რა ხდება ქუთაისში, სადაც სტიქიამ მოსახლეობას დიდი ზარალი მიაყენა

ქარი

სტიქიის შედეგად 350-ზე მეტი შენობა დაზიანდა ქუთაისში. ასევე დაზიანდა მსუბუქი ავტომობილები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურა. ადგილზე მუშაობას აგრძელებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

„დღეის მონაცემებით, 350-ზე მეტი შენობა გვაქვს სხვადასხვა სახის დაზიანებით. 24-საათიან რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას ჩვენი სამსახურები, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ და „სოკარ ჯორჯია გაზის“ თანამშრომლები. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მათ თავდაუზოგავი მუშაობისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ამინდი მოგვცემს საშუალებას, რომ დათვლილი ზარალი გადავიტანოთ რეალურ დახმარებაში და თითოეულ მოქალაქეს მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ პრობლემები, რომლებიც მათ დღეს აქვთ“, - აცხადებს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი.