პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თეონა დოლენჯაშვილი სოციალურ ქსელში თავისი რომანიდან - "ჩიტი არ გამოფრინდება" ამონარიდს აქვეყნებს. რომანის თემატიკა ომს და ომის საშინელებას ეხმიანება...
თეონა დოლენჯაშვილი: როდესაც ზემოდან ყუმბარები ცვივა, თავს დედის კისერში ჩავრგავ, თვალებს მაგრად ვხუჭავ და ღრმად ვსუნთქავ. დედა ხელებს მხვევს და გულში რაც შეიძლება მაგრად მიკრავს. ზოგჯერ ძვლები მტკივა, ისე მაგრად.. მე თანდათან ვბრუვდები და აღარ მეშინია. მგონია, დედის სხეულის შიგნით ვბრუნდები, მის შიგნით ვარ და ეს სხეული, როგორც ყველაზე მყარი ჯავშანი, სიკვდილისგანაც დამიცავს. თანდათან ყველაფერი ქრება და მარტო დედის სიმღერა ისმის, ჩემს გასამხნევებლად რომ მღერის. ძილისპირულს მღერის. ხმას თანდათან უწევს. იქნებ ფიქრობს, რომ მისი ხმა აფეთქების ხმაზე ძლიერია და ასე არ შემეშინდება. დედის ხმა აფეთქებების ხმას ვერ ფარავს, მაგრამ მე მაინც თავს ვიმძინარებ. ან შეიძლება მართლაც მეძინება.
ამ დროს, ძილბურანში წასულს, მჯერა, რომ ციდან ღმერთი იყურება და ჩვენს სახლს ყუმბარებს აცილებს. მჯერა, რომ ჩვენი სახლის წინ დარგული ფორთოხლის ხეებიც გადარჩება და ამ ხეებქვეშ შეყუჟული ჩემი ძაღლიც, რომლის ყეფის ხმაც დროდადრო, აფეთქებებს შორის ჩამოწოლილ კიდევ უფრო გამაყრუებელ სიჩუმეში ისმის და ცხადში მაბრუნებს.
ძაღლი ალბათ ბომბდამშენ თვითმფრინავს უყეფს, ან ღმერთს. ან ორივეს ერთად. მე მინდა ძაღლი გაჩუმდეს და ღმერთი არ გააბრაზოს. მე ვფიქრობ, რომ ღმერთებიც ბრაზობენ. ჰოდა ხომ შეიძლება გაბრაზებულმა ღმერთმა სახლს ხელი აღარ დააფაროს და მასაც ისევე დაეცეს ბომბი, როგორც ლინას სახლს.
ლინას ძალიან ლამაზი სათამაშოები და წიგნები ჰქონდა და მის სახლს რომ ყუმბარა დაეცა, ის ვინატრე- ნეტა სათამაშოები არ დაეწვას-თქო. მაგრამ სათამაშოებიც დაიწვა და ლინაც. ალბათ ღმერთს კარგად არ ეფარა ხელი ლინას სახლზე. ან დაეღალა. მე ვფიქრობ , რომ ღმერთებსაც ეღლებათ ხელი. ჰოდა იმ დაღლილი ხელით ლინას ღმერთმა ლინა თავისთან წაიყვანა.