საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ივნისის თვეში უაქციზო სიგარეტის უკანონოდ შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 22 ფაქტი გამოავლინეს

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ივნისის თვეში  უაქციზო სიგარეტის უკანონოდ შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 22 ფაქტი გამოავლინეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2024 წლის ივნისის თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 22 ფაქტი, რაზეც, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მიეცა 24 პირი, მათგან დაკავებულია 10 პირი.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან, ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების ჯამში 29 918 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 155 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.