რას ურჩევს ფსიქოლოგი აბიტურიენტებს იმ შემთხვევაში, თუ სტრესის დონე მაღლა იწევს

აბიტურიენტი ტელეფონი

ერთიანი ეროვნული გამოცდების დადგომასთან ერთად, აბიტურიენტებში სტრესის, ემოციებისა და დაძაბულობის ხარისხი მატულობს. ფსიქოლოგი, მეგი საჯაია ემოციური ფონის მიზეზებზე საუბრობს და ყურადღებას საგამოცდო პერიოდში არსებულ მდგომარეობაზე ამახვილებს.

ფსიქოლოგი, "შუადღეში", განსაკუთრებით ყურადღებას საგამოცდო პერიოდში არსებულ ემოციურ მდგომარეობაზე ამახვილებს. როგორც მეგი საჯაია ამბობს, აბიტურიენტების შემთხვევაში, დაძაბულ მდგომარეობაში ყოფნა დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება, იცვლება მათი ცხოვრების წესი, რაც შემდგომ მათში სტრესის დონის მატებას იწვევს.

"გრძელდება დაძაბულობა დიდი ხნის განმავლობაში. აბიტურიენტების ცხოვრება იცვლება, მუდმივად უწევთ მჯდომარე პოზიციაში ყოფნა, დაძაბულად ყოფნა დიდი ხნის განმავლობაში, კონცენტრირება, მეცადინეობა, ერევათ კვების რეჟიმი, ძილის რეჟიმი. ჯანსაღიო ცხოვრების წესი ერღვევათ და ასევე დგებიან მნიშვნელოვანი გამოცდის წინაშე, რომელსაც ცხოვრების შემდეგ საფეხურზე გადაჰყავთ. ასევე, მათ მიმართ არსებობს მოლოდინები," - ამბობს მეგი საჯაია.

სტრესის ხარისხის მაღლა აწევის შემთხვევაში, ფსიქოლოგი რამდენიმე გამოსავალზე საუბრობს, მათ შორის არის ცხოვრების რიტმის შეცვლა, დასვენება, თუმცა, თუკი ეს შედეგს არ გამოიღებს, მისი თქმით, სპეციალისტის ჩარევა რეკომენდებულია.

"ისიც უნდა ითქვას, რომ სტრესი მცირე დოზით აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის, რადგან ასრულებს თავდაცვის ფუნქციას. თუმცა, როგორც კი ხდება სტრესის დონის მაღლა აწევა, პირველ ეტაპზე, თუ არ გვშველის გასაუბრება მეგობართან, შესვენება, ცხოვრების რიტმის შეცვლა და ა.შ. უნდა მივმართოთ სპეციალისტს." - აღნიშნა ფსიქოლოგმა.

კითხვაზე - შეიძლება თუ არა ვიზუალიზაცია ან წინასწარ საკუთარი თავის შემზადება, ფსიქოლოგი ამბობს, რომ მსგავსი მეთოდი, რიგ შემთხვევაში, საფრთხილოა.

"ძალიან საფრთხილოა ის მომენტი, რომ თუ სტრესის დონე და ემოცია არის მაღალი, შესაძლოა, პირიქით დაგვაზიანოს. ამიტომ, ცოტა საფრთხილოა იმის წარმოდგენა, რომ თავს ვაყენებ ემოციურად საშიშ მდგომარეობაში. მზად უნდა ვიყოთ. თუმცა, თუ ძალიან მაღალი არ არის სტრესი და ისეთი, რომ გული აჩქარებული მაქვს, ცუდად ვხდები და თან გამოცდილი მაქვს, რომ წარმოსახვა ხშირად მეხმარება სხვა შემთხვევაში, ამ შემთხვევაში, კი ბატონო," - აღნიშნავს მეგი საჯაია.