თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი დილამდე შეუწყდა - ნახეთ, მისამართები
1732300350
40 დღე გავიდა საბედისწერო შემთხვევიდან, რომელიც საქართველოს ისტორიაში შავი ასოებით ჩაიწერა. 29 ივლისს გუდაურში მომხდარმა ტრაგედიამ 8 ოჯახის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.
„პრაიმტაიმი“ გარდაცვლილი მფრინავის, დიმიტრი ქააძის დედას ესაუბრა. ლალი მერკვილაძე მონატრებულ შვილს და მასთან უკანასკნელ კონტაქტს იხსენებს.
„იმ დღეს ერთმანეთს ვერ ველაპარაკეთ. რომ დავურეკე, ძრავი უკვე ჩართული იყო და ხმა არ ისმოდა. მერე დაგირეკავ-მეთქი, ვუთხარი. ბულაჩაურში ვიყავი და ზემოდან გადაგვიფრინა, უფ, დიმამ გადაგვიფრინა-მეთქი, ვთქვი. 15 წუთში დაგვირეკეს... ვერტმფრენი ჩამოვარდაო. ბოლო საუბარი არ შედგა.
ფარისებრი ჯირკვლის (ჩიყვის) ოპერაცია ახალი გაკეთებული მქონდა, სულ თან დამყვებოდა, ისეთი ყურადღებიანი იყო. ყოველ 15 წუთში მირეკავდა და მეკითხებოდა, დედა, როგორ ხარ? სამსახურიდან სახლში დღეში 4-ჯერ გამოდიოდა.. სასწაული შვილი იყო... ყველას მიმართ ძალიან ყურადღებიანი და თბილი. ჩემი მეუღლე 13 წელი ლოგინად იყო ჩავარდნილი, ინსულტი ჰქონდა. დიმა სულ მხარში მედგა, მამხნევებდა და ყველაფერში მეხმარებოდა. კვების დრო რომ უწევდა მამას, შესვენებიდან მოდიოდა და აჭმევდა, არაფერს თაკილობდა... ძალიან სხვანაირი იყო.
სიზმარში არ მოდის. ყოველ დღე ვლოცულობ, მაგრამ... ძალიან დიდი თვალები ჰქონდა, წყლიანი. რომ შემოვიდოდა, შემომანათებდა ხოლმე. ახლაც ველოდები, კარი გაიღება და შემოვა-მეთქი. არავის აწყენინებდა, ყველასთან შეეძლო საერთო ენის გამონახვა. ძალიან დადებითი იყო. ჩემი ორივე შვილით ძალიან ვამაყობდი. ისეთ პერიოდში გაიზარდნენ, უშუქობა, გაჭირვება იყო, მაგრამ ძალიან კარგ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ.“ - ამბობს ლალი მერკვილაძე.
29 ივლისს საქართველოში მძიმე დღე გათენდა. ცნობილი გახდა, რომ გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. მათ გადასარჩენად სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.
სოციალურ ქსელებში ფაქტის ამსახველი კადრები გავრცელდა, ქვეყანა შეიძრა.
ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი: ეკიპაჟის მეთაური მფრინავი – ზაზა ლორია; მფრინავი – დიმიტრი ქააძე, მფრინავი – ანდრო ქუჯაშვილი, მფრინავი – ლევან ჩოხელი. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი: გიორგი მარგიანი, კახა ტორჩინავა და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი: ქეთევან გულაშვილი და გიორგი ვენეცკი.
ქვეყანაში გლოვის დღეები გამოცხადდა... გმირები სამების საკათედრო ტაძრიდან უკანასკნელ გზაზე გააცილეს და სამხედრო პატივით დაკრძალეს.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები მედლით „სამოქალაქო თავდადებისთვის“ დაჯილდოვდნენ.
ცნობისთვის, ვახტანგ გომელაურმა გუდაურთან მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული მფრინავები და მაშველები I ხარისხის მედლით - ,,განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ დააჯილდოვა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, გმირულად დაღუპულების ოჯახებს 100 ათასი ლარი გადაეცა.