1728156496
"როდესაც ძალიან მენატრება, მაშინ მესიზმრება და იმდენად ცხადად, რომ მის სურნელსაც ვგრძნობ..." - დღეს ტრაგიკულად გარდაცვლილი მუსიკოსი 26 წლის გახდებოდა
დღეს 26 წლის გახდებოდა მუსიკოსი, რომელიც 2018 წლის 25 სექტემბერს უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ნანუკი ყელბერაშვილი, ფეიქრების ქუჩაზე, ლიანდაგზე ყურსასმენებით გადადიოდა, მან მატარებლის სიგნალის ხმა ვერ გაიგონა და დაჯახების შედეგად გარდაიცვალა.
ნანუკი თბილისის გოგონათა გუნდში მღეროდა, კონსერვატორიაში სწავლობდა, უკრავდა ტრუბაზე.
"ტრაგედიის დღეს სამსახურში მიდიოდა, ყურსასმენები ეკეთა, კონცერტის წინ ემზადებოდა. მღეროდა გოგონათა გუნდში და გზაშიც, როგორც დროს მოიხელთებდა, მეცადინეობდა და სიმღერებს უსმენდა, თავისთვის რეპეტიციობდა... ლიანდაგზე გადასვლისას მატარებლის სიგნალის ხმა ვერ გაიგო..." - "პრაიმტაიმს" უყვება ნანუკის დედა, ია კაპანაძე.
როგორც დედა გვიყვება, კონსერვატორიაში ნანუკის დაბადების დღეს, 15 ნოემბერს, ყოველწლიურად იმართება კონცერტი სახელწოდებით "ნანუკის დღე", პანდემიის დროსაც კი ცარიელ დარბაზში ჩატარდა და ინტერნეტით გადაიცა. დღეს კონცერტი ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარდება.
ნანუკის მეგობრებმა დააარსეს საქველმოქმედო ფონდი "ნანინა" და კეთილ საქმეებს ჩადიან ნანუკის სახელით, მისი სულის საოხად. მანამდე ყველა მათგანი არც იცნობდა ერთმანეთს, ამ საქმემ შეახვედრა ერთმანეთს... ფონდის სახელით ეხმარებიან მრავალშვილიან ოჯახებს, დაავადებებთან მებრძოლ ადამიანებს.
ია კაპანაძე: ცხოვრებამ მიმახვედრა, რომ განსაცდელი გვაძლიერებს. უბრალოდ არ გვევლინება. გამოსაფხიზლებელია. ტვირთის ზიდვაში უფალი თვითონ გვეხმარება.
ჩემს ცხოვრებაში ნანუკის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. მთლიანად უფალს ვარ მინდობილი. ერთადერთი ნუგეში, ჩემთვის, უფალთან ყოფნაშია.
ხშირად ვხედავ სიმზრად. როდესაც ძალიან მენატრება, მაშინ მესიზმრება და იმდენად ცხადად, რომ ხანდახან მის სურნელსაც ვგრძნობ...
ვიცი, რომ იქ კარგად არის. უფალი დიდია და მოწყალე. ამბობენ, რომ უფალს საუკეთესო დროს გაჰყავს ადამიანი წუთისოფლიდანო... ჩემი შვილი გარდაიცვალა და არ მომკვდარა. აკი პატრიარქი გვლოცავს, იხარეთ ორთავ სოფელსა შინაო.
მთავარი მანუგეშებელი შვილმკვდარი დედისთვის არის ის, რომ სიკვდილი არ არის, არის გარდაცვალება და იმ სოფლად კიდევ, ყველანი წავალთ. თავიანთი სულის საოხად ჩვენმა შვილებმა რისი გაკეთებაც თავად ვერ მოასწრეს, ჩვენ, ჩვენი სიკეთით, ლოცვითა და სიყვარულით შეგვიძლია დავეხმაროთ.
ასევე დაგაინტერესებთ: