რა უპასუხა ნოდარ ათუაშვილმა ზედა სართულის მეზობელს, იმ დროს, როცა დამიზნებით ხალხს ესროდა - ადგილობრივები საგარეჯოში მომხდარს იხსენებენ

საგარეჯო

კახეთის გზატკეცილის 9 ნომერში ხუთსართულიან კორპუსში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა. ადგილობრივები მომხდარს იხსენებენ და გარდაცვლილების ოჯახებს სამძიმარს უცხადებენ.

ერთ-ერთი ადგილობრივი შემთხვევის დღეს იხსენებს და ამბობს, რომ ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, ნოდარ ათუაშვილი, რომელმაც დამიზნებით 5 ახალგაზრდა მოკლა და 5 მძიმედ დაჭრა, მის ქვედა სართულზე ცხოვრობდა.

„ჩემს ხელში დაიზარდნენ ეს ბავშვები. ვინც მოკლა ის ჩემს დაბლა ცხოვრობდა ის საზიზღარი. ესენი ძალიან კარგი ბავშვები იყვნენ. ჩემი მეუღლე იჯდა, ტელევიზორს უყურებდა.. მე მეგონა, ბავშვებმა რაღაც გაისროლეს-მეთქი და თურმე ამას გაუსვრია. მერე გადაიხედა ჩემმა მეუღლემ ფანჯრიდან და შეკითხვია, ნოდარი მკვდარიაო? დიახო და ამოიხედაო და მერე შევნიშნე, რომ ხელში ეჭირა ავტომატი, თორემ მანამდე არაფერი არ დამინახავს, რომ რაღაც ეჭირაო", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.