როდისთვის იქნება მზად, ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპისთვის განსაზღვრული რეგულაციები

ტაქსი

თბილისის მერიას ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპისთვის განსაზღვრული რეგულაციები ზაფხულის ბოლოსთვის ექნება მზად, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შიდა სამუშაოები სრულდება. 

„ასევე, ტაქსის მომსახურების გამწევი პირებისგან ვიღებთ ინფორმაციას მათი საჭიროებების შესახებ და ვაწვდით დეტალურ ინფორმაციას დაგეგმილ პროცესებთან დაკავშირებით. მესამე ეტაპის ამოქმედებისთვის მზად ვიქნებით ზაფხულის ბოლოსთვის.

აქვე მინდა, ირაკლი ხმალაძეს დავავალო, რომ მესამე ეტაპისთვის, შეძლებისდაგვარად, გავითვალისწინოთ A კატეგორიის ტაქსის მძღოლების მიერ მგზავრის აყვანის ან გადმოსმის მიზნით, ავტობუსის ზოლში გაჩერების საკითხი. უზრუნველვყოთ მისი ლეგალიზება, რათა არ მოხდეს ტაქსის მომსახურების გამწევი პირების დაჯარიმება. ამისთვის დაგვჭირდება საკანონმდებლო ცვლილება. დაამუშავეთ ეს თემა ისე, რომ პრობლემა არ შეექმნას საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.