"საკუთარ სახლში ქირით ვცხოვრობთ, ბავშვებს არასდროს დაუწუწუნიათ, იციან, რომ მაკარონია ჩვენი სადილიც და ვახშამიც..." - ექვსშვილიან ოჯახს დახმარება სჭირდება

elga

საგარეჯოს რაიონის სოფელ ბადიაურში, ოჯახი, საკუთარ სახლში ქირით ცხოვრობს! დიახ, საკუთარი სახლის ორ ოთახში ცხოვრობენ ქირით. ბავშვები იზრდებიან ყოველგვარი სიხარულის გარეშე, სათამაშოებისა და გასართობის გარეშე, მხოლოდ ოცნებებისა და საკუთარი ფანტაზიის ამარა; უტელევიზოროდ, უსაკვებოდ, უტკბილეულოდ... ყბადაღებული მწარე რეალობის წინაშე უსუსურად მდგარნი.

ამ ექვს შვილიანი ოჯახის ყოველდღიური საკვები მაკარონია! ამ კერძსაც იმ შემთხვევაში ამზადებს დედა, თუკი მამა  ტყიდან ფიჩხების მოტანას შეძლებს და გაზქურის შემცვლელ ღუმელს დაანთებენ... 

46 წლის გელა აგულოვი აგვისტოს ომის მებრძოლია. და მისი ოჯახი დღეს ასეთ სიდუხჭირეშია...

ირგვლივ მათი დამხმარე არავინაა. ცხოვრობენ ღმერთისა და სოციალური დახმარების იმედად. 

ელგა ფანჩულიძე "პრაიმტაიმს" თავის ცხოვრებაზე უყვება.

ელგა ფანჩულიძე: ჩემი ქმარი ბადიაურელია. რომ შევუღლდით, სახლი არ გვქონდა და კრედიტით შევიძინეთ სახლი ბადიაურში. გელა ჯარში მსახურობდა, 2008 წლის აგვისტოს ომში რომ წაიყვანეს; იქ ბოლომდე იბრძოლა. ომში მარცხენა თვალი დაუზიანდა. მხედველობა დაქვეითებული აქვს. მერე ჯარისკაცების ნაწილი გამოუშვეს სამსახურიდან. როგორც ომის მონაწილე, არაფერს იღებს, რახან ითვლება რომ "საღ-სალამათი" დაბრუნდა ომიდან. კრედიტის გადახდა ვეღარ შევძელით, ბანკმა სახლი გაგვიყიდა. ვინც ჩვენი სახლი იყიდა, იმან, საკუთარ სახლში, სამადლოდ ორი ოთახი მოგვაქირავა. 

წარმოიდგინეთ, ჩვენი  ემოციური მდგომარეობა, საკუთარ სახლში შეკედლებულად ვცხოვრობთ. კედლებიდან გაჯის და ცემენტის ნაფშვენები ცვივა და მძინარე ბავშვებს რომ არ დააცვივდეს, გაკრული "ადიალებით" ვაკავებ. ისიც სახლის მეპატრონემ მომცა და ავაკარი. 

სამზარეულო არ გვაქვს. ერთი ოთახი საძინებლად მაქვს, მეორეში ღუმელი გვიდგას. შეშა ვერ ვიყიდეთ, საკმაოდ ძვირი ღირს. რასაც ჩემი მეუღლე მინდორში და ტყეში იპოვის, წვრილ ხმელ ფიჩხს, მოაქვს და იმას შევუკეთებთ და ვანთებთ ღუმელს. ხის მოჭრა აკრძალულია. ვინც გასაყიდად ჭრის შეშას, იმათ ნარჩენებს თუ იპოვის, მოაქვს...

ჩვენი შემოსავალი მხოლოდ სოციალური დახმარებაა, რომელსაც ბავშვებზე ვიღებთ. 16 წლის გოგონას დანამატი ჩამოაკლეს, უკვე სრულწლოვანიაო.

ვერ მუშაობს გელა, მაგრამ არც თირკმლის ტკივილს დაეძებს, არც თვალისას, შვილების გულისთვის რაზე არ წავა, მაგრამ აქ, ახლა ჩვენთვის არც დღიური სამუშაოა, ორიოდ კაპიკი რომ გამოიმუშაოს... სამჯერ დაისეტყვა ვენახები, თორემ დღიურად ეხმარებოდა რთველში. სულ გაუფუჭდათ მოსავალი და დახმარება ვის რაშიღა სჭირდება. 

დასახლებისგან მოშორებით ვართ სამი კომლი. ვერავინ გვიწვდის დახმარების ხელს. ყველას თავისი თავი გასჭირვებია. 

ოჯახში ოთხი გოგონა და ორი ვაჟი იზრდება. გოგონები -16, 13, 12, 10 წლისები არიან, ვაჟები - 15 და7-ის წლის არიან. 

უსახსრობის გამო ყველაფერს აკლდებიან, კლასელებთან ერთად ვერც ექსკურსიებზე დადიან, ვერც ვერსად. სხვას რომ ხელებში არ უყურონ, მირჩევნია საერთოდ არ გავუშვა. 

გოგონები სახლში მეხმარებიან. ან ამ ორ ოთახში რა უნდა გააკეთონ?! 

პატარები რომ იყვნენ, ვტოვებდი და დღიურ სამუშაოს ვშოულობდი, რომ ლუკმაპური მომეტანა და მშივრებს არ დაეძინათ. არაფერი მითაკილია. როცა შვილები მშიერი გეგულება, რა უნდა ითაკილო?! წელს არავინ დაგვიძახა დღიურ სამუშაოზე. მეზობელთან ხუთი ლარი რომ ითხოვო, ისე იტირებენ, იფიქრებ, ნეტა მქონდეს, რომ მივცეო. მიკეტილი ცხოვრობენ. ჩვენც ვართ ასე ღვთის ანაბარა.

უფროსი ვაჟი, ბაჩო ნიჭიერია. საგნებში სულ სიგელებს იღებს. ერთხელ ანაკლიაში ბანაკით წაიყვანა დირექტორმა. იქიდანაც სიგელებით დაბრუნდა. გულდაწყვეტილი იყო, კიდევ უნდოდა ბანაკში ყოფნა. მეგობრები გაუჩენია. ის იყო მისი გასვლა და მორჩა. არც არსად არ არიან ნამყოფნი. დირექტორი ამბობს, კლასში შესვლა მიხარია, ბაჩო რომ მხვდებაო. სულ მომზადებული აქვს გაკვეთილები იმის მიუხედავად, რომ ასეთ გაჭირვებაში ვცხოვრობთ. ამბობს, იქნებ ჩემი სწავლით მაინც გვეშველოს და რამე გამოგვივიდესო. სწავლა უყვარს. სამედიცინო სფეროში უნდა სწავლის გაგრძელება. მაგრამ რა ვიცი. ღმერთმა გადმოგვხედოს... 

პატარა მაგიდა გვაქვს და მორიგეობით ვსვამ ორ-ორს, რომ მეცადინეობა მოახერხონ. აი, ასეთ მდგომარეობაში რაღაცნაირად ასწრებენ სწავლას. 

ჩვენი ყოველდღიური ძირითადი საჭმელი მოხარშული ან ზეთში მოხრაკული მაკარონია. ხორციან საკვებზე ლაპარაკი ზედმეტია. კვირაში ერთხელ მაინც ხომ უნდა შეჭამო ხორციანი საკვები?!ამ დროს 25 ლარი ღირს კილო ხორცი. ერთი კილო ხორცით კიდევ, ექვს ბავშვს, რა სადილი უნდა გავუმზადო რომ ეყოთ? ამიტომ მირჩევნია მაკარონი ვიყიდო და...

...ბავშვებს არასდროს დაუწუწუნიათ, კიდევ მაკარონი გვაქვსო?.. სხვა რა გზა აქვთ. იციან, რომ ეს არის ჩვენი სადილიც და ვახშამიც. უნდათ არ უნდათ, უნდა შეჭამონ, მშივრები რომ არ დარჩნენ.

ტანსაცმელი ერთხელ მამაომ მოგვცა, გამონაცვალებიც გვაქვს, ჯერჯერობით.

ტელევიზორი არ გვაქვს. ტელეფონი ერთი გვაქვს. სამეცადინოდ ინტერნეტი რომ სჭირდებათ, სკოლაში ჩადიან და ტელეფონსაც იქ აკავშირებენ ინტერნეტს. 

ექიმთან მისვლის სახსრები, ბუნებრივია, არ გვაქვს. ახლა ერთ შვილს ხელი სტკივა, ვერ ამოძრავებს და ექიმთან ვერ მიმიყვანია. რა ფასებიც ღირს კონსულტაცია, იცით. ჩვენი ჯანმრთელობის პოლისი ვერაფერს აფინანსებს. მხოლოდ სისხლის ანალიზს თუ აიღებ. 

რა გითხრათ, არაფრის იმედი არ მაქვს. მხოლოდ ღმერთის! თუ გადმოგვხედა და რამე იქნა... და კეთილი ადამიანების იმედი მაქვს. უიმედობა არ შეიძლება. წირვა-ლოცვას ვესწრებით ზოგჯერ. მინდა ირწმუნონ ღმერთის. ამის გარეშე ვერ იცხოვრებ...

ყველას ღმერთი გაახარებს, ვინც მცირედით შეგვეწევა და ჩემი შვილების გახარებას მცირედით მაინც ეცდება.

***

მოდით, კეთილი ადამიანების იმედად მყოფ ოჯახს დავეხმაროთ. რაც შეგიძლიათ, გემეტებათ და გულით რასაც გაიღებთ... ხომ იცით, მოყვასის დახმარებით, ისევ საკუთარ სულს ვეხმარებით...

 

საქართველოს ბანკი: GE40BG0000000525156538

მიმღები ელგა ფანჩულიძე

ელგას საკონტაქტო ტელეფონია: 568 684837

 

ასევე დაგაინტერესებთ:

"ასე აღმოვჩნდი ყვავაძის ოჯახში და ვნახე სასწაული! – ამ ოჯახის დასახმარებლად ზურა ხაჩიძე საზოგადოებას მიმართავს

"და მაინც საყდრის კარი გაიღო, და კაცმა თავი მსხვერპლად გაიღო" - რატი ამაღლობელის ლექსს თამაზ გინტურზე, დიდი გამოხმაურება მოჰყვა

„ინსტაგრამზე ვეცნობი, რა ამბავია ქვეყანაზე...“ - გაიცანით 100 წლის გოგუცა მირცხულავა, სოფელ საგვაზავოდან