კინორეჟისორ ნანა ჯანელიძის ემოციური სიტყვები უკრაინელ ხალხს

nana janelidze

"უკვე მეექვსე დღეა ვერ ვიძინებთ და შიშით ვიღვიძებთ - უკრაინის ამბებს ველოდებით ძრწოლით" - "ფეისბუქზე" წერს კინორეჟისორი ნანა ჯანელიძე.

რეჟისორი მამაცი უკრაინელი ხალხისა და მისი შეუდარებელი პრეზიდენტის მისამართით, ყველა ჩვენგანის სათქმელს ამბობს. დასასრულს კი წერს ამაღელვებელ სიტყვებს: რომ არა ქართველად, ვინატრებდი უკრაინელად დავბადებულიყავიო.

ნანა ჯანელიძე: - იმდენი რამ იწერება და ქვეყნდება უკრაინის და უკრაინელების გასამხნევებლად, რომ არც კი ვიცი, კიდევ რა შეიძლება ითქვას, რომ გამოვხატო ჩემი და მე მგონი, ყველა ქართველის გრძნობა: ეს არის უდიდესი სიყვარულის, თანაგრძნობის, აღტაცების, პატივისცემის სიტყვები.

თქვენ ყველასთვის მაგალითად იქეცით - გამოაღვიძეთ ევროპა, დაიცავით ყველა ჩვენგანის ადამიანური ღირსება. ფაქტობრივად, დღეს თქვენ მთელ კაცობრიობას იცავთ თქვენი სისხლით და ხორცით.

პრეზიდენტი ზელენსკი კი, 21-ე, პრაგმატულ და კომფორმისტულ საუკუნეში, ბოროტების გოლიათთან მებრძოლ, უშიშარ დავითად წარმოგვიდგა.

ვფიქრობ, რომ დღეს, უკრაინა ახალი ევროპის დაბადების ავანგარდში დგას. ევროპამ ბევრი დაკარგა იმის გამო, რომ არ იცნობდა უკრაინას და მის სულს, რომლის ერთ-ერთი დიდი ხატი იყო ლესია უკრაინკა. ლესიასნაირი ქალები - თავისუფალი, ლაღი, და გაუტეხელი ადამიანები, ქმნიან დღევანდელი ევროპის სულიერ კლიმატს.

სიმბოლურია, რომ ბოლო ცხრა წელი ლესიამ საქართველოში გაატარა და აქვე მიიცვალა.

ალბათ, გახსოვთ მისი სიტყვები - რომ არა უკრაინელად, ვისურვებდი ქართველად დავბადებულიყავი.

დღეს კი მე მინდა ვთქვა - რომ არა ქართველად, ვინატრებდი უკრაინელად დავბადებულიყავი. ლესიას საკრალური სიტყვებიც უკრაინის სულის მარადიულობას გამოხატავს - я жива и буду вечно жить.

ცნობისთვის, ნანა ჯანელიძემ პოეტ ლესია უკრაინკაზე, უკრაინელ პროდიუსერებთან თანამშრომლობით, ბიოგრაფიული ფილმი გადაიღო. ის ახლა ფილმის ფოსთფროდაქშენზე მუშაობს. ფილმი რომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს, უკვე ცხადია...