"როგორ მინდა შეიცვალოს, საფლავებზე გადაკიდებული ნახევრად მკვდარი ადამიანების შეხედულებები” - მამა პეტრე

კოლხი

კორონავირუსის პანდემიის გამო, ორწლიანი აკრძალვის შემდეგ საფლავებზე გასვლა დასაშვები გახდა. მიუხედავად იმისა, რომ საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლებმა მოუწოდეს საზოგადოებას, თავი შეეკავებინათ საფლავებზე სუფრების გაშლისგან, მაინც შეიმჩნეოდა ამ დღეებში ხალხმრავალი სუფრები. სწორედ ამ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა დეკანოზი პეტრე კოლხი.

"როგორ მინდა შეიცვალოს, საფლავებზე გადაკიდებული ნახევრად მკვდარი ადამიანების შეხედულებები!..",- დაწერა პეტრე კოლხმა.

აქვე შეგახსენებთ, მამა შალვა კეკლიას ინტერვიუს „პრაიმთაიმთან“, სადაც ამბობს, რომ მიცვალებულის სული უკვდავია და მასთან სულიერი კონტაქტის დამყარება, მისი პატივისცემა ნებისმიერი ადგილიდან შეიძლება.

„სული ადამიანისთვის უმთავრესია და ნებისმიერი ადგილიდან შეიძლება სულიერი კონტაქტი. როდესაც პანაშვიდზე ან წესის ასაგებად მივდივარ სულ ამას ვეუბნები ადამიანებს, რომ გარდაცვალება არ არის საშიში. საგალობელი გვეუბნება, რომ „ ქრისტე აღდგა მკდრეთით სიკვდილითა სიკვდილის დამთრგუნველი და საფლავების შინათა, ცხოვრების მიმნიჭებელი” ყველა ადამიანი ცოცხალია ღვთის წინაშე. მარადიული სიცოცხლე აქვთ ადამიანებს სულებს და ურთიერთობა სასაფლაოების გარეთაც შეუძლიათ”, – განაცხადა მამა შალვა კეკელიამ „პრაიმთაიმთან“ ერთ-ერთ ინტერვიუში.

 

სასაფლაოზე გასვლის კანონიკური და სახალხო ტრადიცია

ეკლესიის მსახურნი ამბობენ, ბრწყინვალე შვიდეულში არ შეიძლება საფლავების კურთხევა. ამგვარი რამ ნებადართულია აღდგომიდან მეცხრე დღეს ანუ კვირაცხოვლობის შემდეგ სამშაბათს.

წმინდა შვიდეულში დაშვებულია სასაფლაოზე მხოლოდ მომლოცველობითი რიტუალის ჩატარება ანუ გალობა.

გარდა საეროსი, არსებობს ლიტურგიკული კალენდარი, სადაც ეკლესიის მიერ მიცვალებულთა მოხსენიებისთვის სულ შვიდი დღეა ოფიციალურად დაწესებული და მათში აღდგომის მეორე დღე არ შედის. ლიტურგიკულად არც კვირაა მიცვალებულთა მოხსენიების დღე. საერთოდ, სასაფლაოზე ხშირად სიარული ქრისტიანობაში წარმართული ელემენტია. ქრისტიანთათვის მიცვალებულის მსახურება პანაშვიდისა და ეკლესიაში მოხსენიების სახით გამოიხატება.

წმინდა იოანე ოქროპირის ქადაგებიდან:

„დღევანდელი დღესასწაული არა მხოლოდ მიწის ბინადართა დღესასწაულია, მას ზეცაშიც ზეიმობენ, სიხარულია დედამიწაზე! სიხარულია ზეცაშიც! და თუ ერთი ცოდვილის ღვთისკენ მოქცევას უდიდესი სიხარული ახლავს ჩვენშიც და ზეცაშიც, მით უფრო მეტია სიხარული დღეს, როდესაც მთელმა სამყარომ დააღწია თავი ეშმაკის კლანჭებს. დღეს ზეიმობენ ანგელოზნი, დღეს ხარობენ მთავარანგელოზნი, ზეიმი აქვთ ქერუბიმებსა და სერაბიმებს. მათ არ ერცხვინებათ ჩვენთან ერთად აღნიშვნა ამ დღისა! და არა მხოლოდ ანგელოზებს, თვით უფალს არ ერცხვინება თავის შვილებთან ერთად ზეიმი. „სურვილი მაქვს, პასექისა ამის ჭამად თქუენთანა“. (ლკ. 22, 15).

როდის უნდა გავიდეთ საფლავზე? მაშინ, როდესაც გული გაგიწევთ, როცა საფლავი მოსავლელია და იმ დღეებში, რომლებიც ეკლესიამ მიცვალებულთა მოხსენიების დღეებად დააწესა. გარდაცვლილი ადამიანებისადმი სიყვარული, ზრუნვა და ლოცვებში მოხსენიება გაცილებით  მნიშვნელოვანია.