Exclusive: „პირველი ხილული სასწაული, ცეცხლის გარდამოსვლა იყო, რაც ჩვენ ვნახეთ აქ, საქართველოში!“- სასწაულმოქმედი ხატის მცველების აქამდე უცნობი ისტორიები

ხატისმცველები ზურაბ შიოშვილი და გიორგი ჭოლოკავა

„პაციენტს, რომელიც კომაში იმყოფებოდა, ნათლიამ ხატის ასლი მიუტანა და თავთან დაუდო. ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათი იყო. უცებ ხედავენ, რომ თავის ფეხით გამოვიდა ოთახიდან - ბავშვს თავის ტვინის სიმსივნე ჰქონდა, უმძიმეს მდგომარეობაში იყო...“ - ხატის „დედოფალი სიხარულის მომნიჭებელი“ აქამდე უცნობი სასწაულები.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი - „დედოფალი სიხარულის მომნიჭებელი“,  რომელსაც ორი ახალგაზრდა მცველი ჰყავს - რეჟისორი ზურაბ შიოშვილი და მუსიკოსი გიორგი ჭოლოკავა, აბსოლუტური ანალოგია, ათონის მთაზე ივერონის მონასტერში დავანებული დედა ხატის - ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, რომელსაც „პორტაიტისა“ (კარიბჭისა) ეწოდება. 

ხატის მცველები „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში, ათონის მთაზე და იერუსალიმში მოგზაურობის შესახებ, საინტერესო ისტორიებს ჰყვებიან და აცხადებენ, რომ „სიხარულის მომნიჭებელი" პატრიარქმა უწოდა:

მე და გიორგის ცოცხალი კონტაქტი გვაქვს ღვთისმშობელთან. ალბათ, სხვაგვარად არც შეიძლება იყოს ქრისტიანი, როცა ვინმე დახმარებას გვთხოვს, უკვე ვიცით, როგორ შეიძლება ამ კონკრეტულ შემთხვევაში დავეხმაროთ. 

არის შემთხვევები, როცა ადამიანს მივუთითებ, თუ როგორ უნდა მოიქცეს, მაგრამ სულ სხვა რამეს აკეთებს და ეს ისტორია, სამწუხაროდ, ცუდად მთავრდება.

თითქმის ათი წელია, რაც ხატს - „დედოფალი“ დავაბრძანებთ, ადრეც თხოვნით მოგვმართავდნენ, ხატის გამობრძანებას.

ერთადერთი გამონაკლისი, კოვიდის პერიოდი იყო, როცა თავშეყრა იკრძალებოდა. პირველად, პატრიარქის კურთხევით, სამების საკათედრო ტაძარში გამოვაბრძანეთ და მისივე კურთხევით, პერიოდულად, ხატს სამებაში ვაბრძანებდით.

პირველივე გამობრძანებიდან „დედოფლის" უდიდესი მადლი და სასწაულებრივი ძალა, უამრავ მრევლს იკრებდა, უამრავი მომლოცველი მოდიოდა და იდგა თვალუწვდენელი რიგები.

წმ. კვირიკე და ივლიტას ტაძარში, უცხოელი მომლოცველებით სავსე სამი თვითმფრინავი ჩამოფრინდა, მაგრამ არასდროს დაგვჭირვებია არავის დახმარება -  სტიქაროსნების ყოველგვარი ჯაჭვის და კორდონების გარეშე ვახერხებდით. ზოგადად იმ პერიოდში სპეციალურად ჩამოდიოდა უცხო ქვეყნებიდან მომლოცველთა ჯგუფები ხატის მოსალოცად, მათ შორის სასულიერო პირებიც

ეს საკმაოდ რთული პროცესია, ამდენი ხალხის მიღება. თუმცა, არც ათი წელია ცოტა დრო და ჩვენც მივეჩვიეთ, არასოდეს ყოფილა ისე, რომ ცოტა ხალხი მოსულიყოს, როგორც კი  ხატის გამობრძანების შესახებ ინფორმაცია ჩნდება, რეგიონებიდანაც კი ჩამოდის ხალხი.

ეს უკვე ჩვეულებრივი ამბავია ჩვენთვის, მიუხედავად დაღლასა და სირთულეებისა, მუდამ დღესასწაულის განცდა გაქვს მაინც, ზეიმის, რადგან იცი, რომ უამრავი მომლოცველისთვის ეს დღე ბედნიერების მომტანად იქცევა.

როცა ხატს მოილოცავენ, სრულიად სხვა სახეებს ვხედავ, ზოგი წამიერად ახერხებს მისვლას, მაგრამ ზუსტად გრძნობენ იმ მადლს, რაც ხატიდან უნდა მიიღონ, ბევრი ადამიანისთვის კი, ეს სრულიად შოკია. "დედოფალთან" შეხვედრისას მომლოცველები ხვდებიან, რომ იქ ხდება რაღაც ისეთი, რაც აქამდე არც გამოუცდია ბევრს, ისინი ფიზიკურად გრძნობენ მადლს.

ჩვენ ვეხმარებით ყველას, ვინც გვთხოვს, მთავარია, მიმღები იყოს!

  - წლების მანძილზე, დიდი გამოცდილების და სასწაულის მომსწრე გახდით....

ეს რთული გზა იყო, განსაკუთრებით თავიდან. რთული იმ თვალსაზრისითაც, რომ ჩვენ ვაწყდებოდით ისეთ დიდ სასწაულებს და მოვლენებს, რომელიც ქრისტიანობის ისტორიის მანძილზე ალბათ იშვიათად მომხდარა.

ხედავ ისეთ საკვირველებებს, რომელიც ბიბლიაში ამოგიკითხავს და ცხადია, დასაწყისში ეს ემოციურად რთული იყო, დაუჯერებელი რამ, თუმცა ამავდროულად, შენში იმოდენა რწმენაა, რომ ეს სასწაულიც ცხადია მისაღებია, რადგან უფალი ყოვლის შემძლეა.

ათი წელი ცოტა არ არის, მეტადრე მოვლენებით დახუნძლული წლები და შენც რაღაცნაირად მეტი მიმღებლობა გაქვს, სადღაც ეჩვევი კიდეც და როდესაც გეუბნებიან, რომ პრაქტიკულად მკვდარი ადამიანი, რამდენიმე საათში ფეხზე დგება, შენთვის უკვე ეს მორიგი სიხარულია, რადგან ზოგჯერ დღეში შეიძლება ასეთი რამდენიმე შემთხვევა გაიგო.

ურიგოდ არ ვიცი ქრისტიანობის ისტორია, და ამიტომ უფრო ცხადია ჩვენთვის, რომ ხატი „დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი" განსაკუთრებულად დიდი სიწმინდეა, რომელშიც უდიდესი ცხოველმყოფელობაა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა.

ამ უდიდესი ხატის ცხოვრებაში არის ისტორიები, რომლის მსგავსიც არასოდეს ამომიკითხავს სადმე, ეს დიდი წყალობაა ჩვენი ხალხისთვის და ზოგადად, ქრისტიანებისთვის.

 - დედის როლი თქვენ ცხოვრებაში?

როგორც ყველაფრის საფუძველი ნიადაგია, ასევეა ადამიანისთვის - დედაა. ჩემ აღზრდაში, დიდი წვლილი მიუძღვის. როცა დედა გახდა, გააცნობიერა, რომ თანამედროვე დროში უნდა აღეზარდა შვილები, ამიტომ სამსახურს თავი დაანება და მთელი დრო შვილებს დაგვითმო.

ყველაფერს აკეთებდა, რომ სწორი განათლება მოეცა ჩვენთვის. რომ ჩვენ ვყოფილიყავით კულტურის მატარებლები, რომ მის შვილებს ძალიან დიდი დიაპაზონი ჰქონოდათ აზროვნებისა და მას სრულიად გაცნობიერებული ჰქონდა ის, რომ  ზრდიდა ქვეყნის მომავალს.

ახლა ასეთი დედების პრობლემაც შეიქმნა, სამწუხაროდ, ბევრს ჰგონია, რომ შვილის აღზრდა გამოკვება, ჩაცმა და გაჯეტებია..

- ბევრი მშობელი, მხოლოდ დადებით ემოციებზე ზრდის შვილს...

ბავშვმა, რაღაც დოზით ყველაფერი უნდა გამოცადოს, არ ვეთანხმები, იმ მოსაზრებას, რომ მხოლოდ დადებით ემოციებზე უნდა გაიზარდოს ბავშვი. ბევრი მშობელი, ახალი მეთოდებით ზრდის შვილს, რომელიც ჯერ არ იცის, რამდენად გაამართლებს.

უამრავი ადამიანისგან მესმის, რომ ბავშვი დაჰყავს ფსიქოლოგთან და თან ეს ისეთი ფორმით ხდება, რომ მე მგონი უფრო „არობოტებენ“ ბავშვებს.

რა არის ბავშვობა?! ესაა სილაღე, წუწაობა ზაფხულში, ხეზე ძრომიალი, რა ვიცი, რამდენი რამაა, რომელიც ბავშვს ავითარებს.

კაცობრიობას, აღზრდის ისეთი მეთოდი ჰქონდა, რომელმაც გაზარდა - შექსპირი, სოკრატე, ბეთჰოვენი და უამრავი გენიოსი. ახალმა მეთოდებმა, ვინ გაზარდა, ჯერ არ ვიცით. დიდი დრო უნდა გავიდეს, ამიტომ დედის როლი ბავშვის აღზრდაში, ძალიან მნიშვნელოვანია.

ყველა ქვეყანას, საკუთარი კულტურა გააჩნია, შესაბამისად, როცა ადამიანი თავისი კუთხის და ქვეყნის კულტურას ჩამოსცილდება, გადასხვაფერებას იწყებს, თითქოს უკეთესს, მაგრამ გაურკვეველ მეთოდებს ნერგავს, არადა ამავე კულტურაშია ის აღზრდის მეთოდები, რომელიც იმ სოციუმისთვის, საუკეთესო შედეგის მომცემია.

შენ უნდა იყო განათლებული, კულტურის მატარებელი, რომ კარგი, ცუდისგან განასხვავო. იცოდე, რომ უნდა განვითარდე, ბევრი რამ შეიძინო, უნდა გქონდეს უნარი თუნდაც იმისი აღქმისა, რომ სამყარო ძალიან საინტერესოა და ყველაზე დიდი მონაპოვარი მისი შეცნობაა.

ადამიანი მოწყდა ბუნებას, ძაღლი ქუჩაში გავაგდეთ. ტრადიციები დავივიწყეთ, დაინგრა ის ჰარმონია, რომელიც იდეალურად იყო მოფიქრებული.

 

 - უამრავი ადამიანი დაუბრუნდა საკუთარ მიწა-წყალს, რაც ძალიან მიხარია...

ერთ-ერთი პირველი, ჩვენ წავედით 2014 წელს. ეს ის წელი იყო როდესაც ხატი „დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი" გამოჩნდა.

- თქვენ რატომ გადაწყვიტეთ წასვლა?

ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ ძირითადად, ადამიანად დარჩენა გვინდოდა. ადამიანი ხარ მაშინ, როდესაც შენ, ღმერთის და ზოგადად, სამყაროს იმ პირველ ჩანაფიქრს არ სცილდები. ყველას შეუძლია, ადამიანი იყოს იმ გარემოში, რასაც ბუნება და ჯანსაღი გარემო ჰქვია.

მალევე გამოჩნდა ხატი „დედოფალი“ და ძალიან ბევრი ადამიანისთვის, მისაბაძი გავხდით, ბევრი გვეკითხებოდა რჩევებს და ბევრი ფიქრობდა უკვე ქალაქიდან სოფლად გადასვლას, რაც როგორც თქვენ, მეც ძალიან მიხარია.

ქართველებს, ბევრი კომპლექსი გვაქვს, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორი ახალგაზრდა, თანამედროვე, პროგრესული კაცი, რომელსაც თან არ ესირცხვილება „ძროხის დანახვა“, წავედით აგარაკზე, რომელიც წლების განმავლობაში გვქონდა მიტოვებული, ბევრი მიმდევარი გამოგვიჩნდა.

უამრავი რეპორტაჟი გაკეთებულა ამ წლების მანძილზე ჩვენი მამულიდან და ეს სხვებისთვისაც ძალიან დიდი სტიმული იყო, ყველა აღფრთოვანებული რჩებოდა იმ სილამაზით, რისი მიღწევაც ჩვენ შევძელით.

ყველაფერი კი მაინც იმით დაიწყო, რომ იერუსალიმიდან სტუმრებს ველოდით, წმინდა მიწაზე ხატი უკვე განდიდებული იყო და ჩვენთან ჩამოსვლა გადაწყვიტეს.

ბევრი არ გვიფიქრია, რა უნდა გაგვეკეთებინა და ხატისთვის „დედოფლის ბაღი" გავაშენეთ. დღეს ეს სივრცე ჩვენთვის ამავდროულად სამუშაო გარემოა, შემოქმედებითი სახელოსნო, ჩვენ ვქმნით ისტორიულ კოსტიუმებს, დოკუმენტურ ფილმებს, გვაქვს ფოტოგადაღებები.

უამრავი საინტერესო რამ ხდება ჩვენს მამულში, რაც ცხადია საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს. სეზონზე, თითქმის ყველა ტელევიზია ჩამოდის, რომ მაყურებელს ეს საოცარი სამყარო აჩვენოს. ჩვენ შევქმენით ის ესთეტიკა და კულტურა, რომლითაც დღეს ქართველები ამაყობენ და ეს ძალიან სასიხარულოა.

- რა პროფესიის ბრძანდებით?

პროფესიით რეჟისორი ვარ, გიორგი კი, მუსიკოსი (გიტარა), ტექნიკური განათლებაც აქვს. დავამთავრე თეატრალური ინსტიტუტი, სარეჟისორო ფაკულტეტი.

უმაღლესში ჩაბარებისთანავე, ბევრი წარმატება მქონდა ჩემს პროფესიაში. მსოფლიოში, მე მგონი ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელმაც 17 წლის ასაკში, აკადემიური თეატრის სცენაზე, სპექტაკლი დავდგი, ეს იყო, რუსთაველის თეატრში.

ეს მოხდა 1997 წელს, პროსპერ მერიმეს ყველაზე ცნობილი ნოველა „კარმენი“, რომლის დრამატურგიული ვერსიაც ჩემი ნამუშევარი იყო.

ამის შემდეგ, მეორე პრემიერა, მარჯანიშვილის თეატრში მქონდა - პედრო კალდერონის პიესა, რომელიც მსოფლიო ლიტერატურის შედევრად ითვლება - „ცხოვრება სიზმარია“. ამ სპექტაკლისთვის, უნიკალური კოსტიუმები შევქმენი.

დამიწერია მუსიკა სპექტაკლებისთვის და სტუდენტობის დროს კონცერტმაისტერიც კი ვიყავი ერთ სპექტაკლში. ასე რომ ის წლები ძალიან სავსე იყო ხელოვნებით და ნიჭიერი ადამიანებით.

- ანუ დიზაინერიც ბრძანდებით...

დიახ, ჩემი გაკეთებული კოსტიუმებია. მყავდა 5 მკერავი, რომელიც მეხმარებოდა, და მქარგველები. ამის შემდეგ, საფრანგეთში, ავინიონის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დირექტორთა საბჭოში მიმიწვიეს, რაც ასევე უპრეცედენტო შემთხვევაა.

კოსტიუმებს გამოსაფენად იწვევდნენ ევროპის წამყვანი მუზეუმები. მქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა ვენეციის ბიენალესთან - წარმოუდგენლად დუღდა ცხოვრება ხელოვნებაში!

პარალელურად, ჩემი სულიერი ცხოვრებაც მიმდინარეობდა, ძალიან პატარა ვიყავი, დაწყებით კლასებში, როდესაც გაზეთში დაბეჭდილი გვერდებიდან მათეს სახარება ავაწყვე და ყოველ დღე ვკითხულობდი.

ამას მოჰყვა ეკლესიური ცხოვრებაც, მაშინ ჯერ სულ რამდენიმე ტაძარი იყო მოქმედი და მრევლიც ცოტანი ვიყავით. წლებთან ერთად მეტ ცოდნასაც იძენ გამოცდილებასაც და თუ სწორ გზაზე მიდიხარ, ცხადია, სულიერადაც იზრდები.

ჩემი ცხოვრების ერთი ეტაპი, პატრიარქის გვერდით გავატარე და მასთან ყოველდღიურმა ურთიერთობამ და თამამად ვიტყვი, სულიერმა მეგობრობამ, ბევრი რამ მასწავლა.

შემდეგ ღვთის ნებით მოხდა ისე, რომ ღვთისმშობლის უდიდესი ცხოველმყოფელი ხატის მცველი გავხდი და ცხოვრების არჩევანზე არც მიფიქრია, ხელოვნებას უნდა გავყოლოდი, რომელიც ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო, თუ უფლის მიერ გამოჩენილ გზას... ცხადია, ეს გზა, არ აღმოჩნდა იოლი.

- უამრავ სასწაულს ჰყვებიან ხატზე...

სიმართლე გითხრათ, არც ვიცი რა ჩამოვთვალო. იერუსალიმში, მაგალითად, ერთ მომლოცველს ხატი "დედოფალი" ესაუბრებოდა, ეს ზეთისხილის მთაზე მოხდა,

ეს კაცი, ხატის წინ მუხლებზე დაეცა და წამოიძახა - „ის მე მესაუბრება, ღვთისმშობელი, მესაუბრება". როდესაც ვკითხეთ, თუ რა უთხრა მას ღვთისმშობლის ხატმა, მან ისეთი რამ გვითხრა ხატის ცხოვრებისა, რომელიც მხოლოდ მცველებმა ვიცოდით და არავის ეცოდინებოდა, მეტადრე უცხო კაცს იერუსალიმში.

საქვეყნოდაა ცნობილი ის ფაქტი, რომ ღვთისმშობლის ხატის ასლებზე, რეპროდუქციებზე, დედა ღვთისას ხელები თბილი აქვს და ამას, ასიათასობით მომლოცველი შეიგრძნობს, მაგრამ ცხადია, ეს ფაქტი, უკლებლივ ყველამ არ იცის მაინც.

იერუსალიმში როდესაც ვიყავით, აღდგომის ტაძარში იყო ერთი მორჩილი, სამოც წლამდე მამაკაცი, რომელსაც ვხვდებოდით, რომ დიდი განსაცდელები ჰქონდა.

ერთ დღეს ტაძრის ატრიუმში შეგვხვდა და გამოველაპარაკეთ, საკმაოდ პირქუში და უსიტყვო კაცი იყო, შემდეგ სანუგეშებლად ხატის ასლი მივეცით და საუბარი გავაგრძელეთ.

მორჩილმა არ იცოდა რომ ხატს ხელები უთბებოდა და შესაბამისად, არც ის, რომ ეს მხურვალება, ზოგჯერ ძალიან მატულობს. საუბრისას, უცებ ამ კაცმა ყვირილი დაიწყო - „ვიწვი, ვაიმე ვიწვი ფეხები სულ გამიცხელდა და ეს ცეცხლი ზემოთ ამოდისო",

ჩვენ მას ვუთხარით, რომ ეს ხატიდან მოდიოდა და დავამშვიდეთ. უცებ როდესაც გაიაზრა, თუ რაოდენ დიდი ცხოველმყოფელობა და ნუგეში იყო ეს, ადამიანმა იერი იცვალა, თითქოს, სახე გაუნათდა, გაებადრა და უდიდესი მადლიერებით აივსო.

როდესაც ხატს განსაკუთრებულ წმინდა ადგილებზე დავაბრძანებთ, ეს მხურვალება სულ მატულობს და მატულობს. წმინდა მიწაზე მოგზაურობის დროს, ისე ხდებოდა, რომ ძირითადად, გიორგი იღებდა ვიდეო მასალას და ხატი მე მეპყრა.

როგორც კი მივუახლოვდებოდით რომელიმე წმინდა ადგილს, ხატი ისე გავარვარდებოდა, რომ გონების დაკარგვამდე მივყავდი ამ სიმხურვალეს, სამოსი ერთიანად ისე მისველდებოდა, როგორც წყლიანი ავზიდან ამოღებული, ჩვეულებრივ იწურებოდა. ამიტომ გამოსაცვლელი სტიქარი დამქონდა და ზოგჯერ, ერთ ადგილას სამჯერ, ოთხჯერ ვიცვლიდი სამოსს. მომლოცველები ფოტოებს გვიღებდნენ, ხვდებოდნენ, რომ რაღაც ისეთი ხდებოდა, რაც არ ენახათ.

- როდის დაიწერა ღვთისმშობლის დაუჯდომელი და რატომ დაერქვა „სიხარულის მომნიჭებელი...

ღვთისმშობლის დაუჯდომელი, 2015 წელს დაიწერა. და თავად ამ დაუჯდომელსაც ძალიან დიდი ძალა და მადლი აქვს, მომლოცველები კითხულობენ და უდიდეს შეწევნას იღებენ.

როდესაც დაუდჯომლის წერა დავასრულეთ, ხატი იმ დროს სამების საკათედრო ტაძარში იყო გამობრძანებული, შაბათი საღამო იყო და წესისამებრ ლოცვას პატრიარქი ატარებდა. სწორედ, მაშინ შევედით მასთან საკურთხეველში და დაუჯდომელი ვაჩვენეთ.

ხატის გამოჩენისთანავე მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდა,  როცა ათონიდან ხატი ჩამოვაბრძანეთ, ეს ისტორია, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა „კარიბჭეში“ გამოაქვეყნა.

ეს პატარა სტატია, ხალხისთვის უდიდესი მოვლენა გახდა და ბევრმა დაიწყო ჩვენი ძებნა. დაახლოებით დეკემბერში, პატრიარქთან შეხვედრა გვქონდა. უდიდესი ემოცია ჰქონდა ხატის ხილვისას - ეს ხატი, უდიდეს სიხარულს მოუტანს საქართველოსო და „სიხარულის მომნიჭებელი“ უწოდა.

პირველად, დიდ მარხვაში გამოვაბრძანეთ - უპრეცედენტო რაოდენობით ადამიანი მოვიდა მოსალოცად. მოლოცვის შემდეგ, უამრავი ადამიანი განიკურნა და იქიდან დაიწყო ის სასწაულებით სავსე ისტორიები, რომლებიც ლამის მსოფლიოს მოედო.

რომელ ენაზე აღარ ვაწყდებოდით ნათარგმნ სტატიებს და საქართველოში გამოჩენილი ღვთისმშობლის ცხოველმყოფელი ხატი ბევრისთვის გახდა ნუგეშისმცემელი.

- გაიხსენეთ რომელიმე შემთხვევა...

ძალიან ბევრის გახსენება შეიძლება, ძალიან ბევრის. ადამიანები, ცხადია, მაინც კურნებაზე ამახვილებენ ყურადღებას, რადგან ყველაზე ძვირფასი ჯანმრთელობა და სიცოცხლეა.

აბა რა გითხრათ, გეტყვით რასაც ჰყვებიან თავად, როდესაც დედა გეტყვის, რომ ექიმები ჩემს შვილს, ერთ პროცენტსაც არ აძლევდნენ სიცოცხლის იმედსო და უცებ მეორე დღეს კარგადაა.

ან მაგალითად, როდესაც ჩვენ თავად ვუკითხავდით პატარას ლოცვას, რომელიც უცხოეთის კლინიკიდან, იმიტომ გამოწერეს, რომ დღე დღეზე უნდა გარდაცვლილიყო და ამ დროს ამოძრავდა, სიმსივნე გაუქრა და დღეს უკვე დიდია.

თუნდაც ის, რომ ჩვენ კლინიკის რეანიმაციაში მოვინახულეთ რვა წლის წინ ბავშვები, რომელთაგანაც ზოგს მძიმე სენის გამო სიცოცხლის ნიშანწყალიც აღარ ჰქონდა და წელს უცებ ქუჩაში ბავშვის დედა გეძახის და გეუბნება, ეს ის ბავშვიაო, რა განცდა გექნებათ?!

ხატის მოლოცვის შემდეგ, გზიდანვე რომ გაცნობებენ, რომ კომიდან იღვიძებენ პაციენტები. ეს ყველაფერი, მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს, თუ რაოდენ მოწყალეა უფალი და რაოდენ განუზომელია უფლის დედის სიყვარული ჩვენს მიმართ.

ბერად აღკვეცის სურვილი არ გაგჩენიათ?

ძალიან ლოგიკურია თქვენი კითხვა და ჩემი პასუხიც. იქ წასვლას, რაღაც მიზანი ხომ უნდა ჰქონდეს?! იქ ადამიანები, წესით მიდიან იმიტომ, რომ ღვთის სამსახურში ჩადგნენ და მას ემსახურონ.

ჩვენ ჩვენი ცხოვრება უფლის მსახურებას მივუძღვენით, განმარტოებით ვცხოვრობთ და ჩვენი ცხოვრება, არ ჰგავს ერის კაცებისას. წლების მანძილზე, ლამის ჩვენი ტიპიკონი გვაქვს.

ბევრს ვშრომობთ, ვლოცულობთ მათთვის ვისაც უჭირს და იმ დროს დახმარება სჭირდება, ერთმანეთს თითქმის ვერც ვესაუბრებით, რადგან ამის დრო არც გვაქვს. ერთმანეთს მხოლოდ, ტრაპეზის დროს ვხვდებით, ან მაშინ, როცა გადაღება გვაქვს და მრევლისთვის მორიგ დოკუმენტურ ფილმს ვაკეთებთ.

ჩვენ ძალიან ბევრს ვწერთ და ვაქვეყნებთ სტატიებს, რომელსაც ვიცით, რომ მრევლი მუდამ ელის. მუდამ ვმარხულობთ და შესაბამისად, მონასტერში ცხოვრების, არც შინაგანი სურვილი ჩნდება და არც საჭიროება.

ბერებს თავისი დანიშნულება აქვთ. ვინაიდან თქვენ, ინტერვიუს წერთ ქრისტიანობის პერიოდის მანძილზე  გამორჩეულ ხატზე, ე. ი. ამ ხატის გამოჩენა ხალხისთვის, უფალმა განიზრახა, რომ ამ მიწაზე მომხდარიყო.

შესაბამისად, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ ასეთი ძალის ხატი, ერის კაცთა შორის უნდა გამოჩენილიყო და ჩვენ მივიღეთ ეს, როგორც არის და ვმსახურებთ იქ, სადაც უფალმა გამოაჩინა. თუ მისი მსახურები სჭირდებოდა ღმერთს ბერებად, მაშინ ამ ხატს, რომელიმე მონასტერში გამოაჩენდა.

- უამრავი კვლევა გაქვთ ჩატარებული საქართველოს კუთხეებში, მოგვიყევით ამ თემაზე...

ჩემი ცხოვრება, საქართველოს ისტორიას და ხუროთმოძღვრულ ძეგლებს, ჯერ კიდევ მაშინ დაუკავშირდა, როდესაც სამაჩაბლოში პირველი ომი იყო, სტუდენტი ვიყავი, როდესაც იქ ჩასვლა მომიწია.

ეს საოცარი მოვლენა იყო ჩემს ცხოვრებაში და ძალიან ემოციურიც. შემდეგ, თითქმის მუდმივად მიწევდა სიარული სხვადასხვა კუთხეებში და ამავდროულად, ვაგროვებდი და ვსწავლობდი საარქივო მასალებს.

თუმცა 2011 წლიდან, 5 წლის მანძილზე, ჩვენი ხარჯებით, გადავწყვიტეთ, მიტოვებული ეკლესიების და ფრესკების გადაღება. ვიყავით  ტაო-კლარჯეთში, ლორეში, ათონზე. საქართველოში, ხომ ახლაც დავდივართ.

რაც ისრაელში დავიწყეთ ჩასვლა და მუშაობა, სრულიად ახალი ეპოქა დაიწყო ჩვენთვის, ძალიან მნიშვნელოვანი კვლევები ვატარეთ, ბევრი რამ შევისწავლეთ, გადავიღეთ და აღვადგინეთ ქართველთა დიდებული ისტორია წმინდა მიწაზე.

ფილმებში ვაცოცხლებდით იქ სახარებისეულ მოვლენებს, საკმაოდ საინტერესო სტატიებს ვაქვეყნებთ ჩვენ გვერდზე „დედოფალი“. დღესაც ასე ვაგროვებთ საქართველოში მიმოფანტულ საუნჯეებს და ვცდილობთ, ეს ყველაფერი შემოვინახოთ, მომავალს შევუნახოთ.

თუ ჩვენი ნაშრომიდან, რაიმე დანაზოგი გვაქვს, ყველაფერი ამ კეთილ საქმეს ხმარდება, სამწუხაროდ, არავინ გვყავს, ვინც ამ პროცესში ფინანსურად დაგვეხმარება და ჩვენი ძალებით ვცდილობთ ამ ყველაფრის მოხერხებას.

- ერთ-ერთი ქალბატონი, კომენტარებში გწერთ, იმედი მაქვს, თამარ მეფის საფლავსაც იპოვითო...

ჩვენ ხალხს ძალიან ვუყვარვართ და უპირველესად მსგავსი კომენტარები უფრო შეფასებითია მაინც, რომ ამ ადამიანებს ესეც შეუძლიათ.

ჩვენთვის, ეს პირველ რიგში სიყვარულის და პატივისცემის გამოხატულებაა, თუმცა ამ მიმართულებითაც გვაქვს ჩვენ საინტერესო მიგნებები, მაგრამ ეს ჯერ არაა მაინც საჯარო მასალა, ამას ბევრი შრომა სჭირდება კიდევ.

თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ ზოგჯერ მითი უფრო ძვირფასია, ვიდრე ნაპოვნი საფლავი.

ხატის მცველი - გიორგი ჭოლოკავა

დავიბადე თბილისში, 1990 წელს. თინეიჯერობის ასაკში, მუსიკით ვიყავი გატაცებული, 60 -70  -იანი წლების მუსიკა მომწონდა, 17 წლამდე, ბენდში ვუკრავდი.

პროფესიით, ინჟინერი ვარ, მაგრამ ამ სფეროში არასდროს მიმუშავია. ჩემი და ზურას ცხოვრება მაინც სარწმუნოებამ დააკავშირა, თუმცა იყო კიდევ სხვა ინტერესებიც - ისტორია, ხუროთმოძღვრება, კულტურების შესწავლა.

ხატის გამოჩენამდე ერთად დავდიოდით ექსპედიციებში, რაზედაც ზურაბი უკვე გესაუბრათ. ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, რადგან გარდა ხუროთმოძღვრული ძეგლებისა იქ ადგილზე ეცნობი იმ ხალხის კულტურას, ტრადიციებს,  მათი ცხოვრების უკეთ გესმის და თან უამრავ საინტერესო რამეს პოულობ გზადაგზა.

- ბევრი აღმოჩენა გაქვთ...

ფაქტია, რომ საქართველოს ისტორია, რეალურად დავიწყებულია. ვფიქრობ, რომ უამრავი მასალა, თაროზეა შემოდებული. ქართველების ისტორია, თითქმის დაკარგულია. არც დაინტერესებაა, არავის მხრიდან. არადა, უამრავი მნიშვნელოვანი ნაშრომი არსებობს, რომელიც ამ ქვეყნის ისედაც დიდებულ წარსულს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის.

ბავშვობიდან მაინტერესებდა საქართველოს ისტორია, რაშიც ჩემი ოჯახიც ხელს მიწყობდა. ძალიან ტრადიციული ოჯახი მაქვს, ბავშვობიდანვე გამიღვივეს რელიგიის და ისტორიის სიყვარული.

ჩემთვის ყველაზე ძვირფასი წიგნი - ბიბლიაა. ბიბლია, ყველა ეპოქას ერგება, უბრალოდ ეპოქა იცვლება და ცხოვრება ვითარდება, მაგრამ ადამიანში უამრავი რამ, იგივე რჩება, ძველი და ახალი აღქმა, ყველა ეპოქას მოიცავს. თუ ისტორია იცი და ინტერესი გაქვს, ბევრი რამ შეიძლება გაიაზრო.

 

 - რას ნიშნავს იყო ხატის მცველი, თქვენს გარდა, რომელ ქვეყანაში არსებობენ...

ვერ ვიტყვი, რომ ეს ძალიან გავრცელებული მოვლენაა, თუმცა  იყო ივერიის ღვთისმშობლის „მონრეალის" ხატად წოდებული ხატის მცველი, ხოსე მუნიოსი (ესპანური წარმოშობის ჩილელი მხატვარი და ხატმწერი, რომელიც 1997 წლის 30 ოქტომბერს, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, უცნობმა პირებმა წამებით მოკლეს.

როდესაც მონრეალის ხატი გაუჩინარდა, წლების შემდეგ, მისმა ასლმა მირონდენა დაიწყო. ეს ხატი, დღეს ჰავაის ღვთისმშობლის ხატის სახელით არის ცნობილი. რომელსაც დღემდე მირონი სდის. საქართველოშიც იყო ჩამობრძანებული.

არის კიდევ ერთი ადამიანი, ღვთისმშობლის ხატის მცველი, სწორედ, იმ ხატის ასლის, რომელზედაც სერაფიმე საროველი ლოცულობდა. ახლო პერიოდში სულ ეს სამი შემთხვევა ვიცი, ჩვენი მეოთხე შემთხვევაა.

რას ნიშნავს იყო ხატის მცველი?! ალბათ ამაზე ხმამაღლა არასოდეს ისაუბრებ, ეს, უბრალოდ შენ იცი და ამას ხვდება სხვაც.

არსებობს რაღაც მოვლენები ქრისტიანობაში, რომელზედაც არ მსჯელობ, მაგრამ იცი, რაც არის. შენ ემსახურები ღვთისმშობელს და აღასრულებ მის ნება-სურვილს. ამით მე მგონი, ყველაფერია ნათქვამი.

- პირველი ხილული სასწაული...

ყველაზე დიდ სასწაულზე მოგიყვებით, რომელიც არსად გაჟღერებულა. იერუსალიმში, ცეცხლის გარდამოსვლის შესახებ, დღემდე ბჭობენ, ნამდვილია თუ არა.

უამრავ ვერსიებს ამბობენ, მაგალითად, პატრიარქი რომ შედის, ცეცხლს თავად ხომ არ ანთებსო, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხი, ჩემთვის და ზურასთვის, ხატის „დედოფალი“ გამოჩენამდე, რამდენიმე თვით ადრე გაეცა და რაც მთავარია, ეს ყველაფერი, ჩვენ ქვეყანაში მოხდა. ცეცხლის გარდამოსვლა, ჩვენ ვნახეთ აქ, საქართველოში.

როცა შენ ცხოვრებაში, გარკვეული მოვლენები ხდება, ყოველთვის ეძებ ისეთ ადამიანს, ვინც შენზე მეტად გამოცდილია. მე და ზურა ერთ-ერთ მონასტერში წავედით.

ათონზე წასვლა, ჯერ გადაწყვეტილი არ გვქონდა. შევედით ტაძარში და ღვთისმშობელს, ათონის მთაზე წასვლა შევავედრე - თუ წავიდოდით, კეთილად დაგვესრულებინა ყველაფერი.

სანამ შევიდოდით,  შესასვლელში, ერთ-ერთი ბერი შემოგვხვდა. მოძღვარს ვეძებთ -მეთქი ვუთხარით, გაკვირვებული სახით გამოგვხედა და ტაძრისკენ მიგვითითა. იქ შედით და თქვენ რომელ მოძღვარსაც ეძებთ, მანდ მოვაო.

ტაძარი, რომელიც კლდეში იყო გამოკვეთილი, ძალიან ჩაბნელებული იყო, ერთადერთი სარკმელი ანათებდა. მხოლოდ ერთი, მთავარანგელოზის ხატი იყო დაბრძანებული.

ამ დროს შემოდის ისევ ის ბერი, რომელიც შეგვხვდა. დავიწყეთ საუბარი, ბოლო ჟამის თემაზე, ღვთისმშობლის ჩამობრძანებასა და წინასწარმეტყველებაზე.

უცებ, რაღაც მომესმა, თითქოს ცეცხლის ტკაცუნის ხმა გავიგე. ვხედავ, ჩამქრალი კანდელიდან, დაახლოებით, ოცი -ოცდაათი სანტიმეტრის სიმაღლეზე, ჰაერში ლურჯი მრგვალი ნაპერწკალი აინთო, რომელიც ცეცხლის სვეტივით ჩამოვარდა, კანდელს დაეცა და აანთო.

გაოცებულები ვიყავით, მოძღვარს ვკითხე, ეს კანდელი ენთო? თავისით აინთო -მეთქი. ბერს რომ შევხედე, ფერი ჰქონდა დაკარგული და გაოგნებული იყურებოდა. რაღაც პერიოდი, შოკში ვიყავით. ის, რაც მაცხოვრის აღდგომის ტაძარში ხდება, ეს ვნახეთ აქ, საქართველოში.

კიდევ ბევრი სასწაულის მომსწრე გავხდი. ამის შემდეგ გამოჩნდა ხატი „დედოფალი“.

ეს იყო ჩვენი პირველი ხილული სასწაული. აღდგომის დღესასწაულზე, ცეცხლის გარდამოსვლასთან დაკავშირებით კითხვაზე პასუხი მაქვს, რადგან ჩემი თვალით ვნახე.

ახლაც მახსოვს, პირველი ნაპერწკალი, მოთეთრო - მოცისფრო იყო. თითქოს თეთრმა ალმა გაიელვა. ის რაც მაცხოვრის ტაძარში ხდება, ნამდვილად ხდება.

- მოგვიყევით „დედოფლის“ ხატი, როგორ აღმოჩნდა თქვენ ხელში და ვინ დაწერა დაუჯდომელი...

ეს ხატი საქართველოში შევიძინეთ. ათონის მთაზე რომ ჩავედით, გაუკვირდათ, საიდან გაქვთ ეს ხატი, პერანგი, რომელიც ღვთისმშობლის ხატს აქვს, ივერთა მონასტრის პერანგიაო. ვინ დაწერა არ ვიცით, ამას ახლა დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

„დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელის“ დაუჯდომელი, ჩემი დაწერილია. არ არსებობს ძალა, რომელიც დიდ სურვილს წინ აღუდგება, რა თქმა უნდა თუ ბოროტება არ დევს და გულწრფელია, აუცილებლად გამოვა.

მამა გაბრიელის პირველი დაუჯდომელი, დედა პარასკევამ დაწერა. ყველაზე მეტად, მან იცოდა მისი ცხოვრება და მოღვაწეობა. ამ ფაქტმა, დიდი გამბედაობა შემმატა, ვიფიქრე, მეც იქნებ შევძლო -მეთქი. 

დღეს საქრისტიანოში, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთშიც, ხშირად ვერ გაიგებ ასეთი დიდი სასწაულების შესახებ, რომელიც ასე მსწრაფლ ხდება და ჩვენი ხალხის ნუგეშად, კვლავ ვიტყვი, რაოდენ დიდი ბედნიერებაა, რომ ისეთი დიდი ცხოველმყოფელობა ღვთისმშობლისა და ისეთი დიდი ქრისტიანული მოვლენა, როგორიცაა „დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი" ნუგეშად ერგო ჩვენს ხალხს და საქართველოს.

დიდება უფალს!