რისი ეშინოდა თემურ ჩხეიძეს - გულწრფელი პასუხები

თემურ ჩხეიძე

ქართველი რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, თემურ ჩხეიძე 5 ივნისს, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო კითხვაზე პასუხს „60 კითხვიდან“ სადაც თემურ ჩხეიძემ 50 წლის ასაკში ისაუბრა.

- რა შეფასებას მისცემდით რეჟისორ თემურ ჩხეიძეს?

- ფრიად თავშეკავებულს. მაგრამ ზედმეტ თავდაბლობაში რომ არ ჩამეთვალოს, მე მიმაჩნია, რომ ვარ პროფესიონალი, რომელიც თეატრისთვის ჯერ კიდევ საჭიროა. 

- შესაძლებელია თუ არა კარგი რეჟისორი კარგი პოლიტიკოსი იყოს?

- ჯერ ეს ერთი, თუ გამოვალთ იმ აზრიდან, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შესაძლებელია, ე.ი ესეც შესაძლებელია. არ ვიცი, ალბათ შეიძლება. რეჟისორი რატომ არის გამონაკლისი. თუკი შეიძლება, მათემატიკოსი იყოს კარგი პოლიტიკოსი, ისტორიკოსი, ექიმი, რატომ არ შეიძლება იყოს რეჟისორი.

- რა ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში პოლიტიკას?

- პოლიტიკაზე ბევრად არის დამოკიდებული ქვეყნის და მსოფლიოს ბედი, ცხადია, მაინტერესებს. მაგრამ არ მიმაჩნია, რომ პოლიტიკაზე ყველაფერია დამოკიდებული,ჩვენზეც ბევრი რამეა დამოკიდებული. არ მოხდეს ისე, რომ ჩვენ ყველაფერს პოლიტიკოსებს ვთხოვთ.. არ მიმაჩნია, რომ სწორია.

- რას უწოდებთ გენიალურს?

ჯოკონდას შემიძლია ვუწოდო, ბახს, მოცარტს. უფრო მეტი დრო რომ ქმონდეს დასაფიქრებლად, სიტყვებით ვერ გამოვხატავ.

- მისაბაძი რეჟისორი

იყო და რჩება მიხეილ თუმანიშვილი.

- გატაცება

- ჩემი გატაცება თეატრია. თეატრია ჩემი პროფესიაც, ჩემთვის ყველაფერი თეატრია. ისე, სპორტი მიყვარს, არ შემიძლია, სპორტს არ ვუცქირო, როცა მაქვს საშუალება მივდივარ სხვადასხვა სახეობაზე. ტელევიზიით ძალიან ჭარბად ვუცქერ სპორტულ გადაცემებს.

- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?

-
სიბერის. ოღონდ ასაკის გამო კი არა,  მე ახალგაზრდა აღარ ვარ, 50 წლისა ვარ, არ შემდგომი ასაკის. სიბერეს როცა ვამბობ, სიკვდილის კი არ მეშინია, მეშინია, ვაითუ დადეს ის დრო, როცა აღარავისათვის საჭირო აღარ ვიქნები. როცა აღარ მოუნდებათ ჩემთან რეპეტიციაზე მოსვლა, როცა აღარ მოუნდებათ ჩემთან მუშაობა, ახალგაზრდებს აღარ ენდომებათ და აღარ დააინტერესებთ ჩემთან კონტაქტი, აი, ამის მეშინია. ბედნიერია ყველა, ვინც სიბერეშიც აუცილებელია საზოგაოდებისთვის. თუ ბედმა გამიღიმა და ასე მოხდა ჩემს ცხოვრებაში, მაშინ უბედნიერესი კაცი ვიქნები.

- რა არის სიკეთე?

- არ მინდა გაგაწბილოთ, მაგრამ არ ვიცი. მეგობართან და მის მეუღლესთან რაღაც კამათივით გამოგვივიდა, რომ ყველაფერი პირობითია ამ ქვეყანაზე. არის რაღაც მიჩნეული სიკეთე: მოყვასის სიყვარული, გაჭირვებულს ხელი გაუწოდო, ბევრის ჩამოსვლა შეიძლება, მაგრამ რა არის სიკეთე ეს შეკითხვა მაშინ შეიძლება დაისვას, როდესაც ერთი მხრივ, სიკეთე გგონია და ვიღაცისთვის ასე არ არის, ასე საორჭოფოდ რომ დგას საკითხი... რთულია განსაზღვრო, ყველას ჩვენ ჩვენი დონე, წერტილი, ზნეობის განმსაზღრველი გვიზის გონებაში და ორგანიზმში. გასაგებია, რომ 10 მცნება უნდა დავიცვათ, მაგრამ განა კი ბევრია დედამიწაზე, ვინც ეს დაიცვა?! სწორედ ამიტომ სიკეთე არის სიყვარულის უნარი, ეს როდესაც აქვს ადამიანს, არის ყველაზე დიდი სიკეთე. სიყვარულზე დიდი დანიშნულება შეიძლება დედამიწაზე არ გვაქვს. 

- ცოტა რამ თქვენი ხასიათის თავისებურებებზე

- სრულიად აუტანელი ხასიათი მაქვს, ჩემთან გაძლება ძალიან ძნელია. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემი ოჯახის ყველა წევრს, რომელიც მოთმინებით იტანს ჩემთან ერთ ჭერქვეშ ყოფნას.

ცოტა რამ მის შესახებ:

თემურ ჩხეიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1965 წელს. 1965-1967 წლებში იყო ზუგდიდის დრამატული თეატრის, 1967-1970 წწ-ში მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის, 1970-1980 წლებში რუსთაველის თეატრის, 1980-1990 წლებში მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი. 1981-1988 წლებში საქართველოს სატელევიზიო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის მსახიობის ოსტატობისა და რეჟისურის პედაგოგი.

1991 წლიდან იყო სანქტ პეტერბურგის დიდი დრამატული თეატრის რეჟისორი, 2004 წლიდან მთავარი რეჟისორი, 2007-2013 წლებში სამხატვრო ხელმძღვანელი. დადგმული აქვს 80-მდე დრამატული, საოპერო და სატელევიზიო სპექტაკლი, მათ შორის, მოზარდ მაყურებელთა თეატრში.

მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და პრემია, მათ შორის, 2013 წელს ილიას მედალი (მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა) ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის; 2010 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე, 1981 – საქართველოს სახალხო არტისტი.

1997 წელს მიღებული აქვს „ოქროს სოფიტი“, სანქტ პეტერბურგის უმაღლესი თეატრალური პრემია ნომინაციაში „რეჟისორის საუკეთესო ნამუშევარი“ ჟან ანუის „ანტიგონეს“ დადგმისთვის.

თემურ ჩხეიძე იყო საპატიო ნიშნის ორდენის „ოქროს გრან-პრის“ მფლობელი, ასევე, მიღებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრემია, საქართველოს თეატრალური პრემია „ოქროს ნიღაბი“ (ორგზის მფლობელი).

გთავაზობთ, „60 კითხვიდან“ რამდენიმე საინტერესო პასუხს, რომელზეც თემურ ჩხეიძემ წლების წინ, 50 წლის ასაკში ისაუბრა.