"როგორც ყოველთვის, ახლაც დაიძვრება მთელი საქართველო" - სად და როდის მოილოცებთ სასწაულმოქმედ ხატს

საკვირველმომქმედი ხატი "იერუსალიმის დედოფალი" და საკვირველმომქმედი და მსწრაფლშემსმენელი ხატი "დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი" 

„დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი” - ეს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც თბილისში, ერთ-ერთ ჩვეულებრივ საცხოვრებელ სახლშია დაბრძანებული.

მას ორი ახალგაზრდა მცველი ჰყავს - რეჟისორი ზურაბ შიოშვილი და მუსიკოსი გიორგი ჭოლოკავა. ხატი აბსოლუტური ანალოგია ივერიონში დაბრძანებული დედა ხატის - ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, რომელსაც „პორტაიტისა“ ეწოდება.

ხატის მცველები პერიოდულად ხატს გამოაბრძანებენ და ტაძარში დააბრძანებენ, სადაც უამრავ ადამიანს შეუძლია მოილოცოს და ამ სასწაულმოქმედი ხატისგან შინ მადლით დაბრუნდეს. ხატის სახელზე შექმნილი ფეისბუქ გვერდიდან ამგვარ სიახლეს ვიგებთ.

"გააზიარეთ ეს სასიხარულო ინფორმაცია, რადგან უამრავი ადამიანი ელოდება ამ დღეს.

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ განცხადებას. 12 აპრილს დიდ დღესასწაულს გიმზადებთ. საკვირველმოქმედი და მსწრაფლშემსმენელი ხატი "დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი" გამობრძანებული იქნება ისნის რაიონში, მერვე ლეგიონის დასახლება, წულუკიძის ქუჩა წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში 12 საათიდან 17 საათამდე.

ამჯერადაც ხატების გამობრძანებისას შესაძლებლობა გექნებათ, ანთებული კანდელიდან სნეულთა საკურნებლად უსასყიდლოდ წაიღოთ კანდელის ზეთი, რომელიც უამრავი ადამიანის გადამრჩენელი გახდა დღევანდელ დღემდე. ( ზეთის წასაღებად იქონიეთ ახალი სამედიცინო შპრიცები, რითიც ამოვიღებთ ზეთს და გაგატანთ). ტაძარში იქნება დაუჯდომლებიც, ხატის ასლებიც, რომელნიც უდიდეს საკვირველებას ახდენენ აგერ უკვე მეათე წელია და თქვენს ოჯახებში უმეტესი თქვენგანი გრძნობს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მანუგეშებელ თბილ ხელს.

მათ ვისაც კვლავ გადაწყვეტილი გაქვთ თქვენ სახელზე კანდელში ენთოს ზეთი და თქვენი შესაწირი გავუნაწილოთ მრევლს, ზეთი შეგიძლიათ პირდაპირ მოიტანოთ ჩვენთან, ხატის მცველებთან, რათა დავიცვათ მაქსიმალურად წესრიგი.

როგორც ყოველთვის, ახლაც დაიძვრება მთელი საქართველო, უამრავი ადამიანი ჩამოვა რეგიონიდან, როგორც უკვე გინახავთ, მოჰყავთ სნეულები კლინიკებიდანაც ზოგი საკაცით, ზოგი ეტლით, მაგრამ როგორც უკვე იცით, არავინ დარჩებით ისე, ვინც ხატს ვერ მოილოცავთ. შესაბამისად, ტრადიციისამებრ დავიცვათ სიმშვიდე და რიგში დგომის დრო გამოვიყენოთ ლოცვისთვის.

აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა არავინ დარჩეს გულდაწყვეტილი, რადგან, მუდამ ბევრი მომლოცველი ელის ამ დღეს და განსაკუთრებულად ისინი, ვისაც სნეული ჰყავთ და მძიმე განსაცდელის წინაშე დგანან დღეს. მომდევნო გამობრძანება მალევე ვერ იქნება გარკვეულ მიზეზთა გამო და სწორედ ამიტომ, ვისაც ხატის ასლები გსურთ, აუცილებლად მობრძანდით ხატის გამობრძანებაზე.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მოგმადლოთ სიყვარული და მშვიდობა. მცველნი საკვირველმოქმედი და მსწრაფლშემსმენელი ხატისა "დედოფალისა - სიხარულის მომნიჭებელისა".

გიორგი და ზურაბი."

 

ხატის ისტორიას წაიკითხავთ აქ