როდის არის საჭირო ინფიცირებული ბავშვის ჰოსპიტალიზაცია - ნახეთ განახლებული მკურნალობის პროტოკოლი

ბავშვი

კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა. განახლებული წესების მიხედვით, ბავშვის ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია, თუ მას 3-5 დღის განმავლობაში მუდმივი მაღალი ტემპერატურა აქვს.

ამასთან, პაციენტის კლინიკაში გადაყვანა საჭიროა, თუ დაავადების ხანგრძლივობა 1 კვირაზე მეტია და არ არის გაუმჯობესება, ან გამწვავება პროგრესირებს.

პროტოკოლის თანახმად, რეკომენდებულია კორონავირუსით ინფიცირებული 1 წლამდე ასაკის ჩვილის ჰოსპიტალში გადაყვანა.

რაც შეეხება დანარჩენ რისკის კრიტერიუმებს, რა დროსაც ბავშვის ჰოსპიტალიზაციაა საჭირო, ესენია: კლინიკურად ან რენტგენოგრაფიულად დადასტურებული პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, თანარსებული ქრონიკული მდგომარეობა, ფილტვების ქრონიკული დაავადება (ზომიერი ან მძიმე ასთმა), გულსისხლძარღვთა დაავადებები, თირკმელების ქრონიკული დაავადება, ღვიძლის ქრონიკული დაავადება. ნერვ-კუნთოვანი დაავადება. ენდოკრინული დარღვევები (მაგ., შაქრიანი დიაბეტი).

მეტაბოლური დარღვევები. იმუნოსუპრესიული პაციენტი (კიბო, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, ორგანოს გადანერგვას, იმუნომოდულაცია და გლუკოკორტიკოიდების მაღალი დოზა). მულტისისტემური ანთებითი სინდრომის და კავასაკის დაავადების მსგავსი კლინიკური მახასიათებლები.