რა მოხდება, თუ დედამიწა უკუღმა ბრუნვას დაიწყებს

დედამიწა

მილიარდობით წლებია, დედამიწა საკუთარი ღერძის გარშემო იმავე მიმართულებით ბრუნავს, როგორც მზე. მაგრამ საინტერესოა, რა მოხდება, თუკი ბრუნვის მიმართულება შეიცვლება?

ჩრდილოეთ ამერიკას უდაბნოები დაფარავს; სამხრეთ ამერიკაში, ამაზონის ტროპიკულ ტყეს ქვიშის ვრცელი დიუნები ჩაანაცვლებს; ცენტრალური აფრიკიდან ახლო აღმოსავლეთამდე გადაიჭიმება მწვანე, აყვავებული ლანდშაფტი. მსგავს შედეგებზე მიუთითებს ახალი კომპიუტერული სიმულაცია, რომელიც მეცნიერებმა აპრილის დასაწყისში, ავსტრიაში, ევროპის დედამიწის მეცნიერებათა გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ შეხვედრაზე წარმოადგინეს.

სიმულაციის მიხედვით, ზოგიერთ კონტინენტზე უდაბნოები გაქრა და სხვაგან გაჩნდა, დასავლეთ ევროპა კი უსასტიკესმა ზამთრებმა წალეკა. ციანობაქტერია — ბაქტერიების ჯგუფი, რომელიც ფოტოსინთეზის გზით ჟანგბადს აწარმოებს, გამოჩნდა ისეთ ადგილებში, სადაც მანამდე არასოდეს ყოფილა. კლიმატის მარეგულირებელი უმნიშვნელოვანესი ოკეანური დინება, ატლანტიკის მერიდიანული ცირკულაცია (AMOC) — საერთოდ გაქრა და წარმოიშვა წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში.

მზის გარშემო ერთი შემოვლისას, ჩვენი პლანეტა ყოველ 24 საათში ერთ სრულ ბრუნს ასრულებს საკუთარი წარმოსახვითი ღერძის გარშემო. ეკვატორთან ამ ბრუნვის სიჩქარის მაჩვენებელი 1670 კმ/სთ-ია. დედამიწის ბრუნვის მიმართულება პროგრადულია, ანუ დასავლეთიდან აღმოსავლეთით, რაც საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებას წარმოადგენს, თუკი პლანეტას ჩრდილოეთ პოლუსის მაღლიდან დავხედავთ. სწორედ ამ მიმართულებით ბრუნავს მზის სისტემის ყველა პლანეტა, გარდა ვენერასი და ურანისა.

დედამიწის ბრუნვისას, მისი მამოძრავებელი ძალის ბიძგები და მიზიდვები ფორმას აძლევს ოკეანის დინებებს, რომლებიც, თავის მხრივ, ატმოსფერულ ქარებთან ერთად, მთელი პლანეტის მასშტაბით წარმოქმნიან ამინდის მახასიათებლებს. მაგალითად, სწორედ ამ მახასიათებლებს მიაქვთ უხვი ნალექები ტენიან ჯუნგლებში, გადატრუსული უნაყოფო ზონებიდან კი ტენი გააქვთ.

კლიმატის სისტემაზე დედამიწის ბრუნვის გავლენის შესასწავლად, ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა შექმნეს დედამიწის საწინააღმდეგო მიმართულებით ბრუნვის ციფრული მოდელი. ახალ სიმულაციაში ჩვენი პლანეტა საათის ისრის მიმართულებით, ანუ რეტროგრადულად ბრუნავს.

„დედამიწის ბრუნვის მიმართულების შეცვლისას, უცვლელი რჩება ტოპოგრაფიის ყველა ძირითადი მახასიათებელი, მაგალითად, კონტინენტებისა და ოკენეების ზომები, ფორმები და მდებარეობა, თუმცა, წარმოიქმნება გარემო პირობათა სრულიად განსხვავებული წყება ცირკულაციასა და ტოპოგრაფიას შორის ურთიერთობისთვის“, — აღნიშნავს სიმულაციის თანაავტორი, გერმანიის მაქს პლანკის მეტეოროლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი ფლორიან ცაიმენი.

მკვლევართა ცნობით, ბრუნვის ახალი მიმართულება დინებებსა და ქარებს აიძულებს კონტინენტებთან ახალი გზებით ურთიერთობას, რაც წარმოქმნის სრულიად სხვანაირ კლიმატს მთელ მსოფლიოში.

დედამიწის ბრუნვის მიმართულების შეცვლის სიმულირებისთვის, მკვლევრებმა მაქს პლანკის დედამიწის სისტემის მოდელი გამოიყენეს. მათ შეცვალეს დედამიწის ურთიერთობა მზესთან და შეაბრუნეს კორიოლისის ეფექტი — უხილავი ძალა, რომელიც მიმართულია მოძრავი ობიექტის წინააღმდეგ, მბრუნავი პლანეტის ზედაპირზე.

სიმულაციაში ბრუნვის მიმართულების შეცვლის შემდეგ, რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა კლიმატის სისტემებში.

საბოლოო ჯამში, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ საწინააღმდეგო მიმართულებით მბრუნავი დედამიწა გაცილებით მწვანეა. უდაბნოების გლობალური ფართობი 42 მილიონი კვადრატული კილომეტრიდან 31 მლნ კვ. კმ-მდე შემცირდა. ყოფილი უდაბნოების ერთი ნახევარი ბალახმა დაფარა, მეორე კი ტყეებმა. გარდა ამისა, მცენარეულობამ შეინახა გაცილებით მეტი ნახშირბადი.

თუმცა, უდაბნოები გაჩნდა იქ, სადაც ისინი მანამდე არასოდეს ყოფილა — აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთში, სამხრეთ ბრაზილიასა და არგენტინაში, ასევე ჩრდილოეთ ჩინეთში.

ბრუნვის მიმართულების შეცვლამ ასევე შეაბრუნა გლობალური ამინდის მახასიათებლები, გამოიწვია ტემპერატურული ცვლილებები სუპტროპიკებსა და შუა განედებში; კონტინენტების დასავლეთ ზონები გაცივდა, აღმოსავლეთი კი გათბა; ზამთარი გაცილებით მკაცრი გახდა ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში. ასევე შეიცვალა მიმართულება ოკეანის დინებებმა, გათბა ზღვების აღმოსავლეთ საზღვრები და გაცივდა დასავლეთ ნაწილები.

სიმულაციაში ატლანტის ოკეანიდან გაქრა AMOC-ი — დინება, რომელიც პასუხისმგებელია სითბოს მსოფლიო მასშტაბით ტრანსპორტირებაზე. მაგრამ იგივე, თუმცა ოდნავ ძლიერი დინება წარმოიშვა წყნარ ოკეანეში, რომელმაც სითბო აღმოსავლეთ რუსეთში წაიღო. ცაიმენის თქმით, ეს რაღაც უჩვეულოა, რადგან ბრუნვის შეცვლის წინა მოდელებს მსგავსი სცენარი არ უჩვენებია.

ინდოეთის ოკეანეში შეცვლილმა დინებებმა ციანობაქტერიას ამ რეგიონში გაბატონების საშუალება მისცა. ეს ბაქტერიები ამ რეგიონში ამჟამად სრულებით არ გვხვდება.

ცაიმენის თქმით, ყველაზე დამაინტრიგებელი მაინც საჰარის უდაბნოს გამწვანება აღმოჩნდა.

„ჩვენს მოდელში მწვანე საჰარის ხილვამ დამაწყებინა იმ მიზეზებზე ფიქრი, რის გამოც საჰარა ამჟამად უდაბნოა, მაგრამ ასე არ იქნებოდა საპირისპირო მიმართულებით მბრუნავი დედამიწის შემთხვევაში“, — აღნიშნავს გერმანიის მაქს პლანკის მეტეოროლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი ფლორიან ცაიმენი.