რას ამბობს ბადრი ესებუას ადვოკატი ბანკიდან წაღებულ თანხასთან დაკავშირებით

ესებუა ბადრი

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ხნის განმავლობაში საქართველოში იმყოფებოდა. იყო აფხაზეთშიც, მაგრამ დიდი ხნით არა“ –  ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუას ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ განაცხადა.

მისი განმარტებით, მას შემდეგ რაც ესებუას სახელმა გაიჟღერა ბანკის ძარცვასთან დაკავშირებით, ესებუას გაუჩნდა განცდა, რომ საფრთხე ემუქრებოდა და ამიტომ იმალებოდა.

„ზუგდიდში ყაჩაღობიდან მეორე დღეს გაჟღერდა მისი სახელი, დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები და გაუჩნდა განცდა, იმის გამო, რომ თანხა იყო ბანკიდან წაღებული, შესაძლოა, ყოფილიყო დევნის ობიექტი ყველა მხრიდან, მარტო პოლიციას არ გულისხმობდა. შეიძლება ვინმეს გასჩენოდა ინტერესი და „ენადირათ“ ამ პირზე. იმის გამო, რომ საფრთხეს გრძნობდა, თავი აარიდა. მისი ძმაც დააკავეს, ნახა, რომ შურისძიება ხორციელდებოდა მის ოჯახზე და არაკანონიერი დევნა მასზე, ამიტომ გადაწყვიტა, რომ არ გამოჩენილიყო“. – განმარტავს ადვოკატი.

ამასთან, ადვოკატის თქმით, თანხასთან დაკავშირებით ესებუასთვის არაფერი უკითხავს, რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ ბანკის ყაჩაღობასთან შეხება არ ჰქონია. მისივე თქმით, ბადრი ესებუა სასამართლო პროცესს დაესწრება.

„ბრალდებული სასამართლო პროცესს აუცილებლად დაესწრება, მისი ინტერესიც არის. იქიდან გამომდინარე, რომ მისი ძმა უსამართლოდ არის გასამართლებული, დიდი იმედი არა აქვს, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ვიბრძოლოთ სამართლებრივი გზით.

რაც შეეხება, იარაღს, რომელიც ამოიღეს სამართალდაცავებმა ჯიქიების ოჯახში მისი დაკავების დროს, როგორც განმიმარტა, ეს სპორტული იარაღია და მისია, რადგან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და სჭირდებოდა თავის დასაცავად”, – აღნიშნა იოსებ ჯანაშიამ.