„მიწამ როგორ უნდა მიგიღოს, ჩემო ლამაზო, გოგო...“ - 21 წლის ბაიკერს ემშვიდობებიან
1781812231
გქონიათ მომენტი, როცა ახლახან ისადილეთ, დანაყრებული ხართ, მაგრამ გონება მაინც საკვებზე ფიქრს აგრძელებს? ამ დროს ტვინი მუდმივად გიბიძგებთ მიირთვათ ტკბილეული ან წაიხემსოთ. ბევრი ამას ნებისყოფის ნაკლებობას, სიზარმაცეს ან ცუდ ჩვევას აბრალებს, თუმცა თანამედროვე მეცნიერება ასე არ ფიქრობს. ამას „კვებითი ხმაური“ ჰქვია.
ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა ამ პრობლემის შესახებ ვრცლად საუბრობს:
ტერმინი „კვებითი ხმაური“ (Food noise) აღწერს საჭმლის შესახებ მუდმივ და აკვიატებულ ფიქრებს, რომლებიც საერთოდ არ არის დაკავშირებული ორგანიზმის ფიზიკურ შიმშილთან.
მიუხედავად იმისა, რომ ის ოფიციალურ ფსიქიატრიულ დიაგნოზს არ წარმოადგენს, თანამედროვე მეცნიერება მას კლინიკურად მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ კონსტრუქტად განიხილავს. ეს არის მდგომარეობა, როდესაც სხეული დანაყრებულია, თუმცა გონება საკვებზე ობსესიურ ფიქრს მაინც აგრძელებს. ეს მუდმივი კოგნიტური ტვირთი ადამიანს ყოველდღიურობას საგრძნობლად ურთულებს.
მეცნიერები განმარტავენ, რომ ეს ნებისყოფის არქონა ან პიროვნული სისუსტე სულაც არ არის. კვებითი ხმაურის მექანიზმი ცენტრალური ნერვული სისტემისა და ნეირობიოლოგიის დონეზე იქმნება. თანამედროვე კვლევების თანახმად, ეს ფენომენი არის ტვინის ჯილდოს სისტემის ჰიპერრეაქტიულობის შედეგი საკვებ სიგნალებზე.
უფრო კონკრეტულად კი, ნეირობიოლოგიურ დონეზე ირღვევა კომუნიკაცია კუჭ-ნაწლავის ტრაქტსა და ტვინს შორის. ნორმაში, კვების შემდეგ გამოყოფილი საინფორმაციო მოლეკულები - როგორიცაა ინკრეტინი GLP-1 (გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი-1) და მაძღრობის ჰორმონი ლეპტინი - ტვინს დანაყრების სიგნალს აწვდიან. თუმცა, ულტრა-დამუშავებული საკვების მუდმივი მოხმარებისა და ქრონიკული დისტრესის ფონზე, ორგანიზმში ყალიბდება ჰორმონალური დისრეგულაცია (მათ შორის ლეპტინორეზისტენტობა), რის გამოც ტვინი ვეღარ „ხედავს“ მაძღრობის სიგნალებს. სამაგიეროდ, ის ბრმად ეყრდნობა დოფამინურ ტალღებს, რომლებიც ზედმეტად აქტიურდება მაცდუნებელი საკვების დანახვისას, სურნელის შეგრძნებისას ან მასზე გაფიქრებისას. ტვინი მუდმივად ითხოვს ამ ჯილდოს, რაც ქმნის იმ ობსესიურ რუმინაციას, რომელსაც პაციენტები „ხმაურს“ უწოდებენ.