როგორ გავუიოლოთ ბავშვს სტომატოლოგთან ვიზიტი

სტომატოლოგი

პირველად პროფილაქტიკისთვის მიიყვანეთ ექიმთან ხშირად მშობელი გაკვირვებულია, როცა იგებს, რომ მის 1 წლის ბავშვს კარიესი აქვს. ასეთ პატარებს ხშირად აქვთ პირის ღრუს დაავადებებიც: ინფექციები, შეცვლილი კბილის ფერი, ასევე პრობლემები მეტყველებასთან და კვებასთან დაკავშირებით.

ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების გათვალისწინებით გაეცანით ბავშვთა სტომატოლოგების რეკომენდაციებს ადრეული ასაკის ბავშვებში.

ჯობია, თუ სტომატოლოგთან პირველი მისვლა არ იქნება დაკავშირებული კბილის ტკივილთან. პირველად პროფილაქტიკისთვის მიიყვანეთ ექიმთან, რომ ცუდი ემოციები არ უკავშირდებოდეს სტომატოლოგს. ასევე ჯობს, ბავშვთა სტომატოლოგთან მიიყვანოთ, მასთან, ვისაც ბავშვებთან ურთიერთობის მეტი გამოცდილება აქვს.

ბავშვს უნდა მისცეთ დრო და საშუალება, შეეგუოს გარემოს, თავად მოსინჯოს სავარძელი, შეისწავლოს ახალი სივრცე. მერე მშვიდად გააღებს პირს და მისცემს ექიმს საშუალებას, დაუთვალიეროს კბილები. სასურველია, ბავშვი ერთსა და იმავე ექიმთან ატაროთ. ის არა მხოლოდ დროულად უმკურნალებს, დაუმეგობრდება კიდეც თქვენს შვილს.

ექიმთან ვიზიტის დროც გაითვალისწინეთ - ბავშვი კარგ ხასიათზე უნდა იყოს (ძილის ან ჭამის მერე). შინაც ათამაშეთ ექიმობანა, რომ მიეჩვიოს ამ მდგომარეობას, თავი იგრძნოს იმ ამპლუაში, რომლისაც ეშინია. არასდროს დაემუქროთ ექიმით და ნემსით - ესეც ყოველთვის გახსოვდეთ, არა მხოლოდ კბილებთან დაკავშირებული პრობლემებისას.

და კიდევ, სტომატოლოგთან ვიზიტი არ უნდა იქცეს კვირის მთავარ მოვლენად. ჯობს, ამის მერე კიდევ სხვაგან, რაიმე ჩვეულ საქმეზე გაეშუროთ, ან უბრალოდ გაისეირნოთ. სტომატოლოგთან ვიზიტი ბავშვისთვის ჩვეული პროცედურა უნდა იყოს, რომელიც არ მოითხოვს მორალურ სამზადისს რამდენიმე დღის განმავლობაში.