რა ვიცით გენრიეტა გაგოშიძეზე, რომლის კაბინეტთან მუდამ რიგი იდგა - „მეც ქალი ვარ და ვიცი რას ნიშნავს ორსულობა“

გენრტიეტა გაგოშიძე

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რადიოლოგი, გაგუას კლინიკის ექიმი, გენრიეტა გაგოშიძე გარდაიცვალა. ექიმს ბევრი ადამიანი იცნობდა და მის კაბინეტთან რიგებიც ხშირად ყოფილა.

უკვე წლებია გენრიეტა დავით გაგუას სამშობიარო კლინიკის სახე იყო. მისი სახელი თბილისში და არა მხოლოდ, თითქმის ყოველი მეორე ქალბატონისთვის ნაცნობია. გენრიეტა  2008 წლიდან გაგუას სამშობიარო სახლის წამყვანი რადიოლოგი იყო.

თავად ქალბატონი გენრიეტა გაგოშიძე განვლილ პროფესიულ გზას ასე იხსენებდა:

„სამედიცინო განათლება რუსეთში მივიღე. თუმცა ჩემს პროფესიულ დახელოვნებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ჩემმა მუშაობამ ხარკოვის კლინიკური გენეტიკისა და პრენატალური დიაგნოსტიკის ცენტრში. მოგეხსენებათ, ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ, ამ რეგიონში ძალიან მწვავედ დადგა სწორედ ორსულობის დროს გამოვლენილი პათოლოგიებისა და განვითარების თანდაყოლილი მანკების საკითხი. კლინიკა ემსახურებოდა ხარკოვის ოლქების 3-მილიონიან მოსახლეობას და ამ მხრივ, საკმაოდ დიდი გამოცდილება დავაგროვე. საქართველოში ერთ-ერთი შვებულების დროს ჩამოვედი და სიმართლე გითხრათ, დარჩენას არც ვაპირებდი. თუმცა, ჩემი დოსიე მაინც მოხვდა რამდენიმე კლინიკაში. შემოთავაზებები იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ გადავწყვიტე, საქართველოში გამეგრძელებინა პროფესიული საქმიანობა.

კითხვაზე, რატომ იდგა მის კაბინეთტან მუდამ რიგი, ექიმი ასე პასუხობდა:

„ეს უპირველესად,  როგორც წესი, ექიმის პროფესიონალიზმითაა განპირობებული. თუმცა, პაციენტს, გარდა იმისა, რომ კვალიფიციურად უნდა მოემსახურო, მაქსიმალური ყურადღება და ემოციური მხარდაჭერაც სჭირდება. ხშირად მითქვამს, რომ სიტყვაც კურნავს და კიდევ გავიმეორებ, თანაგრძნობა ექიმისთვის აუცილებელი პროფესიული თვისება უნდა იყოს. როცა ჩემთან პაციენტი  მოდის, ვცდილობ, მის მდგომარეობაში შევიდე, ზუსტი მიმართულება ვუჩვენო. ძალიან უშუალო ურთიერთობები მაქვს მასთან და ამიტომაცაა, რომ  ერთხელ მოსული პაციენტი ყველა ორსულობაზე ჩემთან მოდის. პაციენტების  უმრავლესობას ვიცნობ, 10 წლის მერეც კი, დავინახავ თუ არა, ვიხსენებ მის ანამნეზს. ზერელედ მუშაობა არ მიყვარს… მეც ქალი ვარ და ვიცი, რას ნიშნავს: ორსულობა, შვილის მოლოდინი და შვილის გაჩენის სიხარული...“,- ამბობდა ქალბატონი გენრტიეა „თბილისელებთან“ ერთ-ერთი ინტერვიუს დროს.