1732386875
რას ამბობენ კლინიკაში, სადაც 22 წლის გოგოს ოპერაციისას მაკრატელი ჩაუტოვეს
მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში 22 წლის გოგოს ოპერაციისას მაკრატელი მუცელში ჩაუტოვეს.
როგორც პაციენტის ოჯახის წევრები ამბობდნენ, გოგონას სამი თვის წინ, თბილისში ოპერაცია გაუკეთეს, ქირურგებს კი, მუცლის ღრუში, მაკრატელი დარჩათ.
კლინიკაში აცხადებენ, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით გამართლება არ აქვთ.
სამედიცინო დირექტორის განცხადებით, 22 წლის გოგოს გუშინდელმა ოპერაციამ, რომელიც მუცლის ღრუდან მაკრატლის ამოსაღებად ჩაუტარდა, კარგად ჩაიარა და ის თავს სტაბილურად გრძნობს.
„ოპერაციამ საბედნიეროდ ძალიან კარგად ჩაიარა. ცოტა ხანში შეიყვანენ ოჯახის წევრებს და აჩვენებენ პაციენტს. იმედი მაქვს, რომ მალე გავწერთ ბინაზე. რაც მოხდა ძალიან ცუდია, არავითარი გამართლება არ გვაქვს კლინიკას, მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკურად ხდება და ათას შემთხვევაში ერთი არის ხოლმე ასეთი უცხო სხეულის დატოვება ხანგრძლივი ოპერაციის დროს. ძალიან დიდი ოპერაცია გაუკეთდა პაციენტს 3 თვის წინ, 9 საათზე მეტხანს გრძელდებოდა. ეტყობა გადაიღალა პერსონალი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არანაირი გამართლება არ არის, ერთ-ერთი საუკეთესო კლინიკა ვართ და არ უნდა ხდებოდეს ჩვენს კლინიკაში ასეთი რაღაცა. ახლა ცოტა მამშვიდებს ის ფაქტი, რომ პაციენტის მდგომარეობა ნორმალურია. ძალიან კარგია, რომ არავითარი სხვა გართულება არ ყოფილა, იყო შეხორცებითი გაუვალობა, რაც გამწვეული იყო იმ ოპერაციის დიდი მასშტაბით, რაც მას ჩაუტარდა 3 თვის წინ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი შემთხვევები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი მომავალში.", - აცხადებს გიორგი ლოლაძე „ინფო რუსთავთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, 22 წლის გოგოს მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში ოპერაციის დროს მუცლის ღრუში მაკრატელი დაუტოვეს. გოგონას მაკრატლის ამოსაღებად ქირურგიული ჩარევა გუშინ, რუსთავში ჩატარდა.