რა იწვევს კუნთების უნებლიე კრთომას... - თერაპევტის საყურადღებო გაფრთხილება

კუნთების კრთომა

ექიმი-თერაპევტი მაკა ღუწაშვილი გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ განმარტავს, რა ნიშნები შეიძლება მიუთითებდეს ორგანიზმში ვიტამინებისა და მიკროელემენტების დეფიციტზე.

მისი თქმით, განსაკუთრებით საყურადღებოა შემთხვევა, როდესაც საერთო სისუსტე არ მცირდება, არამედ დროთა განმავლობაში ძლიერდება. ამასთან ერთად, სიმპტომებს შეიძლება დაემატოს კანის სიმშრალე, აქერცვლა და ფერის ცვლილება. როგორც ექიმი აღნიშნავს, კანი ერთ-ერთი მთავარი „სიგნალის მიმცემი“ ორგანოა, რომელიც ხშირად ასახავს ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს.

მნიშვნელოვან ნიშნებს შორის სახელდება თავბრუსხვევა, გუნება-განწყობის ხშირი ცვალებადობა, ემოციური ლაბილობა და ძილის დარღვევა. მაკა ღუწაშვილის თქმით, პაციენტების ნაწილი აღნიშნავს, რომ მსგავსი ემოციური მდგომარეობა მათთვის მანამდე დამახასიათებელი არ ყოფილა — ეს კი შესაძლოა რკინადეფიციტური ანემიის ერთ-ერთი გამოვლინება იყოს.

ექიმის განმარტებით, სხვადასხვა სიმპტომი კონკრეტულ დეფიციტზეც შეიძლება მიუთითებდეს. მაგალითად, კანის სიმშრალე, საერთო სისუსტე და შრომისუნარიანობის დაქვეითება ხშირად D ვიტამინის ნაკლებობას უკავშირდება. კუნთების უნებლიე სპაზმები და ე.წ. „მოუსვენარი ფეხების სინდრომი“ კი შესაძლოა მაგნიუმისა და კალციუმის დეფიციტის ნიშანი იყოს.

ამასთან, ექიმი ხაზს უსვამს, რომ D ვიტამინის სრულფასოვანი ათვისებისთვის ორგანიზმს სჭირდება კალციუმი, მაგნიუმი და სხვა მიკროელემენტებიც.

მაკა ღუწაშვილის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ შემთხვევებსაც, როდესაც საერთო სისუსტე და ადვილად დაღლა 2-3 კვირაზე მეტხანს, ზოგჯერ კი ერთ თვეზე მეტხანს გრძელდება. ზამთრის პერიოდში, როდესაც ადამიანების კვება ნაკლებად შეიცავს თევზს, ხორცსა და ცილოვან პროდუქტებს, შესაძლოა ორგანიზმში რკინის დეფიციტიც განვითარდეს.

ექიმი მოსახლეობას ურჩევს, მსგავსი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში დროულად მიმართონ სპეციალისტს და შესაბამისი კვლევები ჩაიტარონ.