ქვეყანაში პლასტმასის კონტეინერების, ჭიქების, თეფშების, დანების, ჩანგლების, კოვზების, მომრევების, ჩხირებისა და საწრუპების, როგორც წარმოება, ისე იმპორტი იკრძალება

პლასტმასი

პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭელი თითქოს პრაქტიკული მოსახმარია - იაფი და მარტივი, მაგრამ გარემოსა და ჯანმრთელობის ზიანის ხარჯზე. სწორედ ამ ზიანის შესამცირებლად, საქართველოში პლასტმასის მოხმარება იკრძალება.

მთავრობის დადგენილებით, 1-ლი იანვრიდან ქვეყანაში იკრძალება პლასტმასის კონტეინერების, ჭიქების, თეფშების, დანების, ჩანგლების, კოვზების, მომრევების, ჩხირებისა და საწრუპების, როგორც წარმოება, ისე - იმპორტი. 1-ლი აპრილიდან იკრძალება ამ პროდუქციის გაყიდვა, უკვე 1-ლი ივნისიდან კი დაუშვებელი ხდება მათი მოხმარება.

საქართველოში ერთჯერადი პლასტიკის მოხმარების მაჩვენებელი მაღალია. სტატისტიკა მსოფლიო ბანკმა დათვალა, შედეგი კი საგანგაშო აღმოჩნდა.

პლასტმასის ჭურჭელს, რომელზეც შეზღუდვები წესდება, ყველაზე ხშირად სწრაფი კვების ობიექტები და კერძების მიტანის სერვისები იყენებენ. თუმცა ბაზარზე უკვე არსებობს პლასტიკის ჩასანაცვლებლად უფრო ჯანსაღი ალტერნატივა, რომელიც ირკვევა, რომ, გარდა სიჯანსაღისა, ტრანსპორტირებისას გაცილებით სანდოა და კერძის გემოვნურ თვისებებსაც უკეთ ინარჩუნებს.

მოთხოვნა უპირობოდ გაჩნდება ზაფხულიდან, როდესაც ერთჯერადი პლასტიკის ჭურჭლის გამოყენება სრულად აიკრძალება. მანამდე კი სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო კანონდამრღვევებისთვის სანქციების საკითხზე მუშაობს.

კანონდარღვევის შემთხვევაში, აღსრულების პროცესში ჩართული იქნება 3 სახელმწიფო უწყება: კვების ობიექტებს გააკონტროლებს სურსათის ეროვნული სააგენტო, იმპორტიორებს - საბაჟო დეპარტამენტი, ბაზრებში განთავსებასა და გადამუშავებაზე პასუხისმგებლობას აიღებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. შედეგად, მეტად დაცული იქნება როგორც მომხმარებელთა უსაფრთხოება, ისე - ქვეყნის ეკოლოგია.