1774906632
რა შემთხვევაში აფინანსებს სახელმწიფო სტუდენტის სწავლის საფასურს - იურისტის განმარტება
იურისტი, სამართლის ასოცირებული პროფესორი თამარ კერძაია გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საუბრობს იმ მნიშვნელოვან სიახლეებზე, რომლებიც წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის შესახებ ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ.
მისი განმარტებით, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური წარმოადგენს ახალგაზრდების მომზადება-გადამზადების პროცესს, რომლის მიზანია ქვეყნისთვის მომზადებული რეზერვის შექმნა. სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ მოქალაქეები ირიცხებიან რეზერვში და საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა მათი მობილიზება.
კანონმდებლობის მიხედვით, სავალდებულო სამხედრო გაწვევა ვრცელდება 18-დან 27 წლამდე ასაკის პირებზე. 18 წლის შესრულებისთანავე მოქალაქე ხდება სამხედრო ვალდებული და, თუ არ არსებობს გადავადების კანონით განსაზღვრული საფუძველი, ვალდებულია აღნიშნულ ასაკობრივ ზღვრამდე გაიაროს სამხედრო სამსახური.
თამარ კერძაიას თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება შეეხო შერჩევის სისტემას — გაწვევა ახლა ხდება შემთხვევითობის პრინციპით, ერთიანი ბაზიდან, ე.წ. „ლოტოტრონის“ მეთოდით.
დღევანდელი მოდელის მიხედვით, მოქმედებს სამხედრო სამსახურის სამი ტიპი: 6-თვიანი, 8-თვიანი და 11-თვიანი. ხანგრძლივობის შესაბამისად განსხვავდება ანაზღაურებაც, რომელიც საშუალოდ 800-დან 1700 ლარამდე მერყეობს. ნებაყოფლობით რეგისტრირებულ პირებს დამატებით 30%-ით მეტი ანაზღაურება ეძლევათ და მათ შეუძლიათ თავად აირჩიონ როგორც სამსახურის ხანგრძლივობა, ისე ადგილი.
იურისტის განმარტებით, ყველა წვევამდელი სარგებლობს ჯანმრთელობის დაზღვევით. ამასთან, დასაქმებულ პირებს, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, სამსახური უნარჩუნდებათ. თუ მოქალაქე საჯარო სამსახურში მუშაობდა და მისი ხელფასი აღემატება სამხედრო ანაზღაურებას, სახელმწიფო მას სხვაობას აუნაზღაურებს.
განსაკუთრებული შეღავათები ვრცელდება სტუდენტებზე. მათ აქვთ სამხედრო სამსახურის გადავადების უფლება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ სწავლის შემთხვევაში. თუმცა, თუ სტუდენტი ნებაყოფლობით გადაწყვეტს სამხედრო სამსახურის გავლას, მას უნარჩუნდება სტუდენტის სტატუსი, ხოლო სამსახურის დასრულების შემდეგ დარჩენილ სწავლის საფასურს სრულად დაუფინანსებს თავდაცვის სამინისტრო.
თამარ კერძაიას თქმით, ეს სიახლე უკვე აისახა სტატისტიკაზეც — ბოლო მონაცემებით, წვევამდელთა თითქმის ნახევარი სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით, გამოძახების გარეშე გამოცხადდა.
მისივე განმარტებით, დასაქმება არ წარმოადგენს სამხედრო ვალდებულებისგან გათავისუფლების საფუძველს, თუმცა სახელმწიფო უზრუნველყოფს სამუშაო ადგილის შენარჩუნებას. გარკვეული გამონაკლისები ვრცელდება სოფლის ექიმებსა და პედაგოგებზე, რომლებსაც სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ გადავადებით სარგებლობა.
იურისტი ასევე ხაზს უსვამს, რომ სამხედრო სამსახური მოიცავს როგორც ფიზიკურ, ისე თეორიულ მომზადებას და ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გამოცდილებაა.










