგორც იმნაძე აცხადებს, საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რომ კორონავირუსი სწორად ემართა. მისი თქმით, ახლა ვირუსის შედეგებზე პასუხისმგებლობა ყველა ადამიანმა უნდა აიღოს.
- ბატონო პაატა, ბოლო პერიოდში კორონავირუსის შემთხვევათა საკმაოდ მაღალი რაოდენობა ფიქსირდება. რა ფაქტორებმა გამიწვია აღნიშნული და ზოგადად, როგორ აფასებთ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას?
- როგორც ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში და სხვაგანაც მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში, კოვიდის ახალი ქვეშტამების გაჩენამ გამოიწვია ის, რომ კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ახალ შტამებს გადამდებლობა კიდევ უფრო მეტი აქვთ, ვიდრე ომიკრონის წინა შტამებს, მაგრამ დადებითი ფაქტი ის არის, რომ ახლა მძიმე მიმდინარეობა და ლეტალობა ძალიან შემცირებულია.
სამწუხაროდ, დედამიწაზე პანდემია კვლავ გრძელდება, თუმცა არსებობს კორონავირუსისგან დამცავი ბევრი ფაქტორი: ვაქცინები, ანტივირუსული პრეპარატები. მთავარი არის ვირუსის დროული დიაგნოსტიკა და დროული მკურნალობის დაწყობა. მე ვთქვი ჯერ კიდევ, დაახლოებით, ორი წლის წინ, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ კორონასთან ერთად ცხოვრება.
- ხომ არ იძლევა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა მინიმალური შეზღუდვების შემოღების აუცილებლობას?
კორონასთან ერთად უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლება, იგივეა ბევრ ქვეყანაშიც. გასაგებია, რომ ადამიანები დაიღალნენ რეგულაციებისგან, აქ ლაპარაკი არ არის შეზღუდვაზე, შეზღუდვა ერთია, რეგულაცია მეორე.
კორონავირუსის შემოსვლიდან ორი წელი გავიდა, ყველამ ვნახეთ მისგან გამოწვეული სამწუხარო შედეგები, აქედან გამომდინარე ადამიანები უნდა მიხვდნენ, რომ ახლა არის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის აღების დრო, ვისაც აქვს მაღალი რისკი, იმას ვურჩევთ, ატარონ ნიღაბი, დანარჩენი ადამიანის გადასაწყვეტია. ქვეყანაში ყველა ეტაპზე კეთდებოდა ის, რაც იმ ეტაპისთვის უნდა გაკეთებულიყო. მთავარი არის ის, რომ საავადმყოფოებზე დატვირთვა დღესაც არ არის.
- რა შემთხვევაში დაუბრუნდება ქვეყანა შეზღუდვების შემოღების პროცესს?
- შეზღუდვები და რეგულაციები მაშინ წესდება, როცა გადაიტვირთება სამედიცინო სექტორი, როცა ადამიანებისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა გაჭირდება. საბედნიეროდ, ასეთი პროგნოზი, ჯერჯერობით, ნამდვილად არა გვაქვს. ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს ქცევაზე.
- რა პერიოდში გადაივლის ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების მომდევნო პიკს?
კორონავირუსი ერთი პიკი იქნება ამ თვის ბოლოს, სადღაც აგვისტოს დასაწყისში პიკს გადავივლით. შემდეგი პიკი იქნება შემოდგომაზე. აგვისტოში კორონავირუსის პიკი არა მგონია, ისეთივე მძლავრი იყოს, როგორც იანვარ-თებერვალში იყო, რადგან ქვეყანაში იმუნური ფენა მაინც საკმარისად არის.
ხოლო შემოდგომისთვის, ზამთრის პიკგადავლილზე, იმუნიტეტი მოიკლებს, აქედან გამომდინარე, მაინც მოქალაქეებს ვურჩევდი, რომ აიცრან, რადგან შემდეგ ტალღას იმუნური სისტემა მზად დახვდეს. ვაქცინაციის შესახებ ჩვენი აზრი არ შეცვლილა. რაც დაიწყო ეს პროცესი, იმის მერე ერთი და იმავეს ვლაპარაკობთ, ვაქცინა არის ამოსარჩევად, დანარჩენი ადამიანებზეა დამოკიდებული, რამდენად გამოიყენებენ.
- დროთა განმავლობაში კორონავირუსი გარდაიქმნება, როგორც ჩვეულებრივი სეზონური ვირუსი?
- დღეს არსებობს ადამიანის კორონავირუსები, რომელიც ჩვეულებრივი გაციების ვირუსებია, რომელიც დაახლოებით, სამასი წლის წინ გამოჩნდა. ეს კორონავირუსიც გაივლის ამ გზას და გახდება საბოლოოდ ასეთი სეზონური გაციების ვირუსი. რამდენ ხანში მოხდება ეს, ამის თქმა ძალიან ძნელია.
ახლაც ვპოულობთ, არა მარტო კორონას, არამედ სხვა ვირუსებს ადამიანებში, რომლებიც ამ პერიოდში ჩვეულებრივ არ იყო ხოლმე. ორი წელიწადი ეს ვირუსები დათრგუნულები იყვნენ, რადგან ადამიანები ნიღბით დადიოდნენ, ახლა კი ისევ გამოჩნდნენ.
- საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არსებობს მოსაზრება, რომ კორონავირუსი საერთოდ გაქრა, რა პასუხი გაქვთ ასეთ შეფასებაზე?
- აქეთ-იქით გაიხედონ, ნაცნობებში მოიკითხონ და ნახავენ კორონავირუსი გაქრა თუ არა, მაგაზე მარტივი რა არის. კორონავირუსი რომ რეალური არ ეგონა, ეგეთი ბევრი იყო ადრე, არა თუ ახლა. ყველას აქვს თავისი მოსაზრება, ზოგი გარკვეულ შეთქმულების თეორიებს იზიარებს. კორონავირუსის ორმა წელმა ადამიანებს უნდა ასწავლოს რაღაცა, ვინც ვერ ისწავლა, ვეღარც ისწავლის.