„ბლუმბერგი“: კირ სტარმერი ლონდონში ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება, რათა შეიმუშაონ გეგმა, რომელიც უკრაინას რუსეთის შესაძლო აგრესიისგან დაიცავს

კირ სტარმერი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ლონდონში, სამშვიდობო მოლაპარაკებების მნიშვნელოვან მომენტში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება, რათა შეიმუშაონ გეგმა, რომელიც უკრაინას რუსეთის შესაძლო აგრესიისგან დაიცავს.

„ბლუმბერგის“ ცნობით, დაუნინგ სტრიტზე გამართულ მოლაპარაკებებს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი შეუერთდებიან.

როგორც „ბლუმბერგი“ წერს, უკრაინის ევროპელი მხარდამჭერები იმედოვნებენ, რომ თუ ისინი ამ ზამთარში კიევის მხარდაჭერას მოახერხებენ, რუსეთის ეკონომიკური სირთულეები მომავალ წელს გაუარესდება და პუტინი მოლაპარაკებებში ბერკეტებს დაკარგავს.

ამასთან, გამოცემა წერს, რომ კვირას სტარმერმა ისაუბრა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ დიკ შუფთან. საუბრის დროს ლიდერები შეთანხმდნენ უკრაინის თავდაცვისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობაზე და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ უკრაინის უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთხოებისთვის. მედიის ცნობით, უკრაინელები და მათი ევროპელი მოკავშირეები შეშფოთებულნი არიან იმით, რომ შეერთებული შტატები არ გეგმავს ევროპის ჩართვას სამშვიდობო მოლაპარაკებებში. ეს უკრაინასა და ევროპას მიანიშნებს, რომ ვაშინგტონმა უგულებელყო 23 ნოემბრის ჟენევის მოლაპარაკებების შედეგები ევროპელებს, ამერიკელებსა და უკრაინელებს შორის, რომელთა მიზანი იყო „სამშვიდობო გეგმის“ საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობაში მოყვანა და ყველაზე პრობლემური დებულებების ამოღება.