სასამართლოდან გაქცეული ქართველი პატიმარი სალონიკის პოლიციამ, ერთი წლის შემდეგ, ქუჩაში შემთხვევით იპოვა

საბერძნეთი - სამართალი

თესალონიკის პოლიციამ დევნის შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე, 35 და 52 წლის მამაკაცები დააკავა. ერთ-ერთი მათგანი, გასული წლის ივნისში, სასამართლოდან იყო გაქცეული. თესალონიკში, კონსტანტინოს კარამანლის ქუჩაზე პოლიციის განყოფილების თანამშრომელმა, რომელიც იმ დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, კერძო ავტომობილის 35 წლის მძღოლი ამოიცნო.

იგი სწორედ ის მამაკაცი აღმოჩნდა, რომელიც 2025 წლის ივნისში, თესალონიკის სასამართლო კომპლექსში მიყვანის შემდეგ გაიქცა. პოლიციელმა დაუყოვნებლივ შეატყობინა შემთხვევის შესახებ ოპერატიულ-სამორიგეო ცენტრს, რის შემდეგაც ადგილზე საბერძნეთის პოლიციის (EL.AS.) თანამშრომლები მივიდნენ. პოლიციელებმა ავტომობილის გაჩერების მიზნით ჩართეს ხმოვანი სიგნალები და ციმციმები, თუმცა მძღოლი მათ მოთხოვნას არ დაემორჩილა და მოძრაობა განაგრძო.

პოლიციის განცხადების თანახმად, იგი სახიფათო მანევრებს ასრულებდა და წითელ შუქნიშნებსაც არ ემორჩილებოდა. ამის შემდეგ ავტომობილში მყოფმა ორივე პირმა მანქანა მიატოვა და ფეხით გაქცევა სცადა. ისინი სხვადასხვა მიმართულებით გაიქცნენ, თუმცა პოლიციელებმა ორივე შეაჩერეს და წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად დააკავეს.

პოლიციის განცხადების თანახმად, დაკავების ოპერაციის დროს ერთი პოლიციელი დაშავდა. ავტომობილის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს ბინის გასატეხად განკუთვნილი ხელსაწყოები.

ასევე ამოიღეს 725 თურქული ლირა, 55 ევრო და 5 აშშ დოლარი. როგორც გაირკვა, 35 წლის მამაკაცის მიმართ ძალაში იყო თესალონიკის სამწევრიანი სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. მას 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ქურდობისა და დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნისთვის.

გარდა ამისა, მას არ ჰქონდა სამგზავრო ან სხვა დოკუმენტები, რომლებიც ქვეყანაში მისი ლეგალურად ყოფნის უფლებას დაადასტურებდა. პოლიციის გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ორივე დაკავებული, სავარაუდოდ, წარსულში საცხოვრებელი სახლის გაქურდვაში მონაწილეობდა.

✕